THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ბომბორას უმწეობა

ჭაბუა ამირეჯიბი

გლეხმა ბომბორა ქოფაკი მოიყვანა, სახლსა და კარ-მიდამოს მიუჩინა, ფხიზლად იყავი, აქაურობა შენთვის ჩამიბარებიაო. აივნის ქვეშ ცხვრის ტყავი დაუგდო, იმ ცხვრის ტყავზე დააბინავა.
ბომბორა ამტანი, უშიშარი და დინჯი იყო, ვინც ამტანი, უშიშარი და დინჯია, ის უეჭველად მოკრძალებული და თავაზიანიც არის,
რახან ბომბორას ლმობიერი ხასიათი დაინახეს, შინაური ცხოველები თანდათან გაუთამამდნენ.
ერთ დილას ბომბორა ეზოდან გავიდა, მიდამო მივყოს-მოვყნოსო, ღამით ნადირმა ხომ არ მობედაო.
როცა დაბრუნდა, ცხვრის ტყავზე მოკალათებული გრძელდინგიანი ღორი და გოჭები ნახა. ღორმა ქვევიდან ამოხედა, მუქარის კილოზე დაუღრუტუნა. ბომბორა ვერაფერს მიუხვდა, გაბრუნდა, შორიახლოს წამოწვა. თავი თათებზე დადო და იმის ფიქრს მოჰყვა, საბრალო ღრუტუნას ნეტავი რა გაუჭირდა, რომ ჩემს ლოგინზე დაწოლა უნებებიაო. ღორმა ძაღლს აბუჩად გადახედა და გოჭებს დაუღრუტუნა, ხედავთ, ეს ბომბორა ქოფაკი რა ადვილი შესაშინებელი ყოფილაო!
ღორი იყო და სხვას რას იტყოდა.
იქვე ინდაური ჭუკებს ნაბოსტნარში ქექვას ასწავლიდა. ყველაფერი დაინახა. იფიქრა, ტურტლიანმა დედა ღორმა ამ ვეება ქოფაკს თუ ასეთი შიში აჭამა, მე რა ღორზე ნაკლები ქალი ვყოფილვარო!
ჭუკები ბომბორასთან მიიყვანა. ქექვა-ქექვით შემოეხვივნენ, ვითომდა აქ არც არავინა წევს და ვერც ვერავისა ვხედავთო.
ბომბორას თავისი საფიქრალი ჰქონდა, ჭუკებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
ინდაურმა დაინახა, ბომბორა კრინტს არ სძრავს; წამოიწია, გაიფხორა და ბრაზიანად დაუკულკულა, ადე, გაგვეცალე, ხომ ხედავ, გვიშლიო!
ბომბორას გაუკვირდა, წამოდგა, გაიზმორა, ათიოდე ნაბიჯი გაიარა. დაწვა, თავი თათებზე დადო და იმის ფიქრს მოჰყვა, ამ ყოყლოჩინა ინდაურს ჩემს ნაწილზე რა ისეთი საგანგებო ასაკენკი უნდა ეგულებოდეს, რომ ასე უდიერად წამომაგდოო!
ინდაურმა ბომბორას ამპარტავნულად გადახედა და ჭუკებს დაუკულკულა: ამ ვეება ქოფაკს კუდი მეც ხომ ამოვაძუებინე. აჰა, თუ ღორზე ნაკლები ქალი ვყოფილვარო!
ინდაური იყო და სხვას რას იტყოდა.
კრუხმა თქვა, მეც მნახეთ, როგორი დედაკაცი ვარო! წიწილები ბომბორასთან კრიახ-კრიახით მილალა. აბა. შვილებო, ავსკუპდეთ, ამ ქეციანი ძაღლის ბალანიც მივქექ-მოვქექოთო. შეახტა ბომბორას კრუხი, მიჰყვნენ წიწილები. ზოგმა ”სამაია” და ”უზანდარა” იცეკვა, ზოგმა ”ხორუმი” და ”ხანჯლური” დასცხო.
კრუხი ფრთებით ტაშსა სცემდა და წიწილებს დაკუტკუტებდა: მიდით, შვილებო, იმხიარულეთ. ეს მძორი თუ განძრეულა, თვალებს სათითაოდ ამოვკორტნიო!
ბომბორა განაბაული იწვა და ფიქრობდა, ახი არ იქნება, წამოვხტე და ამათი ბუმბულის კორიანტელი დავაყენოო! წამოხტებოდა კიდეც, მაგრამ წიწილები შეებრალა, პატარები არიან, დაშინდებიან, გაიხარონ, რა მენაღვლებაო.
წიწილები ცეკვას მორჩნენ. კრუხმა თავის შვილებს მაგალითი მისცა და ბომბორას ქურქი თვალის დახამხამებაში მოისვარა.
ქოფაკი დაფეთებული წამოვარდა, აკრიახებულ კრუხ-წიწილას ძუნძულით გაეცალა. სახლის წინ მოხერხებული ადგილი იპოვა. წამოწვა, თავი თათებზე დადო და იმის ფიქრს მოჰყვა, საქმე რა თავხედებთან მქონიაო.
კრუხი თავის წიწილებში ტრიალებდა და კაკანით კვდებოდა: ამხელა ქოფაკი სულ გვერდულად ვაძუნძულე. აჰა, თუ ღორზე და ინდაურზე ნაკლები დედაკაცი ვყოფილვაო.
ქათამი იყო, სხვას რას იტყოდა.
ბობმორამ იფიქრა, ამ თავგასულებს ჭკუა თუ არ ვასწავლე, არაფრით არ შეიძლებაო. ღორს დააცხრა, ის გრძელი დინგი წააკვნიტა. კრუხსა და ინდაურს გამოეკიდა. ვინ წინა და ვინ უკანა. კარ-მიდამო შვიდჯეერ შემოარბენინა. გული იჯერა, აივნის წინ წამოჯდა, დოინჯი შემოიყარა და დაიყეფა, აღარაფერი გამიბედოთ, თორე, ამაზე უარეს დღს დაგაყენებოთო!
დაზარალებულები განაწყენდნენ. პირი შეჰკრეს, პატრონთან იჩივლეს, ეს სისხლისმღვრელი ბომბორა მოგვაშორეო.
რათაო?
მომჩივნებმა საქმის ვითარება უამბეს.
პატრონმა მიუგო, ბომბორას მოკრძალება და თავაზიანობა რომ სისუსტეში და უმწეობაში ჩამოართვით, უარესის ღირსიც ყოფილხართ, თქვე ბრივყებო, თქვენაო!
ღორს უთხრა, შენ სასჯელად ისიც გეყოფა, რომ დინგი წაგაკვნიტეს, და ამას იქით პაჭუა ცხვირთ უნდა იყოო. ინდაური და კრუხი ბაზარზე გაიყვანა და გაჰყიდა, თუ ამ წესიერ ბომბრასთან საერთო ენა ვერ გამონახეთ, ეგეც თქვენაო!