THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლიდია მეგრელაძე


ჩემი ბურთი


დიდი არის ჩემი ბურთი,
დიდი ვებერთელა,
ოთხი ციდა მუცელი აქვს,
ჩემი მკლავის ხელა.


ხელს დავკრავ და აფრინდება,
გაგორდება - როგორ;
გუშინ თავი გაუტეხა
მეეზოვის გოგოს.


ამაგლიჯეს ჩემი ბურთი,
დაახალეს მიწას,
მაგრამ იცით, როგორც გიჟი,
წამოვარდა იმწამს.


გადმოგორდა, დაეძგერა
დიდი ფანჯრის მინას
და ზედ ცხვირზე დაასკუპდა
ჩემს ბებიკოს მძინარს.


წამოვარდა ჩემი ბებო:
„ქურდი“, „ქურდი“, „ქურდი!..“
ქურდის ნაცვლად ხელში შერჩა
ჩემი კოტხა ბურთი!