THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



წელიწადის შვილები

გიორგი ჯინჭარაძე

წელიწადმა თქვა: ამ ხნისა მოვიყარე, იმას კი ვერ ვეღირსე, ჩემი შვილები სადმე ერთად მენახაო.
ზის ლოდზე ჯაფით დაღლილი წელიწადი და ფიქრობს: ავდგები, მთელ დუნიას მოვივლი და შვილებს თავს ერთად მოვუყრიო.
თქვა და კიდეც გაფრინდა საძებნელად. ჯერ ჩრდილოეთით იფრინა, იფრინა, იფრინა და ყინულების სამეფოში დაეშვა. მიიხედ-მოიხედა, ყინულის გორაზე ჩამოჯდა. ზის და იცდის. ისეთი ყინვაა, ძვალ-რბილში ატანს. ერთიც ვნახოთ და, ზამთარი გამოჩნდა. დაინახა მამამისი და ისე გაუხარდა, ჩაბნელებული ზეცა სულ მტრედისფრად ააციალა. წელიწადს თვალი მოსჭრა ჩრდილოეთის ციალმა.
- გამარჯობა, შვილო! როგორა ხარო?
- გაგიმარჯოს, მამაჩემო, - უპასუხა ზამთარმა, - როგორა ვარ და შენს დანაბარებს ვასრულებ, ქვეყანას თეთრ საბანში ვხვევო.
- შენი და-ძმა - გაზაფხული ან შემოდგომა ხომ არსად გინახავსო.
დაფიქრდა ზამთარი, თითქოს რაღაც შორეულ ამბავს იგონებდა.
- გაგონილი კი მაქვს, რომ ჩემი და-ძმანი არიან, მაგრამ ჩემს დღეში არ შემხვედრიანო.
ამ მხარეში საწადელს ვერ ვეწევიო, - გაიფიქრა წელიწადმა, შვილს გამოემშვიდობა და ახლა სამხრეთისაკენ გაფრინდა. ტყის პირას ერთ მინდორზე დაეშვა. ისეთია იქაურობა, სულ ბიბინებს და ხასხასებს. მიიხედ-მოიხედა ნასიამოვნებმა წელიწადმა და უცებ დაინახა: ტყიდან გაზაფხული მობრძანდება. თვალი მოჰკრა მამას და გაიღიმა. გაიღიმა და მაღალ ხის კენწეროებს შორის აჭიატდა მზე, მზის ლაქები ფოთლებზე აცეკვდნენ, თითქოს ციყვები დახტიანო. ტოტიდან ტოტზე გაბმული ობობას ქსელიც აბრჭყვიალდა, ტყეს მოფენილი თხელი ნისლი კი დაბლა-დაბლა დაეშვა.
- გამარჯობა, ჩემო ასულოო! - მიესალმა წელიწადი გაზაფხულს, - რასა იქ, როგორა ხარო?
- გაგიმარჯოს, მამაჩემო! - უპასუხა გაზაფხულმა, - შენს დანაბარებს ვასრულებ, ქვეყანას ვქარგავო.
- შენი და-ძმანი - ზამთარი, ზაფხული ან შემოდგომა ხომ არსად გინახავსო?
- შემოდგომა ჩემს დღეში არ მინახავს. ის კი გამიგია, ჩემი ძმა ყოფილაო.
- მაშ, არც ზამთარი და არც ზაფხული გენახვებაო?
- როგორ არა, ზამთარი რომ მიდიოდა, მე - მოვდიოდი, ზაფხულიც მაშინ მოვა, მე რომ წავალო. ვნახულობთ ერთმანეთს და ვერც ვნახულობთო, - დრო ცოტა გვრჩებაო.
ვერც ამ მხარეში ვეწევი საწადელსო, - გაიფიქრა წელიწადმა, შვილს გამოემშვიდობა და გაფრინდა. სულ სამხრეთით იფრინდა და ერთ ტრამალზე დაეშვა. კინაღამ ზედ არ დაეგო უცნაურ ხეს - კაკტუსს, მაგრამ ბედად მშვიდობით გადარჩა. წელიწადი პალმის ქვეშ ჩეროში ჩამოჯდა. ზის და ფოთლით სახეს იგრილებს. შორიახლო კი ტყე მოჩანს, ისეთი ხშირი და ბნელი, თვალით ვერ შეაღწევ. ვნახოთ და, სწორედ ამ ტყიდან გამოდის ზაფხული. დაინახა მამამისი და გაიღიმა.
- გამარჯობა, ჩემო ასულოო! - მიეგება წელიწადი. - რასა იქ, როგორა ხარო?
- გაგიმარჯოს, მამაჩემო! - მიუგო ზაფხულმა, - შენს დანაბარებს ვასრულებ. ხომ ხედავ, ქვეყანას ალმურს ვადენო.
- იქნება მითხრა, შენი და-ძმა - ზამთარი, შემოდგომა ან ზაფხული შეგხვედრია თუ არაო?
- გაგონილი კი მაქვს, და-ძმა რომ მყავს, მაგრამ ჩემს დღეში არ შემხვედრიანო.
გასავათებულმა წელიწადმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და გზას დაადგა. სად არ იფრინა, სად არ იარა, ხან აღმოსავლეთით, ხან დასავლეთით, მერე ისევ ჩრდილოეთი და სამხრეთი მოიარა, მაგრამ ვერა და ვერ ეწია საწადელს. კარგად რომ დაიქანცა, ერთ მაღალსა და თოვლიან მთაზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა.
- ეჰ, ისევ ზამთარს ვწვევივარო! - თქვა დაღონებულმა და უფრო მოიწყინა. ზამთრის ყინვამ, ცოტა არ იყოს, ბებერი ძვლები გაუთოშა ჩვენს წელიწადს. - რა უბედური ვყოფილვარ, - ჩაჰკიდა თავი.
ამ წუხილში რომ იყო, მთამ ნისლი გადაიყარა და ცა მოკრიალდა. წელიწადმა ძირს ჩასვლა მოინდომა, გადაიხედა და გაოცდა: დასავლეთით მზეზე ლურჯად მოლაპლაპე ზღვამ მოსჭრა თვალი. ნარინჯი, თურინჯი, ჩაის მწვანე ბუჩქები და, რა ვიცი, რა არ დაინახა: როცა ზღვაში მობანავე გოგო-ბიჭებსაც მოჰკრა თვალი, უფრო გაიხარა წელიწადმა.
ძირს ნამდვილი ზაფხული იდგა.
შუაზამთრიდან ზაფხულის მაცქერალი წელიწადი გაიბადრა. ეს ორი შვილი მაინც ხომ ვნახე ერთად შეყრილიო, - თქვა და ქვეყანას თვალი მოავლო. მოავლო და რას ხედავს: აღმოსავლეთით და სამხრეთით ტყეს ოქროსფერი, მეწამული, მომწვანო, მოლურჯო, ყვითელი, ნარინჯი და ათასნაირი ენით უთქმელი ფერი დასდებია. ზოგან ისევ სიმწვანეშერჩენილ ველებს შორის გზებზე ხილით, ბოსტნეულით და ყურძნით დატვირთული მანქანები მისრიალებდნენ.
- ჩემო პურადო ვაჟკაცო, შენც აქ ყოფილხარო! - დაუყვირა შემოდგომას სიხარულით აცრემლებულმა წელიწადმა, წამოხტა ყმაწვილკაცივით და ბარისაკენ დაეშვა. ირბინა, და უცებ შედგა - სირბილში თოვლიანი გზა მოთავებულიყო და ახლა მოლი რომ დაინახა, გაუკვირდა. კორტოხებზე დაბალი ხის კორომები პაწაწინა ფოთლებს აშრიალებდნენ.
- ამას რას ვხედავ, გაზაფხულიც აქ ყოფილაო! - წელიწადს სიხარულით სული შეეგუბა და ანაზდად ახედა ციცაბო მწვერვალებს, წეღან რომ ყმაწვილივით ჩამოირბინა. იმ მარადთოვლიანი სამეფოდან ზამთარი ღიმილით გადმოსცქეროდა გახარებულ მამას.
ამ დროს ცაზე პატარა ღრუბელი გამოჩნდა. მზემ შიგ გამოატარა სხივები და შხაპუნა წვიმა დაუშვა.
მზე პირს იბანდა.
ბალღივით გახარებულმა წელიწადმა თავ-პირი შეუშვირა წვეთებს და სიხარულით დავლურიც დაუარა.
წელიწადი საქართველოში ცეკვავდა.