THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ილია სიხარულიძე

აიწონა - დაიწონა
აგერ ჯირკი, ზედ ფიცარი,
აქეთ ვანო, იქით - ნონა,
დასკუპდნენ და ააქანეს:
აიწონა - დაიწონა.


ერთი, ორი! ერთი, ორი!
აღმა-ვანო, დაღმა - ნონა,
ადიან და ჩამოდიან,
აიწონა, დაიწონა!


რა კარგია ასე ფრენა,
დახეთ, ცელქებს მოეწონათ:
ადიან და ჩამოდიან,
აიწონა, დაიწონა.


ერთი, ორი! ერთი, ორი!
აღმა - ვანო, დაღმა - ნონა!
ადიან და ჩამოდიან,
აიწონა-დაიწონა!


ხურო
კაკ-კუკ! კაკ-კუკ!
მე ვარ ხურო,
სახლს ვაშენებ,
კი არ ვხუმრობ!
ჰა, კედლები ავიყვანე!
ახლა უნდა გადავხურო!
კარგად ვიცი ფიცრის გათლა,
რანდვა, ხერხვა, შალაშინი.
ვინც ხელობას დაეუფლა,
შრომა არის მისთვის ლხინი!
კაკ-კუკ! კაკ-კუკ!
მე ვარ ხურო!
სახლს ვაშენებ,
კი არ ვხუმრობ!
კედლები მთლად ავიყვანე,
ახლა უნდა გადავხურო!


ამ პატარას, იმ პატარას!
აგერ ვაკე მინდორია,
ხეები დგას ირგვლივ ჯარად,
წრე შეუკრავთ პაწაწინებს,
წრეში მწკრივად ჩამომდგარან.
ისმის ტაში, მწყობრი ტაში,
ტრიალებენ, როგორც ჯარა, -
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
გამოუხტა ოთარიკო
და ქართული დაუარა,
ფეხებს ისე ათამაშებს,
მიწას არცკი წააკარა;
მზეხათუნა მასთან ცეკვავს,
გადაიქცნენ ნიავქარად, —
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
ქართულს მოჰყვა ბაღდადური,
დავლური და განდაგანა!
ცეკვაში რომ სხვას ჩამორჩეს,
მათში არის ვინმე განა?
გიამ ნუნუ ათამაშა,
რეზომ - მზია და მანანა, -
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
ტაში, ტაში, ტაში, ტაში!
ყველამ ფეხებს აუჩქარა,
ტრიალებენ მხრებგაშლილი
ჩიტუნების დასადარად;
მზე მაღლიდან დაკაშკაშებს
პატარების გასახარად, -
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “