THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ვატო და ჩიტი

ქეთევან ჭილაშვილი


ვატო შინ აკანკალებული შემოვიდა.
- კიბეზე მშვიდად უნდა ამოხვიდე, - შენიშნა ბებომ და სიტყვა პირზე შეაცივდა.
ბიჭუნას სახეზე ფერი არ ედო.
- იტკინე რამე? - აფორიაქდა ბებო.
ვატომ თავი გააქნია.
- აბა, რამ შეგაწუხა? - ბებომ შვილიშვილი სავარძელში ჩასვა და წყალი დაალევინა.
- ღმერთი დამსჯის? - ვატომ ალალი თვალები მიაპყრო ბებოს.
- რატომ უნდა დაგსაჯოს, ანგელოზი ხარ, გენაცვალე, - მიეფერა ბებო.
- ბარტყი მოვკალი, - ამოილუღლუღა ვატომ.
- მოკალი?- გაოცდა ბებო.
- არა, აი ხისქვეშ ეგდო, პირს აღებდა, ავიყვანე, ბუდეში მინდოდა ჩამესვა, მაგრამ ვერ ვიპოვე, არც ერთ ხეზე არ იყო... ამასობაში მოკვდა...
ვატოს გული ამოუჯდა.
- წუხელ ქარმა თუ გადმოაგდო ბუდიდან, - შეწუხდა ბებოც.
- ბებო, ღმერთი ხომ დაინახავდა, ბუდეს რომ ვეძებდი? - პასუხის მოლოდინში გაიცქნაფა ბიჭუნა.
- უფლის თვალს რა გამოეპარება! - პირჯვარი გადაიწერა ბებომ.
-იმასაც დაიანხავდა, არა ბებო, ბარტყი მიწაში რომ ჩავფალი და ფოთლები მივაყარე, კატამ არ მიაგნოს-მეთქი.
- უსათუოდა, იდიდოს მისმა სახელმა, დაგლოცავდა კიდეც, - თავზე ხელი გადაუსვა ბებომ ვატოს.
ვატოს გულზე მოეშვა, ლოყები შეუფაკლდა...
ბებომ შანდალში სანთელი ჩაამაგრა, ვატომ აანთო.
ოთახის სიმყუდრვეში უჩუმრად იწვოდა პაწია სანთელი...