THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ალეკო შენგელია

გამარჯობა, სოფელო!
ზურმუხტად გადახატულო
და გულის დამატკბობელო,
შენ, გამარჯობა, სოფელო,
ამწვანებულო სოფელო!


თქვენ, გამარჯობა, ველებო,
მთებო, თეთრნაბდიანებო,
ბარაქიანო ყანებო,
ყანებო, ოქროს ყანებო!


მოვდივარ გახარებული,
მოვდივარ გალაღებული,
დამხვდით ჩანჩქერთა გუგუნით,
მინდვრად ქედნების ღუღუნით;


წისქვილის ტკბილი ზღაპრებით,
ნისლის გაშლილი აფრებით,
დილით ცვარ-ნამის ვერცხლითა,
ცაში გაჭრილი მერცხლითა...


მოვდივარ გახარებული,
მოვდივარ, არ ვგვიანდები,
ამინთეთ, ამიჩირაღდნეთ
ფერადი განთიადები!..


ნახვამდის, სასწავლებელო,
კვლავ ჩქარა დაგიბრუნდები,
რომ დავეწაფო სწავლასა,
რომ გასახელო ხუთებით.


მერცხალი
მერცხალო, ჩემო მერცხალო,
ენაჭიკჭიკა დაია,
საიდან მოხველ, მითხარი,
რა სიტყვა მოგიტანია.


მამა თუ ნახე გზაზედა,
მტერს როგორ ჰკაფავს ვაჟკაცი,
იქნება ელვა გეგონა
მისი მჭრელი ხმლის კაშკაში.


მითხარი, რაზე ჭიკჭიკებ,
მასწავლე შენი ენაო,
მე მამა დამბრუნებოდეს,
შენ - სიცოცხლე და ლხენაო!


პეპელა
ჩემი ლამაზი პეპელა
დამიფრთხო ფისუნიამა,
მოსწყდა ყვავილს და უმალვე
შორს გაიტაცა ნიავმა.


გაფრინდა, აღარ მოფრინდა.
ნეტავ ვიცოდე, სად არი,
ვეძებ, ვეღარსად ვიპოვე
პეპელა მისი სადარი.


გიყვარდეს წიგნი
გიყვარდეს წიგნი - ძვირფასი განძი,
ცოდნის სარკე და ბუნების კარი,
მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ
და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი!


გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა
ჯარისკაცები - ანბანთ კრებული,
ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს,
ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული!


გსურს ასახელო მშობელი მხარე,
მას ემსახურო საქმით და ფიქრით?
ამისთვის წიგნი აგიხელს თვალებს,
ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი!


გიყვარდეს წიგნი! - გონების თვალით
რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას!
გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი
ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება!