THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



იორამ ქემერტელიძე

ახალი წლის ღამე ტყეში
ტყეში კი ცხოვრობს კურდღელი,
დათვი, მგელი და მელია, -
მაგრამ ტყე მაინც ტყე არის,
ტყეში ცხოვრება ძნელია.
და ჩვენმა თოვლის პაპამაც
ტყეს გადუფრინა ვერტმფრენით
ბლომად ჩაყარა ბლომად ჩაყარა
ამანათები ჭრელ-ჭრელი...


შეიქმნა ერთი ამბავი,
ჯგლეთა და გაწამაწია
ამანათები ჭრელ-ჭრელი
სუყველამ დაინაწილა.
არ იტყვით, რომელს რა შეხვდა?
აი, თუ გინდათ, სეირი:
მგელს - თივა,
მელას - სტაფილო,
კურდღელს - მწვადები ჯეირნის,
ზარნაშოს - კროლა კაკლები,
სპილოს - კატლეტი წვრილ-წვრილი,
დათვს - გირჩით სავსე ტომარა,
ციყვს - სულ წითელი პილპილი.
აბა, რად უნდა მგელს თივა,
დათვს - გირჩა მთელი ტომარა!
ყველა მშიერი რჩებოდა,
ჩვენი მელია რომ არა.
მელამ თქვა: “რად მინდა,
რა თავში ვიხლი სტაფილოს,
უნდა დავწერო წერილი,
კურდღელთან უნდა ვაფრინო”.
დაჯდა დაწერა: “კურდღელო,
გილოცავ ახალ წელიწადს
და ამ სტაფილოს გიგზავნი
ჩემი ლეკვუნას ხელითა.
დამიბერდი აგრე ტკბილად,
გაგითენდეს კარგი დილა!”
აუჩუყდა კურდღელს გული,
ცას ეწია სიხარულით…
მერე იმანაც იფიქრა:
“რა თავში ვიხლი მწვადებსო,
მე მწვადი მქონდეს სახლში და
მგელი მშიერი გვყავდესო?!”
დაწერა: “მგელო, მგელუკავ,
გილოცავ ახალ წელიწადს,
ჯეირნის მწვადებს გიგზავნი
ჩემი ბაჭიას ხელითა.
დამიბერდი აგრე ტკბილად,
გაგითენდეს კარგი დილა!”
აუჩუყდა მგელსაც გული,
ცას ეწია სიხარულით…
მერე იმანაც იფიქრა:
“რა თავში ვიხლი თივასო,
თხას გავუგზავნი, ეგება,
წლის დადგომამდე მოვასწრო”.
დაწერა: “წვერებცანცარავ,
გილოცავ ახალ წელიწადს
და ქორფა თივას გიგზავნი
ამ ჩემი ლეკვის ხელითა.
დამიბერდი აგრე ტკბილად,
გაგითენდეს კარგი დილა!

მიუკითხა იმან იმას,
ამან-ამას, იმან-ამას,
იყო ერთი სიხარული,
ქეიფი და სმა და ჭამა;
აუჩუყდა ყველას გული,
ცას ეწიენ სიხარულით...
იმ ახალწლის წინა ღამეს
ყველამ კარგად მოილხინა,
ტყეში თოვდა, ფანტელები

მოდიოდა ფთილა-ფთილა,
და მხეცები - მტაცებლები
ერთმანეთს რომ ჭამდნენ წინათ, -
შინ ისხდნენ და ერთმანეთის
სადღეგრძელოს სვამდნენ ტკბილად.
ჰო, მართლა! ჩვენი მელიაც
არ დრჩენილა ნაწყენი:
თხამ რომ მიიღო თივა და
ბარათი მგლისგან ნაწერი -
აუჩუყდა მასაც გული,
ცას ეწია სიხარულით...
მერე დაწერა: “მელიავ,
ვხედავ, მტრობის დრო წასულა!
აი, მგელი რო მგელია, -
თივა მომართვა ხრაშუნა,
თურმე სულ შენ ხარ, რაცა ხარ,
გილოცავ ახალ წელიწადს,
რძესა და კარაქს გიგზავნი
ჩემი თიკანის ხელითა!”