THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნატბევის ჭალა

გოდერძი ჩოხელი

ბუსარჭილის ფერდობზე ზაფხულობით სათიბებს იცავენ გუდამაყრელები. წითელ-წითელი ყვავილებით მოიქარგება ხოლმე ნატბევის ჭალა. ნატბევის ჭალის შუაგულში ბუერები ამოდიან და ქოლგებივით დგანან მთელ ზაფხულს. როცა წვიმს, ბუერების ქვეშ, ნატბევის თაგვები დარბიან და უხარიათ, რომ თვითონ მშრალად არიან, ბუერების ფოთლები იმათ სოროებამდე არ უშვებს წვიმას. ბუერები ქორისაგან და სხვა ფრინველებისგანაც იფარავენ თაგვებს, ხოლო როცა მოწმენდილ ცაზე მზე კაშკაშებს, თაგვების ქვეყანაში სასიამოვნო ჩრდილია, მზის სხივები აქა-იქღა თუ ჩამოიჭვრიტებიან სეტყვისაგან დახვრეტილ ბუერის ფოთლებში. ასეთ დროს ერთი დიდი ბუერის ქვეშ შეიკრიბებიან ხოლმე თაგვები და ბჭობენ.
ბუერების გვერდით პატარა ნაკადული ჩამოდის და ნატბევის ჭალის თაგვებს საბანაოდ შორს არ უხდებათ წასვლა.
საბანაო ადგილები დანაწილებული აქვთ: სულ სათავეში ხნიერი თაგვები ბანაობენ, იმათ ქვემოთ წრუწუნები, ხოლო კარგა მოშორებით ხშირ ბუერიანში მანდილოსანი თაგვები. მთელ ზაფხულს განცხრომაში ატარებენ: მართავენ დაბადების დღეებს, ნათლობებს, ქორწილებს. მთელ ამ თაგვთა საკრებულოს განგებს თაგვი ჭოლა. ეს თაგვი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და იმის სიტყვას წყალი არ გაუვა სათაგვეში. ეს ადგილი კიდე იმით არის საიმედო, რომ ბუერებს არ თიბავენ გუდამაყრელები და თაგვები ზოგჯერ აქედან კანკალით გაჰყურებენ სათიბებში გაელვარებულ ცელებს.
_ აბა, ქალებო, სათიბებში არ გაუშვათ წრუწუნები! აფრთხილებს ასეთ დროს თაგვი ჭოლა მანდილოსნებს და წრუწუნებიც, რაკი ყვავილებში სირბილს უშლიან, მთელ დღეებს ნაკადულთან ატარებენ: ჭყუმპალაობენ, სწუწავენ ერთურთს, ხანდახან ჩაჰყვინთავენ ხოლმე, მწვეტ ხვირებს ნაკადული ფსკერს დაანაბრებენ და ასე გაჩერებულები ეჯიბრებიან, ვინ რამდენ ხანს გაძლებს, რომ არ ამოისუნთქოს. მარტო გაფშეკილი კუდები აქვთ წყლიდან ამოშვერილი.
სათიბებში კი ცელები წკრიალებს და დიდი თაგვები ამ დროს სარჩოს ეზიდებიან სოროებში.
შემოდგომაზე აქ დამზადებული თივა გუდამაყრელებს მანქანით მიაქვთ ქვემოთ სოფელში. ზაფხულობით, როცა ხშირი წვიმებია, მანანის გზას არაგვი ხრამავს ხოლმე და ყოველ შემოდგომაზე ხელახლა უწევთ ბულდოზერით გზის გაკეთება.
გაითიბა ბუსარჭილის ფერდობი, ააგეს თივები და ნატბევის ჭალაში ჩამოათრიეს.
დადგა მშვიდი, მზიანი შემოდგომა. სამანქანე გზა ვანის კარამდე მოიტანა ბულდოზერებმა და ერთ შემაღლებულ გორაზე გაჩერდა, რომ კარგად გამოჩენილიყო. ყოველთვის აქ აჩერებს მძღოლი, ხოლო როცა ხალხი გზის საფასურს გაიღებს ხოლმე, ნატბევის ჭალისაკენ თუხთუხით მიდის ბულდოზერი.
იმ შემოდგომაზე კი დიდხანს იდგა შემაღლებულ გორაზე. ხალხი მზიანმა ამინდებმა წაიტყუა და თითქმის დაავიწყდათ, რომ თივა უნდა წაეღოთ აქედან, ხოლო ამისათვის გზა იყო საჭირო. მზიანი დღეები ყვითელ მძივივით აესხა შემოდგომის ფერწასულ ძაფზე და გუდამაყრელებს ზამთრის მოახლოვება გადაავიწყდათ. ისინი იშვიათად თუ გაიხედავდნენ იქეთ, სადაც ბულდოზერი იდგა შემაღლებულ გორაზე.
მზიანი დღეა ნატბევის ჭალაში, თაგვთა საკრებულოს ბჭობა აქვს გამართული დიდი ბუერის ქვეშ, თაგვი ჭოლა საფიხვნოს თავში ზის და შორს იყურება.
_ შიოლას ხედავთ, რას შვრება!? _ იძახის ჭოლა და ულვაშებში ეცინება, თან კუდი აქვს წინ წამოკეცილი, ირანის შაჰივით ფეხმორთხმით ზის.
ყველანი იქეთ იყურებიან, შიოლას ადევნებენ თვალს, _ შიოლა ზანტად მუშაობს, მთელი ზაფხული ნათიბი ერთად მოუგროვებია, ძირს უზარმაზარი ხალა დაუდვია და ეტყობა, უზარმაზარ თივას აგებს.
_ ეგეთი ზარმაცი კაცის მნახველი არა ვარ, _ იძახის თაგვი ბუბა და გულიანად იცინის.
_ ჩუმად იყავ, ემანდ შენი სიცილი არ გაიგონოს, _ ხავერდის ხალათის კალთაზე ეზიდება ბუბა თაგვს ცოლი.
_ გაიგონოს თორე, ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრას, აქ მე თაგვი ვარ თუ ნაბდის ძველი. ეგ სანამ აქ მოვა... _ ამბობს ხმამაღლა თაგვი წარბა, ახალგაზრდა, მოსული, მხარბეჭიანი და ვაჟკაცური შესახედაობის მქონე ჯიელი.
_ სანაძლეოს დავდებ, ემაგ შიოლას ამ ზამთარ ეგ თივა არ დარჩება. _ ამბობს ჭოლა თაგვი.
_ მეც ეგრე მგონია, _ კვერი დაუკრა წიოკამ, მანდილოსნების საკრებულოდან.
_ დარჩება და ჩვენთვის, გასახარო, _ თქვა ჭოლა თაგვმა მრავალმნიშვნელოვნად. ბევრმა კი ვერ გაიგო ნათქვამის ქვეტექსტი, მაგრამ ბევრს სიამოვნების ღიმმა გადაუარა სახეზე.
_ მარტო მაგას კი არა, თუ დროზე არ მაიტანეს მანქანის გზა, შეიძლება ყველას აქ დარჩეს თივები, განა სუ ესეთი მზე იქნება, საცაა ჩამოთოვს და მერე უყარონ კაკალი, _ თქვა ჭოლას გვერდით მჯდარმა თაგვმა, ზედმეტსახელს ხავერას რომ ეძახოდნენ თაგვები. ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ ახალგაზრდობაში ძალიან უყვარდა ლამაზმან თაგვებთან დროსტარება.
_ არ ტყუის ხავერა, სადაცაა თოვლი მოვა. წინაპრებისაგან გამიგონია, შემოდგომაზე სითბოთი მოვა თოვლი, გაზაფხულზე სიცივითაო, ხედავთ, როგორ დათბა, _ თქვა ბუბუ თაგვმა.
ესენი ლაპარაკში იყვნენ, ვანისკარის გორაზე რომ ბულდოზერი ათუხთუხდა და ნატბევის ჭალისაკენ წავიდა მძიმედ, ბორბლების ღრჭიალითა და ქშენით.
_ აბა, ბიჭებო! სიფრთხილეს თავი არ სტკივა, სოროებში დაიმალენით, აქეთ წამოვიდა ი მხეცი, _ ფეხზე წამოდგა თაგვი ჭოლა.
_ წამოვიდა, თორე მაგანაც ყურებზე ვანილი არ მომაყაროს, რაღა! _ ამაყად თქვა მხარბეჭიანმა თაგვმა წარბამ. ქალებმა ქვეშ-ქვეშ გახედეს წარბას და მიიმალნენ.
შიოლამ კი უზარმაზარი თივა ააგო. ბულდოზერმა ერთიორჯერ მძლავრად დაიკივლა ნატბევის ჭალაზე, შებრუნდა და, საიდანაც მოვიდა, ისევ იქ წავიდა ახლად გაყვანილი გზით.
მეორე დღეს აგუგუნდნენ მანქანები ნატბევის ჭალაში, ზოგს თივა მიჰქონდა, ზოგს ყველ-ერბო, მიდიოდნენ ქვემოთ სოფლებში, სტოვებდნენ საზაფხულო სამყოფელს. ბოლოს სულ გამოყრუვდა ბუსარჭილი ფერდობი, ნატბევის ჭალაში მარტო შიოლას უშველებელი თივაღა დარჩა.
თაგვები დილაადრიან გამოიხედავენ სოროდან და უხაროდათ, თივა იქვე რომ იყო.
შიოლა რატომღაც არ ჩქარობდა, ეტყობა, იმის იმედი ჰქონდა, რომ ჯერ თოვლი არ მოვიდოდა. კოლმეურნეობის ბრიგადირებმაც წაიღეს თივა მთლიანად, სულ ცოტაღა დატოვეს, ერთი ძროხის ხუთი დღის ჯერი, იმ თივისაკენ არცკი კადრულობდნენ თაგვები გახედვას.
შაბათ საღამოს უფრო ჩათბა წინანდელთან შედარებით.
_ შემოდგომაზე სითბოთი მოვაო, წინაპრებისაგან გამიგონია. _ იმეორებდა ერთსა და იმავეს თაგვი ბუბა. მართლა აუხდა და სათაგვეთში მხიარულების ყიჟინა ატყდა.
გამოვიდა სოროდან თაგვი ჭოლა, დინჯად ახედა ცას და ბრძანა:
_ ყველას დამიძახეთ!
ატყდა გადაძახ-გადმოძახილი:
_ აუ, წარბაა!
_ ხავერაა!
_ ჭოლა გიბრძანებთ, ჭოლა, საფიხვნოში ჩამოვიდნენო!
_ მოვდივარ! მოვდივარ!
თოვლის ფიფქების შრიალი თაგვების წრუწუნს შეუერთდა. ფოთლებჩამომჭკნარი დიდი ბუერის ძირში შეიკრიბა თაგვების თემი.
თოვს....
_ რა კარგია, რომ თოვს! _ თქვა მრავალმნიშვნელოვნად თაგვმა ჭოლამ და შიოლას თივას გახედა.
წრუწუნები თოვლის ფიფქებისაგან გუნდებს აკეთებდნენ და ერთმანეთს ესროდნენ. ერთი გუნდა ჭოლასაც კი მოარტყეს:
_ ჭკვიანად იყავით, თქვე მამაძაღლებო! _ მხიარულად დაუტია ჭოლამ. მერე შეკრებილთ გადახედა და თქვა:
_ ხედავთ, თაგვებო, შიოლამ რა პატივი გვცა, მთელი ზაფხულის ნათიბი აქ დაგვიგდო თავის სიზარმაცით. რაღა ცალცალკე სოროებში გავატაროთ ზამთარი. შევიდეთ და ყველამ ერთად ვიცხოვროთ შიოლას თივის ძირში. ხო კარგი აზრია!
_ კარგია! კარგია! _ დაიწრუწუნეს ერთხმად თაგვებმა.
_ მაშ წადით და თქვენი სოროებიდან წამოეღოთ სარჩო-საბადებელი, ვისაც კი რამ გაქვთ, სანამ დიდი თოვლი მოვა, შევსახლდეთ თივაში.
თაგვები სოროებში გაიქცნენ და იქიდან ზოგს თხილი მოჰქონდა, ზოგს ასკილი, ზოგს პურის მარცვლები.
გამოთხარეს შიოლას თივა შუაგულამდე, გააკეთეს შიგ დიდი დარბაზი, შეზიდეს სარჩო და დალაგდნენ.
გარეთ თოვს.
თაგვები შიგნით, შუა დარბაზში დიდ სუფრას შლიან, ახალმოსახლეობა უნდა იზეიმონ.
დროდადრო გარეთ გაიხედავენ ხოლმე და იქიდან ნასიამოვნები სახეებით შემოდიან.
_ თოვს! _ ამბობენ გარედან შემოსულნი, _ ამ თოვლში მანქანა კი არა, შიოლაც ვეღარ მოვა.
_ ფიქრი ნუღარ გაქვთ, ბიჭებო, ეს თივა ამ ზამთარს ისეა ჩვენი, როგორც ეს ულვაშებია ჩემი, _ ამშვიდებს ჭოლა.
მანდილოსნები თავმომწონეთ ტრიალებენ. წრუწუნები დარბაზის კუთხეში დამალობანას თამაშობენ.
_ ყველანი აქა ვართ? ხომ არავინ გვაკლია, წადით, გაიკითხ-გამოიკითხეთ, თორემ დიდ თოვლს დადებს და მერე ვეღარც მოვლენ. _ თქვა თაგვმა ჭოლამ.
თაგვებმა ერთურთს გადახედეს.
_ წარბა გვაკლია! _ თქვა ერთმა ახალგაზრდა მანდილოსანმა თაგვმა. მართლა წარბას მხარბეჭი არ ჩანდა იქ.
_ წეღან ვიღაც უცხო ქალთან მისეირნობდა, _ თქვა ხავერამ.
_ კიდევ ვინ გვაკლია?
_ კარაპეტა.
_ ვინა?
_ აი რო ვაჭრობს, ასკილის ძირში აქვს სორო, ვუთხარით, მაგრამ არ წამოვიდა.
_ რატომ?
_ მე ეგეთი კოლექტიური ცხოვრება არ მსიამოვნებსო, საერთო სუფრაზე პურს ვერ ვჭამ, არა ვარ მიჩვეულიო.
_ კიდევ ვინ გვაკლია?
_ მე აქა ვარ ჯიგრებო! _ შემოვიდა ამ დროს დარბაზში წარბა, თან ვიღაც ლამაზმანი შემოიყოლა ხელკავით.
მანდილოსანმა თაგვებმა მალულად შეათვალიერეს წარბას სატრფო.
_ ლენოჩკა, გაიცანი, ჩვენები არიან. _ მიუბრუნდა წარბა ქალს.
_ მაპატიეთ, მე კარტული არ მეკერკება. _ თქვა ლენოჩკამ და მუხლი ჩახარა.
_ მთავარია გაგება, რა შუაშია ქართული, ლენოჩკა, შემოგევლოს წარბას სიყმე, _ დაამშვიდა ქალი წარბამ.
რამდენიმე ლამაზმანმა ცხვირები აიბზუეს.
_ ყველანი აქა ვართ? _ იკითხა თაგვმა ჭოლამ.
_ ყველანი, კარაპეტასა და ფილაფოზის გარდა.
_ ფილაფოზმა, რაო?
_ ძველი ქოხი გერჩივნოთ სასახლეში საერთო ცხოვრებასაო.
_ მაშ არ წამოვალო?
_ არაო.
_ არც გვინდა, ფილოსოფოსები ჩვენ არ გვჭირდება.
სუფრა გააწყე. რაღა არ იყო ზედ: თხილი, კაკალი, პური და ასკილი, ღვინო ხომ ულევი, _ თასებად თხილის ნაჭუჭებს ხმარობენ.
თამადად ჭოლა აირჩიეს.
ჩამოვარდა სიჩუმე. მერე გაისმა თამადის ოდნავ გაბზარული ხმა:
_ სმენა იყოს და გაგონება!
_ გარტყმა იყოს და გაგორება, _ თავისთვის ჩაიჩურჩულა წარბამ და მხრები შეათამაშა.
_ სმენა იყოს და გაგონება! ამ სასმისით მე მინდა ჩვენი ერთობის სადღეგრძელო შევსვა. იმ ძალას გაუმარჯოს, იმ სიყვარულს, რამაც ჩვენ ერთად შეგვყარა.
_ ამინ ! _ დაიწუწუნეს თაგვებმა და დაცალეს თხილი ნაჭუჭები.
მეორე სადღეგრძელო ჭერისა შესვა, ხოლო მესამე ასე ჩამოაყალიბა თამადამ:
_ ჩვენ ზარმაც შიოლას გაუმარჯოს. იმას რომ თავისი სიზარმაცით ე თივა აქ არ დარჩომოყო, ჩვენ ამ ზამთარს ისევ ცალ-ცალკე მოგვიხდებოდა ცხოვრება, ვიქნებოდით ერთმანეთს დანატრებულები, აბა, თოვლში ხომ ვერ მივიდ-მოვიდოდით ერთმანეთთან, არა, კაცოო, თაგვებოო, მაშინვე შევატყვე ი შიოლას, რო ეს თივა აქ დარჩებოდა ამ ზამთარს.
გაუმარჯოს და ღმერთმა სიზარმაცე ნუ მოუშალოს!
ამინ!
_ შიოლას გაუმარჯოს, შიოლას! _ დაიწრუწუნეს თაგვებმა და
სასმისები გადაიწურეს.
_ აბა, ქალებო, თქვენც რამ დალიეთ, რა მოწყენით სხედხართ. _ გადასძახეს სუფრის ბოლოში მსხდარ მანდილოსნებს.
_ ბუზიკა, ქალებო! _ დაიძახა ხავერამ და მხრები გაშალა.
დაუკრეს დოლ-გარმონი და გაჩაღდა ცეკვა. ერთმა ლამაზმა მანდილოსანმა ყელი მოიღერა და გვერდში ამოუდგა ხავერას. წრუწუნები თავიხეზე შემოსხდნენ, რომ კარგად ედევნებინათ ცეკვისთვის თვალი.
უცებ დარბაზში დედოფალა შემოვიდა და იმის დანახვაზე შეწყდა ლხინი.
_ ჩემო მოსვლა გეწყინათ? _ თქვა დედოფალამ მას ქურქი სულ თეთრი ჰქონდა და გამოირჩეოდა თაგვებისაგან.
_ მუსიკის ხმა გავიგონე და ვიფიქრე... _ თავის მართლებას მოჰყვა დედოფალა.
მანდილოსნებმა ახლა მისი მხარბეჭი შეათვალიერეს. ლენოჩკასაც მისკენ გაექცა მზერა და გვერდით ამოუდგა. ეს ვეღარ აიტანა წარბამ, კუდი შუბივით მოიმარჯვა და იფეთქა:
_ დაუპატიჟებელ სტუმრებს არ ვღებულობთ, აბა ახლავე, მარშ! აქ მე თაგვი ვარ თუ ნაბდის ძველი!
წარბას სხვა თაგვებიც წამოეშველნენ და შერცხვენილი დედოფალა დარბაზიდან გააგდეს. ლენოჩკა ისევ წარბას მიუჯდა გვერდით.
ისევ დაუკრეს ბუზიკა და გახურდა ცეკვა. უცებ მთელი დარბაზი შეინძრა.
_ რა იყო? _ იკითხა ვიღაცამ.
_ ალბათ მიწა იძრა, _ თქვა ჭოლამ.
_ აბა გაიხედე, ვინ იცის, რა ამბავია ჩვენს თავს.
_ სად გავიხედოთ, იმხელა თოვლი დადო, შემოსასვლელი მთლიანად ამოვსილია. ასეთ ამბავში ჩიტიც ვერ მოფრინდება აქ, _ თქვა წიოკამ.
გაგრძელდა ლხინი. წარბამ ლხინის ყანწები გამოცალა და იქვე, დარბაზის კუთხეში მიიქცა. ბუზიკა უკრავდა და მოცეკვავეები ერთმანეთს სცვლიდნენ.
გარეთ კი შიოლას დიდი ბულდოზერი მოეყენებინა, საბლებით შეკონილი თივა მისთვის გამოება და კაბინაში ჯდებოდა მძღოლის გვერდით. დაიჭყივლა ბულდოზერმა და გაითრია თივა. თაგვები უცებ ვერც მიხვდნენ, რა მოხდა, ისე უცებ გამოჩნდა მათ თავზე ცა. ერთ ადგილზე გახევებულნი დარჩნენ. ბულდოზერმა სწორედ იმ დროს გადააცალა თავს ზემოთ თივის ზვინი, რომ საცეკვაო წრეში თამადა გადმოიყვანეს და ახლა ისევ ხელებგაშლილი იდგა ჭოლა. ბულდოზერი კი მითახთახებდა და მიითრევდა თოვლიან გზაზე თივის ზვინს. ამ ხმაურზე წარბასაც გამოეღვიძა და ჯერ ვერ ხვდებოდა, რა მოხდა, მერე იკითხა:
_ რა ამბავია, სადა ვარ?!
_ რაღა რა ამბავია, წაიღო შიოლამ თივა.
_ თივა წაიღოო? აქ მე თაგვი ვარ, თუ ნაბდის ძველი!
წამოდგა წარბა და მხრები შეათამაშა.
_ ლენოჩკა, ეხლავე მოვალ! _ დაიძახა წარბამ და ბულდოზერს დაედევნა. კარგა ხანს სდია, წინა გადაუსწრო, შემობრუნდა, შუა გზაზე ამაყად გაიჭიმა, კუდი შუბივით მოიმარჯვა და შესძახა:
- სდექ! აქ მე თაგვი ვარ, თუ ნაბდის ძველი!
მაგრამ ბულდოზერმა ისე ახლოს ჩაუარა, წარბამ ძლივს მოასწრო გზიდან გადახტომა და გულწასული მიესვენა თოვლში.
ბულდოზერმა გორს იქით მოაფარა თივა.
ირგვლივ თეთრი იყო ყველაფერ.
_ ამ თოვლში ვეღარც ჩვენ სოროებს ვიპოვით! _ ამოიოხრა ერთმა.
_ აფსუს კარაპეტას ჭკუა! _ თქვა მეორემ.
_ მაიცათ, პანიკა არ იყოს! _ ბრძანა ჭოლამ, მაგრამ რატომღაც ყველამ ყვედრებით შეხედა.
_ მე ვიცი ერთი თივა, რომელსაც არავინ წაიღებს, თქვა გამხდარმა
თაგვმა.
_ სად იცი?
_ სად და, აქ ახლოს უნდა იყოს, კოლმეურნეობის თივა რომ მიჰქონდათ, მაშინ დატოვა ბრიგადირმა, გაზაფხულზე გამოდგებაო.
ყველა მას მიაჩერდა. იმ გამხდარმა თაგვმა ნატბევის ჭალას მიმოავლო თვალი, მაგრამ აბა რას დაინახავდა, თეთრად იყო გადალესილი არემარე.
_ გავიშალნეთ და ისე მოვძებნოთ! _ თქვა ჭოლამ.
თაგვები გაიფანტნენ და ძლივს მიჰკვალავდნენ თოვლს.
ნატბევის ჭალაში ისეთი წრუწუნი ატყდა, შორიდან ამომავალი ბულდოზერის ხმაც კი წრუწუნივით ისმოდა.
_ ვერ იპოვაა! გასძახებდა ერთი თაგვი მეორეს.
_ ვერა! ვერაა! _ უპასუხებდა მეორე.
ახლა სხვა დაიძახებდა. მერე სხვა.
_ ვერა! ვერა! _ ისმოდა გაბმული წრუწუნი ამ ძახილში თაგვების საშინელი სასოწარკვეთა იყო ჩაქსოვილი.
უცებ ნიავმა წამოუბერა და თოვლის ფიფქები შეაბარბაცა ჰაერში. მერე ეს ნიავი გაძლიერდა და ნატბევის ჭალაში ქარბუქი დატრიალდა. მოიბუზნენ თაგვები. წინ სავალ გზას ვეღარ არჩევდნენ. წრიპინებდენ, ნერვიულობდნენ. ცოტა ხანში ალბათ ყველას თოვლი ჩამარხავდა, ჭოლას რომ არ მოეფიქრებინა.
_ ყველანი ჩემსკენ წამოდით! _ დაიწრუწუნა მან ხმამაღლა.
_ რა გავიგოთ ამ ქარბუქში, სად ხარ. _ გამოსძახეს თაგვებმა აქეთ-იქედან.
_ თქვენ შეწყვიტეთ წრუწუნი, მარტო მე ვიწრუწუნებ და მომაგნებთ ხმაზე, _ დაუძახა ჭოლამ.
ასეც მოიქცნენ, გაბმულად, რაც კი შეეძლო, წრუწუნებდა ჭოლა და, როგორც იქნა, შეიკრიბნენ სიცივისაგან გათოშილი თაგვები.
_ რა ვქნათ ეხლა, როგორ მივაგნოთ იმ თივას? რა გავიგოთ, სად არის, თეთრია ყველაფერი, თან ეს ქარი... _ თქვა ხავერამ.
_ მოდი, დედოფალას დავუძახოთ, _ მოიფიქრა ვიღაცამ, _ ის გვიშველის.
_ დედოფალას?
_ მეტი გზა არ გავქვს, ნახევარ საათში ყველანი გავიყინებით.
_ რაც არის, არის, სხვა გზა არა გვაქვს.
თაგვებმა თითქმის ერთხმად დაიწრუწუნეს:
_ დედოფალაა!
_ გვიშველე, დედოფალაა!
ქარმა მთელ ჭალაში დაატრიალა მათი ძახილი. დედოფალა ხუთ წუთში მათთან გაჩნდა.
_ გვიშველე, დედოფალა, თივა გვაპოვნინე, _ სთხოვეს თაგვებმა სიცივისაგან აკანკალებული ხმით.
დედოფალა თოვლში ჩაძვრა და გაქრა. ერთ წუთში უკანვე მობრუნდა და თაგვებს უთხრა:
_ წამომყევით!
თაგვები დედოფალასაგან თოვლში გაჭრილ გვირაბს გაჰყვნენ და სულ მალე თივის ძირთან შეიკრიბნენ.
_ თუ კიდევ დაგჭირდეთ, დამიძახეთ, _ თქვა დედოფალამ და თვითონაც თეთრი, ქათქათა თოვლში გაუჩინარდა.
თაგვები კი იდგენენ თივის ძირთან და სასწაულად გადარჩენილები ერთმანეთს ითვლიდნენ. საბედნიეროდ, არავინ დააკლდათ წარბას გარდა. წარბა კი ამ დროს ბულდოზერისაგან შეშინებული ისევ თოვლში ეგდო. როგორც იქნა, მოვიდა გონს, წამოდგა, საითაც ბულდოზერი ეგულებოდა, იმ მხარეს მუშტი გაიშვირა და მუქარით თქვა:
_ მე აქ თაგვი ვარ, თუ ნაბდის ძველი, მე შენ გიჩვენებ სეირს! _ გულისპირიდან თოვლი ჩაიფერთხა. შემობრუნდა და ნატბევის ჭალისაკენ გაუყვა გზას.