THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მთის მდინარის ნაამბობი

ჯანიკო გაბუნია


არ ვიცი, იქნებ თქვათ, იკვეხნისო, მაგრამ რა მაქვს სატრაბახო. რასაც ვიტყვი, მართალია, წყალი არ გაუვა. ამისთვის არც დედას დავიფიცებ, არც მამას და არც და-ძმას. რომ ვიტყვი ისაა და ის, ტყუილი რა საკადრისია. შავი ჭირივით მეზარება. მე ჯაფას როდი ვაყვედრი ჩემს თავს, ან ვინმეს და ვწუწუნებ დავიღალე მეთქი. პირიქით, შრომამ გამაბრწყინა, გამაცოცხლა, მომიყვანა თქვენამდე და მიხარია, ვისაც გამოვადგები. მაგრამ ის კი მინდა გიამბოთ, რა გარჯა და ვაი-ვაგლახი გადამწყდა თქვენთან მოსვლამდე.
მამა - ბუმბერაზი მთა, ქათქათა თეთრ სამოსელში გახვეული, ფეხმოუცვლელად მადგა თავზე, წარბგაუხსნელი, მხრის გაშლას არ მანებებდა.
დედას - მთის ფერდობს, მაგრად ვყავდი ჩაკრული ბამბასავით თეთრ კალთაში, გასაქანს არ მაძლევდა, ეშინოდათ, არ ვიცი, რისი, ვინ იცის, იქნებ ფიქრობდნენ, შორს არ წავიდეს, არ გადაიჩეხოს, ან სადმე არ დაგვეკარგოსო. შეიძლება, არც ტყუოდნენ. მშობლის გული მოუსვენარია, თვალზე რომ შვილი დასცილდება, მუდამ საშიშ რამეზე ფიქრობს, განიცდის, ათასი რაიმე ესიზმრება. არა და ერთ ადგილზე ჯდომა და უქმად ყოფნა რა მაქნისია, გინდა ყოფილხარ და გინდ არა ქვეყანაზე.
რა მექნა, უფროსებს ხომ ვერ ვაწყენინებდი. მეც ვიჯექი ერთ ადგილზე გაციებული, გასიპული, უმოქმედო, ყველასთვის უსარგებლო.
ერთ დღეს მთის მწვერვალამდე განლაგებულ თეთრად დაბარდნილ ხეებს ქარი მოეფათქუნა, ნელ-ნელა შეურხია მძიმედ გაყინული ტანი, მეორე და მესამე დღესაც ეწვია, ისევ მოუფათქუნა, ნელ-ნელა შეურხია ტანი. იცოცხლეთ, იკადრეს მწვანე ხეებმა თეთრ საფარიდან გამოძრომა, მხრები დაიფერთხეს, მკლავები გაშალეს, ამოისუნთქეს. ვუცქერდი და მიხაროდა, სხვისი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაც არის, შური და ღვარძლი ჭირივით მძულს.
ერთი კვირის შემდეგ ისევ მოფათქუნდა ქარი და ახალი ამბავი მოიტანა: - გიხაროდეთ, ნუღარ გეშინიათ, ისეთი ვინმე მობრძანდება, უზომო სითბო და სიცოცხლე რომ მოაქვს, თურმე მზე ჰქვიაო.
ვენაცვალე, მაინც რა ძლიერი და თავმდაბალი ყოფილა, ჩემი თვალით ვნახე, რა ნათელი, ბრწყინვალე და ალერსიანია. მარტო მთის კენწეროს და ხეებს კი არ გადაჰყვა თან, დაბლა ფერდობებსაც ჩამოჰხედა, მეც მომხვდა მისი მადლი, ისეთი სიდიადე და სითბო აქვს, იმდენი სიკეთე და სასოება მოიტანა. მისმა სითბომ და სიყვარულმა ჩემი მშობლების გულშიც შეაღწია, გაალღვო თოვლ-ყინვა. მე ვიყავი უსულო, ცივი, ერთ ადგილზე გაქვავებული. სითბოთი და ალერსით გავცოცხლდი, ავფათქუნდი, ავიდგი ფეხი, დედაჩემის კალთაში რაღა გამაჩერებდა, მშობლებმაც იგრძნეს მზის სიდიადე, მშვენიერება.
- წადიო, - მითხრეს, - იზარდე, ივარგე, გზა დაგვილოცნია, იარე, თავსაც გამოადექი და სხვასაც, ერთ ადგილზე დაყუდებულნი ჩვენ რომ ვართ, ისიც კმარაო.
რახან დიადმა მზემ გამაცოცხლა, მშობლებმა გზა დამილოცეს, რკინის ცივი სალტე მოვიხსენი, რაღა გამაჩერებდა, წამოვედი. ჯერ ქვევით ჩამოსვლამდე ალაგ-ალაგ ხტუნვით დავიქანცე, მერე რა ღრე-კლდეებში არ გავძვერ-გამოვძვერი, ათას გაჭირვებას გამოვუსხლტი, ვაკეში რომ ჩამოვედი, ამოვისუნთქე, დავდინჯდი, დავწყნარდი. ადვილი კი არ იყო ამოდენა გზის გამოვლა, მაგრამ ახალგაზრდა ყოველგვარ სიძნელეს დასძლევს, თუ მოინდომა. მერე გზაში ბევრ ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილს წამოვეწიე. ბევრიც მე წამომეწია, ჩვენ სიყვარულითა და ერთგულებით შევერთდით, შევკავშირდით, მხარში ამოვუდექით ერთმანეთს, ასე ერთად შეკავშირებულნი უფრო ძლიერნი ვართ, ყოველგვარ წინააღმდეგობას ვერევით, მოვდივართ და რამდენ სიცხისგან შეწუხებულ მცენარეს, ბაღ-ბოსტანს, ყანასა და ვენახს ვარწყულებთ, ვაცოცხლებთ. ფრინველს, ცხოველსა და ადამიანებს ხომ ვშველით და ვშველით. მათ ერთი დღე არ შეუძლიათ ჩვენს გარეშე არსებობა. ღმერთმა ქნას, ვინმეს გამოვადგეთ, როგორ დავზარდებით.
“ცხოვრება აწი იწყებაო” - მომძახის ვიღაც, საით მივდივარ, არ იკითხავთ? ზღვისკენ, უნდა შევუერთდე ზღვას, შევიტანო ჩემი წვლილი, აჰა, მივაღწიე კიდეც, შევუერთდი. კარგია აქ შრომა, ცხოვრება, სიცოცხლე, აქ სიხარული სუფევს. საწყალი ჩემი დედ-მამა, ერთ ადგილზე დაყუდებულნი, თმებგადაპენტილნი, როგორ მოვლენ აქამდე, თორემ? - ვეღარც მიცნობენ.
ჩემი და-ძმები, რომ ჩამოდიან, კი მოაქვთ მამის მოკითხვა, დედის ცრემლები. რა ვქნა, ძალიან შორს ვარ, მაგრამ სხვა ქვეყანაში კი არ ვარ, ისევ ჩემი მშობლიური ცა მხურავს, მშობლიური მზე მიალერსებს. ჩემი ქვეყნის ჩიტები დამჭიკჭიკებენ თავს, მეც ჩემი ხალხისთვის ვირჯები, განა მშობლები იმისთვის არ შრომობენ, რომ შვილები კარგად ჰყავდეთ, ისწავლონ, იშრომონ, სამშობლოს, ხალხს და თავის თავსაც გამოადგნენ?
ჰოდა სწორედ ჩემი და და ჩემი და-ძმის დიდი წვლილიც არის ამ ვეებერთელა ლურჯ ზღვაში, უზომო სიმდიდრითა და სიუხვით რომ გემსახურებათ თქვენ.
იქნებ მაინც თქვათ, - იკვეხნისო. მობრძანდით, თქვენი თვალით ნახეთ, ჩემითა და ჩემი და-ძმით პირამდე გაპიპინებული, ათასგვარი სიმდიდრით აღსავსე ზღვა.