THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თავქუდმოგლეჯილი ბიჭის ამბავი

ირმა მალაციძე
მოქმედი პირები:

თავქუდმოგლეჯილი ბიჭი;
კუდამოძუებული მგელი;
ყურებჩამოყრილი კურდღელი;
გულაჩუყებული დათვი;
თავზარდაცემული დარაჯი;
თავმომწონე ნაძვი;

მოქმედება ხდება ტყის პირას. შემოდის ბიჭი.


ბიჭი: - გამარჯობა, ბავშვებო! იცით მე რა მქვია? არ დაიჯერებთ, რომ გითხათ. რა და... თავქუდმოგლეჯილი ბიჭი! რა, არ გჯერათ ხომ?
ჰო, მართლა ასე მეძახიან. და იცით, რატომ? სულ პატარა ვიყავი, დედამ რომ ლამაზი, კუბოკრული ქუდი მაჩუქა. ისეთი ლამაზი, ისეთი ლამაზი... თანაც ჯადოსნური. არც ეს გჯერათ, ხომ? არა, მართლა ჯადოსნური იყო. აი, თქვენ, ბავშვებო, რომ იზრდებით, ტანსაცმელი ხომ გიპატარავდებათ? ჩემი ქუდი კი ჩემთან ერთად იზრდებოდა. ასე რომ სულ თან მქონდა, არასდროს ვიშორებდი, არც დარში და არც ავდარში. ჰოდა, ერთ დღეს ისეთი ქარი ამოვარდა, ისეთი.... ქუდი მომგლიჯა და სადღაც შორს გაიტაცა. ასე დავკარგე ჩემი საყვარელი ქუდი. ამის შემდეგ ყველა თავქუდმოგლეჯილს მეძახის. ახლა მის საძებნელად მივდივარ. ნეტავი თუ ვიპოვი? ბავშვებო, როგორ ფიქრობთ, ვიპოვი? კარგი, წავალ, გზას გავაგრძელებ. იქნებ ბედმა გამიღიმოს და მივაგნო ჩემს საყვარელ ქუდს.

აგრძელებს გზას და მიიმღერის:

“ქარმა ქუდი გამომტაცა,
გადიქროლა მთა და ველი,
იმის შემდეგ დავრჩი ასე,
და დავდივარ თავშიშველი.
ო, დელია დელი, დელი,
დავრჩი ასე თავშიშველი”...

შემოხვდება მგელი, რომელიც მღერის:

ბიჭი: - ჰეი, შენ ვინ ხარ?
მგელი: - მე? როგორ ამ ტყეში ყველა მიცნობს, შენ როგორ არ მიცნობ?
ბიჭი: - დიდი ბოდიში, მაგრამ ტყეში პირველად ვარ. ქუდი დამეკარგა და მის საძებნელად ვარ წამოსული. მე თავქუდმოგლეჯილ ბიჭს მეძახიან, შენ?
მგელი: - ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ. მე გახლავართ კუდამოძუებული მგელი.
ბიჭი: - კუდ.. რა?
მგელი: - კუდამოძუებული!
ბიჭი: - ეე, მგელი გამიგონია, წიგნებშიც მინახავს მისი სურათი, მაგრამ ეს კუდამოძუებული რაღაა.
მგელი: - მოდი აქ, ჩამოჯექი და ახლავე გიამბობ.

ბიჭი და მგელი იქვე, ხის კუნძზე ჩამოსხდებიან და მგელი უყვება:

მგელი: - ერთხელ ერთ სოფელში შევიპარე. ვიფიქრე, ცხვარს ან ძროხას გავკრავ კბილს, თორემ სადაცაა შიმშილით სული გამძვრება-მეთქი. მაგრამ იმ სოფელში ისეთი ავი ძაღლები დამიხვდა, ცხვარი და ძროხა კი არა, ლამის თავიც ოხრად დამრჩა. ჰოდა, ამოვიძუე კუდი და ტყეში წამოვლასლასდი. იმის შემდეგ კუდამოძუებულ მგელს მეძახიან.
ბიჭი: - როგორ მეცოდები. როცა ქუდს ვიპოვი და შინ დავბრუნდები, ხშირად მოვალ ამ ტყესთან და საჭმელს ამოგიტან ხოლმე.
მგელი: - რა კეთილი ხარ. იცი რა? მოდი შენთან ერთად წამოვალ და ქუდის მოძებნაში დაგეხმარები.
ბიჭი: - მართლა? რა კარგია, მარტო მაინც აღარ მომიწევს ტყე-ტყე ხეტიალი.
მგელი: - მაშ წავედით.
ბიჭი: - წავედით!

მიდიან და მიიმღერიან:

“ერთი, ორი, სამი, ოთხი,
მერე, მერე?
მერე – ხუთი,
ჩქარა, ჩქარა, გავეშუროთ,
და ვეძებოთ ბიჭის ქუდი!”

ხედავენ - კურდღელი ზის ბუჩქის ძირას, დაღონებული და ოხრავს.

კურდღელი: - ეხ! ეხ!
ბიჭი: - გამარჯობა, ყურცქვიტა!
კურდღელი: - მე ყურცქვიტა არ მქვია.
ბიჭი: - მაშინ გამარჯობა, ნაცარავ!
კურდღელი: - არც ნაცარა არ ვარ!
ბიჭი: - აბა ვინ ხარ? კურდღელი ხომ ხარ.
კურდღელი: - ჰო, კურდღელი ვარ, მაგრამ ყურებჩამოყრილი.
ბიჭი: - ყურებჩამოყრილი?
მგელი: - და რატომ... რატომ ჩამოგიყრია ყურები?
კურდღელი: - ეხ! იმდენი დარდი მაწევს გულზე... ხუთი ბაჭია მყავდა და ხუთივე მგელმა მომტაცა. ჩამოვყრიდი ყურებს აბა, რა იქნებოდა. ამიტომ იმის შემდეგ ყველა ყურებჩამოყრილს მეძახის.
ბიჭი: - მგელმა?

(ბიჭმა მგელს შეხედა).

მგელი: - არა, მე ეს არ გამიკეთებია.
კურდღელი: - არა, შენ არა. ეს ალბათ სხვა მგელი იყო. შენ ამას არ იზამდი, კეთილი ჩანხარ.
კურდღელი: - ნამდვილად სხვა მგელი იქნებოდა. აბა, ბაჭიების მოპარვა როგორ შეიძლება? ნწუ-ნწუ-ნწუ...
ბიჭი: - დამშვიდდი ბაჭიავ. იმედი მაქვს, რომ აუცილებლად იპოვი შენს შვილებს.
კურდღელი: - ეხ, მე კი აღარ მაქვს იმედი. ვაიმე, ჩემი ბაჭიები!
ბიჭი: - რა ვქნათ?
მგელი: - უნდა დავეხმაროთ.
ბიჭი: - ჰო, მაგრამ როგორ?
მგელი: - იცი რა, მე და ბიჭი მისი ქუდის საძებნელად მივდივართ. წამოდი ჩვენთან ერთად. გზაში ერთად ვიფიქროთ და იქნებ შენი შვილების პოვნაში როგორმე დაგეხმაროთ.
კურდღელი: - მართლა? რა კარგია. ახლავე მოვდივარ, დამელოდეთ. მოვდივარ.

განაგრძეს გზა. მიდიან და მიიმღერიან:

”ერთი, ორი, სამი, ოთხი,
მერე, მერე?
მერე – ხუთი,
ჩქარა, ჩქარა, გავეშუროთ,
და ვეძებოთ ბიჭის ქუდი!”

ბევრი იარეს თუ ცოტა, დათვის ბუნაგს მიადგნენ. დათვი იქვე ზის და გულამოსკვნილი ტირის.

ბიჭი: - გამარჯობა, დათუნია!
მგელი: - გამარჯობა!
დათვი: - გაგიმარჯოთ!
ბიჭი: - რა გატირებს, დათუჩა? ვინ გაწყენინა?
მგელი: - კბილი ხომ არ გტკივა?
დათვი: - არა.
ბიჭი: - აბა, თათში ეკალი შეგესო?
დათვი: - არა, არც ეკალი არ შემსობია.
კურდღელი: - აბა, ვინმემ გაწყენინა?
დათვი: - არავინ. კი არ მაწყენინეს, პირიქით, სიხარულისგან ვტირი.
ყველანი: - აა, (სიხარულით ახმაურდნენ).
ბიჭი: - გვიამბე, ასე რამ გაგახარა?
კურდღელი: - ჰო, ძალიან გვაინტერესებს.
დათვი: - რამ და... ფუტკრის სკას მივაგენი, მაგრამ ირგვლივ იმდენი ფუტკარი ირეოდა, თაფლის ამოღება ვერ გავბედე. დავჯექი შორიახლოს და ნერწყვების ყლაპვა დავიწყე. უცებ ჩემთან დედა ფუტკარი მობზუილდა და მითხრა - მოდი, დათუნია და რამდენიც გინდა, იმდენი თაფლი ჭამეო. გული ისე ამიჩუყდა, რომ დღემდე სულ ვტირი და ვტირი. ამიტომ ყველა გულაჩუყებულ დათვს მეძახის.
კურდღელი: - მართლაც რა გულისამაჩუყებელი ამბავია.
კურდღელი: - აბა, ლამისაა მეც ავტირდე.
მგელი: - არა, ნუ ატირდები. უმჯობესია საქმეს მივხედოთ. დრო არ იცდის. ბაჭიები გვყავს მოსაძებნი.
ბიჭი: - და ქუდი საპოვნელი.
კურდღელი: - აბა, იმდენი საქმე გვაქვს.
დათვი: - სად მიდიხართ? იქნებ მეც თქვენთან ერთად წამოვიდე?
ბიჭი: - რა თქმა უნდა, წამოდი.

განაგრძეს გზა. მიდიან და მიიმღერიან:

“ერთი, ორი, სამი, ოთხი,
მერე, მერე?
მერე – ხუთი,
ჩქარა, ჩქარა, გავეშუროღ,
და ვეძებოთ ბიჭის ქუდი!”

დაინახეს თოფიანი მოხუცი, ზის.

ბიჭი: - გამარჯობა, მოხუცო!
დათვი: - გამარჯობა!
მგელი (ხმადაბლა): - ვაიმე, თოფი უჭირავს! მე წავედი!
ბიჭი(მგელს): - მოიცა, სად წახვედი! არ მგონია, რამე დაგიშავოს!
კურდღელი: - რაღაც თქვენც მოწყენილი ჩანხართ!
ბიჭი: - გვითხარი, ვინ ხარ?
მოხუცი: - გამარჯობა, ჩემო კარგებო! მე თავზარდაცემულ დარაჯს მეძახიან.
დათვი: - რა უცნაური სახელია...
მოხუცი: - ჰო, უცნაურია.
ბიჭი: - რატომ გეძახიან თავზარდაცემულ დარაჯს?
მოხუცი: - რატომ და... რკინიგზის სადგურში ვმუშაობდი. როგორც კი სადგურს მატარებელი მოუახლოვდებოდა, ზარისათვის უნდა ჩამომეკრა და მგზავრები შემეფხიზლებინა. ზარი მსხვილ თოკზე იყო ჩამოკიდული. ერთ დღეს მასზე თაგვი აძვრა, თოკი სულ გადაღრღნა და ზარი თავში დამეცა. მხოლოდ იმან გადამარჩინა, რომ თავზე ეს ქუდი მეხურა. იმის შემდეგ ყველა თავზარდაცემულს მეძახის. აი, ასეთია ჩემი ამბავი!
მეგობრები ახმაურდნენ:
ბიჭი: - აი, თურმე რა ყოფილა.
კურდღელი: - რა კეთილი მოხუცია!
მგელი: - მე კიდევ თოფის შემეშინდა!
დათვი: - შენ ხომ სულ ასე ხარ. ისე დიდი გული გაქვს. თოფის დანახვაზე კი მუხლები გიცახცახებს!
მგელი: - ვისა, მე? მე მიცახცახებს მუხლები?
დათვი: - ჰო, შენ!
ბიჭი: - გეყოფათ ახლა კინკლაობა.
კურდღელი: - დარაჯო, არ გინდა შემოგვიერთდე, ერთად ვეძებოთ თავქუდმოგლეჯილი ბიჭი ქუდი?
მოხუცი: - ქუდი დაგეკარგა?
ბიჭი: - ჰო, ქარმა წამართვა და ახლა ყველგან დავეძებ. ამის გამო ყველა თავქუდმოგლეჯილ ბიჭს მეძახის. თქვენც ასე დამიძახეთ.
მოხუცი: - კეთილი! წამოვალ თქვენთან ერთად. ძალიან მომეწონეთ.

მიდიან და მიიმღერიან:

”ერთი, ორი, სამი, ოთხი,
მერე, მერე?
მერე – ხუთი,
ჩქარა, ჩქარა, გავეშუროთ,
და ვეძებოთ ბიჭის ქუდი!”

ბევრი იარეს თუ ცოტა, ერთ მაღალ ნაძვს მიადგნენ, ფართოდ ტოტებგაშლილს.

ბიჭი: - გამარჯობა, ნაძვო!
კურდღელი: - რა დიდებული ხარ,
მგელი: - რა მაღალი!
დათვი: - რა მშვენიერი!
მოხუცი: - ასეთი ლამაზი ნაძვი არასოდეს მინახავს!
ნაძვი: - ვიცი, რომ დიდებული ვარ, ამიტომაც მქვია თავმომწონე ნაძვი.
ბიჭი: - თავმომწონე?
კურდღელი: - რატომ თავმომწონე?
დათვი: - რა არის ისეთი, რომ თავს ასე იწონებ. მართალია, ძალიან მაღალი და ლამაზი ხარ, მაგრამ...
ნაძვი: - კი, მაგრამ აბა, სხვა რომელი ნაძვის კენწეროზე ხედავთ ასეთ მშვენიერ, კუბოკრულ ქუდს, რომელიც მე მამშვენებს? ერთ დღეს ქარმა მომართვა საჩუქრად და დამახურა. აბა, არ უნდა ვიყო თავმომწონე?

მეგობრებმა აიხედეს და დაინახეს, რომ ნაძვის კენწეროს მართლაც კუბოკრული ქუდი ამშვენებდა.

ბიჭი: - ეს ხომ ის ქუდია, მე რომ მომგლიჯა ქარმა და გააქროლა!
კურდღელი: - რა ბედნიერებაა, ქუდი ვიპოვეთ!
მგელი: - ვაშა! ქუდი ვიპოვეთ!
დათვი: - მოიცა, რა გაყვირებს! ჯერ გავიგოთ, ნაძვი გვიბრუნებს თუ არა.
მოხუცი: - იმედია, დაუბრუნებ ბიჭს თავის ქუდს, და ის აღარ იქნება თავქუდმოგლეჯილი,
ნაძვი: - რომ დავუბრუნო, მასზე იტყვიან, თავი ქუდში აქვსო, მაგრამ მერე მე რა ვქნა, თავმომწონე რომ აღარ ვიქნები?
მოხუცი: - აი, თუ გინდა, ჩემს ქუდს დაგიტოვებ, მართალია, ისეთი ლამაზი არ არის, როგორც ეს კუბოკრული ქუდი, მაგრამ შენ მაინც მოგიხდება და ისევ თავმომწონე იქნები. ჩემთვის სულ ერთია, ზარი უკვე დამეცა, მეორედაც ხომ არ დამეცემა.
კურდღელი: - მართალია, ქუდი ბიჭს უნდა დაუბრუნო.
ნაძვი: - ძალიან გული მწყდება. ქუდს ისე შევეჩვიე, ალბათ გამიჭირდება მის გარესე, მაგრმ რა გაეწყობა. რადგან ქუდი მისია, უნდა დავუბრუნო. აჰა, აიღე.

ნაძვმა ქუდი დაუბრუნა ბიჭს.

კურდღელი: - კეთილო ნაძვო. შენ ყველაზე მაღალი ხარ. და ყველაფერს ხედავ, რაც ირგვლივ ხდება. პატარა ბაჭიები დავკარგე. ხომ არ დაგინახავს?
ნაძვი: - ბაჭიები? რა თქმა უნდა. მგელმა მოიტაცა, მაგრამ ისეთი ონავრები არიან, გამოექცნენ. თუმცა ტყეში გზა დაებნათ და აქეთ იქეთ დაეხეტებიან. ახლავე გადავხედავ და ვნახავ სად არიან.

ნაძვი მიდამოს ათვარიელებს:

ნაძვი: - აი, ისინიც! აქედან მარჯვნივ თუ წახვალთ, ერთი ბებერი ნაძვი შემოგხვდებათ. იმ ნაძვის ძირას არიან მიყუჟულნი.
კურდღელი: - ჩემი პატარები! გავიქცეთ, ჩქარა, ჩქარა!
დათვი: - დროზე, წავედით.
მგელი: - მე არაფერ შუაში ვარ.
ბიჭი: - ვიცით. შენ რომ ეს შენ არ ჩაგიდენია.

ცხოველები გარბიან და პოულობენ ბაჭიებს.

კურდღელი: - ჩემო პატარებო!
ბაჭიები: - დედიკო! დედიკომ გვიპოვა!
კურდღელი: - აღარსადროს მომშორდეთ გვერდიდან! ღამდენი ცრემლი დავღვარწ. რამდენ ხანს დაგეძებდით!
ბაჭიები: - არა, დედიკო, ამის შემდეგ ყოველთვის დაგიჯერებთ!

დათვს ისევ გული აუჩუყდება და ატირდება. მგელი აყმუვლდება.

ბიჭი: - რა კარგია, რომ ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა.
მოხუცი: - აბა რა!

ყველა ერთად მღერის:

“მეგობრობა, მეგობრებო,
ეს ისეთი რამ არის,
ყველას, ყველას ჰაერივით
რომ სჭირდება მარადის.
თუ ჩავარდით გასაჭირში,
ან გახარებთ რაიმე,
მეგობარი თუ გვერდით გყავთ,
ის ყველაფერს გაიგებს.
მეგობრობა, მეგობრებო,
ისე კარგი რამ არის,
ყველას, ყველგან და ყოველთვის
დაგჭირდებათ მარადის”...