THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლაზარეს ნადირობის ამბავი

ლელა მეტრეველი


ერთ კვირა დღეს პატარა ლაზარემ ხელში ასევე პატარა თოფი აიღო და ტყეში სანადიროდ წავიდა. შემოხვდა კურდღელი. ლაზარემ თოფი დაუმიზნა.
- არ მესროლო, - შეევედრა კურდღელი, - ერთი საქმე დამრჩა გასაკეთებელი.
- რა საქმე? - ჰკითხა ლაზარემ.
- ჩემი ბაჭიები ახლა მდელოზე დახტიან და თუ შინ დროზე არ წავიყვანე, მგელი შეჭამთ. - უპასუხა კურდღელმა.
- მერე მე რაო? - ჰკითხა ისევ ლაზარემ.
- შენ ჩემი სიყვარული და მეგობრობაო. - მიიღო პასუხად.
მონადირემ თოფი დაუშვა და გზა გააგრძელა. შემოხვდა მელა. ლაზარემ თოფი დაუმიზნა.
- არ მესროლო, - შეევედრა მელა, - ერთი საქმე დამრჩა გასაკეთებელი.
- რა საქმე? - ჰკითხა ლაზარემ.
- გავიგე, აქ ახლოს, სოფელში მსუქანი ქათმები Hჰყავთ და ამაღამ თუ რამდენიმე არ მოვიტაცე, ოჯახი შიმშილით ამომიწყდება. - უპასუხა მელამ.
- მერე მე რაო? - ჰკითხა ისევ ლაზარემ.
- შენ ჩემი სიყვარული და მეგობრობაო. - მიიღო პასუხად.
- კარგი, არ გესვრი, ოღონდ ქათმებს თავი დაანებე, ჩემთვის კვერცხი უნდა დადონ. - უთხრა ლაზარემ. მელასაც მეტი რა გზა ჰქონდა, დათანხმდა.
მონადირემ თოფი დაუშვა და გზა გააგრძელა. შემოხვდა მგელი. ლაზარემ თოფი დაუმიზნა.
- არ მესროლო, - შეევედრა მგელი, - ერთი საქმე დამრჩა გასაკეთებელი.
- რა საქმე? - ჰკითხა ლაზარემ.
- მე ხროვის ბელადი ვარ. გავიგე, აქ ახლოს, სოფელში მსუქანი ცხვრები ჰყავთ და თუ ამაღამ ჩემიანები სანადიროდ არ წავიყვანე, ბელადობას ჩამომართმევენ. - უპასუხა მგელმა.
- მერე მე რაო? - ჰკითხა ისევ ლაზარემ.
- შენ ჩემი სიყვარული და მეგობრობაო. - მიიღო პასუხად.
- კარგი, არ გესვრი, ოღონდ ცხვრებს თავი დაანებე, ჩემთვის რძეს იწველებიან, რომ მერე ყველი გამიკეთონ. - უთხრა ლაზარემ. მგელსაც მეტი რა გზა ჰქონდა, დათანხმდა.
მონადირემ თოფი დაუშვა და გზა გააგრძელა. შემოხვდა დათვი. ლაზარემ თოფი დაუმიზნა.
- არ მესროლო, - შეევედრა დათვი, - ერთი საქმე დამრჩა გასაკეთებელი.
- რა საქმე? - ჰკითხა ლაზარემ.
- აქვე, ბუნაგში, დაჭრილი მეგობარი მელოდება და თუ ჭრილობა არ გავულოკე, მოკვდებაო. - უპასუხა დათვმა.
- მერე მე რაო? - ჰკითხა ისევ ლაზარემ.
- შენ ჩემი სიყვარული და მეგობრობაო. - მიიღო პასუხად.
მონადირემ თოფი დაუშვა და გზა გააგრძელა. აღარავინ შემოხვდა. უცებ ხეზე ციყვი დაინახა და თოფი დაუმიზნა, ამას მაინც მოვინადირებო.
- არ მესროლო, - გადმოსძახა ციყვმა, - ერთი საქმე დამრჩა გასაკეთებელი.
- რა საქმეო? - ჰკითხა ლაზარემ.
- ფუღუროში იმდენი თხილი მაქვს მოგროვილი, ნაწილი თუ მაინც არ შევჭამე, მკვდარიც ვერ მოვისვენებ. - უპასუხა ციყვმა.
- მერე მე რაო? - ჰკითხა ისევ ლაზარემ.
- შენ ჩემი სიყვარული და მეგობრობაო. - მიიღო პასუხად.
- კარგი, ოღონდ ცოტა თხილი მეც მიწილადე. - უთხრა ლაზარემ. ჩამოუყარა ციყვმა თხილი, აკრიფა ლაზარემ და თხილის კნატუნით შინისაკენ გაუყვა გზას.
- რა მოინადირეო? - ჰკითხა ბაბუამ.
- ბევრი სიყვარული და მეგობრობა. - იყო პასუხი.
სულ ასე ბედნიერად გევლოსო, დალოცა ბაბუამ პატარა ლაზარე.