THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



პიანინო

ნანა კაციაშვილი


ძველ სახლში მასავით ძველი პიანინო იდგა. მტვრითა და აბლაბუდებით დაფარულს პირი უკბილო მოხუცივით ჰქონდა - კლავიში აღარ შერჩენოდა, არც თეთრი და არც შავი. ადამიანებმა სახლიდან ძველი ნივთები სულ გაზიდეს და სანაგვეზე გადაყარეს. ეეეჰო, გულში ხვნეშოდა პიანინო და მეგობრებს უკანასკნელ გზაზე ცრემლიანი თვალებით აცილებდა. ბოლოს პიანინოს მიადგნენ. პიანინოს არ უნდოდა სახლის მიტოვება, უყვარდა აქაურობა; მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა აქ გავატარე და არსადაც არ გავალო - გაიფიქრა და თავის წილ იატაკს მთელი ძალით ჩაეხუტა; ერთგული იატაკიც პიანინოს ფეხებს ჩაებღაუჭა... მტვირთავები ინსტრუმენტს აქეთ-იქედან მოეჭიდნენ, მაგრამ ძვრაც ვერ უყვეს, ისევ მოეჭიდნენ და ვერც ამჯერად დაძრეს; ეჯაჯგურნენ და ეჯაჯგურნენ; პიანინო გაუძალიანდა, სიმწრის ოფლმა დაასხა; და, მისი სიჯიუტით გაოცებულმა პატრონებმა რომ თქვეს, მოდი, დავტოვოთ და შევაკეთოთო, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით.
მტვირთავები წავიდნენ.
სახლი ნელ-ნელა გასუფთავდა, გალამაზდა. საცხოვრებლად ბავშვებიანი ოჯახი გადმოვიდა - გამხიარულდა სახლი.
პიანინო ავეჯის საპრიალებლითა და შალის ნაჭრით გაწმინდეს.
ერთ დღეს ბიჭუნამ კბილის ჯაგრისი და პასტა გამოარბენინა და პიანინოს თავზე შემოდო: - დე, ნახე, ამასაც ჰყვარებია ტკბილეული... კბილები სულ გაფუჭებული აქვს... აი, ესენი საჩუქრად მოვუტანე, - უთხრა დედას და მერე სათამაშოდ გაიქცა.
შერცხვა პიანინოს, არადა, ერთი კანფეტიც არ ჰქონდა გასინჯული... უბრალოდ, დრომ დააძველა.
ერთ დღეს ჩანთიანი უცნობი მოვიდა.
მტვირთავს არ ჰგავდა და პიანინო არ შეშინებულა.
კაცმა ჩანთა გახსნა, იქიდან რაღაც ხელსაწყოები ამოალაგა, მერე პიანინოს მისდგა და თვალის დახამხამებაში ნაწილ-ნაწილ დაშალა.
ერთიანად რომ ვერ მომერივნენ, ალბათ, ნაწილ-ნაწილ გამიტანენო, გულში ასლუკუნდა პიანინო.
კაცმა მოხსნილი ნაწილები წმინდა, ხეხა, აპრიალა, ქლიბა, მერე ისევ პიანინოს მიამაგრ-მოამაგრა და, ინსტრუმენტის გასაოცრად, სხვა ახალი ნაწილებიც ბლომად დაუმატა.
მერე ჩანთიდან ახალთახალი, ლაპლაპა კლავიშები ამოალაგა და სათითაოდ ჩაამაგრა თავ-თავის ბუდეში.
- ააა, ეს ხომ პიანინოების ექიმია... ჩემი მეგობარი ყოფილა და არა მტერი. - გახარებულ პიანინოს თვალები გაუბრწყინდა.
ექიმმა ბოლო კლავიში რომ ჩაამაგრა, მერე სათითაოდ გასინჯა მათი ჟღერადობა - დაჰკრავდა თითს და მის ხმას ყურადღებით უსმენდა. უმეტესად მოწონებით იქნევდა თავს - გახარებული პიანინო ხომ მთელ თავის ნიჭს იყენებდა და დიდი მონდომებით მღეროდა.
პიანინოს ხელოსანმა თავისი სამუშაო დაამთავრა.
მერე ინსტრუმენტს მიუჯდა და ისეთი ლამაზი მელოდია დაუკრა, რომ მთელი ოჯახი შეიკრიბა ოთახში: ისხდნენ და მუსიკას უსმენდნენ. მთელი გულით მღეროდა პიანინო... ერთს კი მოჰკრა ყური: რა კარგი ინსტრუმენტი ყოფილა, კიდევ კარგი, არ გადავაგდეთო. - ჩაილაპარაკა თავისთვის ვიღაცამ.