THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კუტპურა და პურუხა

თამარ გაბროშვილი

სამი მეზობელი ქალი თონესთან ტრიალებს.
ქალებო, ქალებო, ეს რა კარგად მოვიფიქრეთ, ქალებო, პური რაღა სხვადასხვა თონეში ჩაგვეკრა, ერთ თონეს გავახურებთ, ბარემ ერთად გამოვაცხობთ, თან ამ მთისას და იმ მთისას გავიხსენებთ... ოღონდ იცოდეთ, პირველ რიგში მე უნდა გამოვაცხო, ქორწილში ვარ წასასვლელი, ათასი საქმე მაქვს მოსასწრები, აქეთ ესაო, იქით ისაო, რა ვიცი, ამბობს პირველი ქალი, ყველაზე მარდი და ყოჩაღი, თან თონეში წალამს ყრის, რომ ცეცხლი კარგად გააჩაღოს.
მეორე ქალი ფიჩხის კონას შლის და თონეში ამატებს: მე ჩემი დრო ვიცი და თქვენი არა ვიცი რაო. მესამე ნავთსა და ასანთს სწვდება:
ნუ ჩქარობთ ქალებო, მე არ მაგვიანდება, ბოლოს ჩავაკრავ, მოიცადეთ, ახლავე ავაბურბურებ ამ დალოცვილ თონესა, ცოტა ნავთი მიასხ-მოასხა თონეში კოხტად ჩაწკეპილ ტოტებს, მერე გვერდმიჭყლეტილ კონსერვის ყუთში დარჩენილ ნავთში პატარა ნაჭერი ჩაასველა, ფიჩხს წამოსდო, ცეცხლი მოუკიდა და თონეში ჩააგდო. ატყდა ტოტების ტკაცატკუცი, ბოლი ცას ასწვდა, კონას კონა მიამატეს, თონე ჯერ გაშავდა, გაიმურა, მერე თანდათან გაწითლდა და, ბოლოს, მეტისმეტი სიმხურვალისაგან გათეთრება რომ დაიწყო, ფიჩხის ჩამატება შეწყვიტეს.
პირველმა ქალმა ცომი ამოაგუნდავა, თან ცისა და მიწის ჭორები ამოაყოლა.
თონემ პირის ცმაცუნი დაიწყო.
ცოტა ხანი მოიცადე, თონე მოჯდეს, ჯერ ცხარეა, მოვარვარე ნაკვერჩხლებს ბარის პირით შუაში აგროვებს მეორე ქალი.
ერთი იმდენი, რომ არ დავიწვა, ჩაკვრა შევძლო და ცდის დრო სადღა არის, ამბობს პირველი; მეზობელი ქალები ცომის გაბრტყელებაში ეხმარებიან, თვითონ კი ლავაშისხელა თივის ბალიშზე ლაფათაზე ათავსებს გათხელებულ ცომს, გვერდებზე ნამს სცხებს, რომ ლავაში თონეში არ ჩაუვარდეს, მაგრამ რამდენსაც მიაკრავს, იმდენი ტყაპა-ტყუპით ძირს მიდის. ნაკვერჩხალზე საცოდავად იკუნტებიან ლავაშები, გვერდები უნახშირდებათ.
ხომ გეუბნებოდი, ცოტა მოიცადე-მეთქი, ახლა სახლში რაღა უნდა წაიღო, აი, აი... წუხს მეორე ქალი.
ნაღვერდლების წითელ მთას შუაგული გაუჩხრიკეს, ასე იტყვიან, თვალი უყვესო. თონემ მართლა თვალიდან გამოიხედა და მეორე ქალის დროულად ჩაკრული პური ლაზათიანად დაბურცულ-დაბრაწული ამოყარეს. ჩააკრა პური მესამემ. ნაკვერჩხლებს მიჩხრეკდა და მოჩხრეკდა, იქნებ პურს გვერდები ცოტა მოებრაწოსო, მაგრამ არც კი დაიბურცა, ხმიადივით იყო აკრული.
ქალს ხომ არსად ეჩქარებოდა, კარგა ხანს უცადა, მაგრამ წესიერად გამოცხობას რომ ვერ ეღირსა, ბოლოს და ბოლოს, რის ვაივაგლახით, ასტამით ძლივს ამოფხიკა.
თონე მთელი ღამე კუტპურებსა და პურუხებს ახრამუნებდა და თან ულვაშებში ეღიმებოდა.
კუტი, კუტი, კუტპურა,
პური, პური, პურუხა,
ხრამა,ხრუმი, ხრამუნა,
თონემ ჩაახრამუნა.