THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გიორგი წერეთელი

ფიწალა და ნიჩაბა

ბატის ჭუჭულს წივწივით
უკან მისდევს წიწილი:
- ნიჩაბი გაქვს ფეხებად,
ქექვა არ გეხერხება!


მოუბრუნდა ჭუჭული,
უპასუხა კაცურად:
— მე ნიჩაბი მჭირდება,
რადგან წყალში დავცურავ.


შენ ფეხად გაქვს ფიწალი,
ნაგავს ქექავ მიწაზე,
წყალში რომ ჩააბიჯო,
დაიხრჩობი იმწამსვე.

ამ დროს ატყდა ღვართქაფი
და წაიღო წიწილა.
შემოხედა ნიჩაბას,
მიშველეო, — იწივლა.

გადაეშვა ნიჩაბა,
პირი სტაცა ფიწალას,
გაიყვანა ნაპირზე,
თუმცა ბევრი იწვალა.

ჭუჭულს ქექვის შნო არ აქვს,
წიწილს — ცურვის უნარი:
თითო ნაკლი ყველას გვაქვს
სხვისი დასაწუნარი.


მერცხლის სიმღერა

მოვფრინდი და ავჭიკჭიკდი
თქვენი ერთი დანახვითა,
ცხრა მთას იქით ჩემი ყოფნა
ჩალის ფასად არა ღირდა.
სჯობს იქ ნაქსოვ ოქროს ბუდეს,
აქ ნათითხნი ტალახითა...


კოჭლი გოჭი

ჰოი და,
ჰოი და,
მოვიმღერი შორიდან,
ათი ძმა მყავს,
ორი — და
მეცამეტე გოჭი ვარ,
იქით როცა მივდივარ,
უკან ვრჩები,
კოჭლი ვარ,
აქეთ რომ მოვბრუნდებით,
მოწინავე გოჭი ვარ,
მოვდივარ და და-ძმები
ყველა უკან მომჭყივა.
მწკრივის მეთაური ვარ,
რა ვუყოთ, რომ კოჭლი ვარ.

დედა

დედა ჰქვია
დედაციხეს,
დედაქალაქს,
დედამიწას,
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა!
დედა უძღვის წინ ყველაფერს,
ჩვენს სალოცავს,
ჩვენს საფიცარს...
რადგან ძალა დედამ მისცა,
დედა იცავს დედამიწას!