THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



რა ვაჩუქო ნინის?

თეა ლობჟანიძე
- დღეს ნინის დაბადების დღეა! საჩუქარი რომ არ მაქვს?
რა ვქნა? ნინის რა ვაჩუქო? - დაფიქრდა ლალი და საჩუქრის მოსაძებნად გაეშურა.
იარა, იარა და ფისო შემოხვდა.
- ფისო-ფისო, ნინის დაბადების დღეზე წამომყევი! - სთხოვა გოგონამ.
ვერა, ვერ წამოვალ, სათევზაოდ მივდივარ. უკან გვიან დავბრუნდები. - უთხრა ფისომ.
დაღონებულმა ლალიმ გზა განაგრძო. იარა, იარა და კუ შემოხვდა.
- კუ, კუსა, კუსუნა ნინის დაბადების დღეზე წამომყევი?!
-ვერა, ვერ წამოვალ, მდინარეზე მივდივარ საბანაოდ. იქ ჩემი მეგობრები მელოდებიან.
გოგონამ გზა კვლავ განაგრძო. იარა, იარა და ზღარბი შემოხვდა.
-ზღარბო, ზღარბო, ზღარბუნა ნინის დაბადების დღეზე წამომყევი?
ვერა, ვერ წამოვალ. არ მიყვარს როცა მეხებიან. ისე ვბრაზდები, რომ ყველას დავჩხვლეტ და ავატირებ. ბავშვების დაბადების დღეზე ატირება კი ვის გაუგია?
დაღონებული ლალი პარკისაკე გაეშურა. პარკში ტბის ნაპირას ყვავილები ამოსულიყო.
გოგონა ყვავილებში ჩაჯდა და ჩაფიქრდა. უცებ ყვავილზე პაწაწინა ჭიამაია შენიშნა.
ჭიამაია ზანტად მიიზლაზნებოდა ყვავილის ღეროზე. ლალი ჭიამაიას თითით შეეხო.
- რას მაწვები? არ გამჭყლიტო! მე არსად მეჩქარება! _ აყვირდა ჭიამაია. მოხატული ფრთები გაშალა და გაფრინდა.
- დამელოდე, ერთი სურვილი შემისრულე! _ გოგონა ჭიამაიას უკან დაედევნა. ჭიამაია მოტრიალდა და თავისი პაწაწინა ფეხებით ლალის ცხვირზე დაასკუპდა.
- სურვილების ასრულება მიყვარს. ნელა დავცოცავ, არ მომაწვე თორემ გაგებუტები!
- მეგონა ყვავილის ღეროზე ასვლაში დაგეხმარებოდი. შენი წყენა არ მინდოდა. არ გამებუტო რაა?
-ერთი სურვილი შემისრულე, გთხოვ, უარს ნუ მეტყვი.
- რა სურვილი? - დაინტერესდა ჭიამაია.
_ დღეს ჩემი მეგობრის ნინის დაბადების დღეზე მივდივარ. ერთად წავიდეთ. წამომყევი.
- იქ რა უნდა გავაკეთო? - გაუკვირდა ჭიამაიას.
- ყველანი ერთად ვიცეკვებთ, ვიმღერებთ, ბუშტებს გავბერავთ, ტორტს შევჭამთ, ლიმონათს დავლევთ! - უთხრა ლალიმ.
- მერე მე? სულ დაიბნა ჭიამაია.
-შენ ნინის საჩუქარი იქნები. ნინის მიულოცავ დაბადების დღეს.
- დაბადების დღე?- დაფიქრდა ჭიამაია. ვერა, ვერ წამოვალ.
-ვერ წამოხვალ? რატომ?
- თუ ერთ პირობას არ შეასრულებ ვერ წამოვალ!
- რა პირობას? რა უნდა გავაკეთო რომ წამოხვიდე? - დაინტერესდა გოგონა.

- ჩემი მეგობრები უნდა დაპატიჟო. დაბადების დღეზე ჩემს მეგობრებთან ერთად წამოვალ. მეგობრები ხომ მეც მყავს!
ჭიამაია გაფრინდა და უკან მალე დაბრუნდა. მინდორში უამრავი პაწაწინა ჭიამაია მოგროვდა.
-ჩემს ხელისგულზე დასხედით და ერთად წავიდეთ! - უთხრა ლალიმ.
ჭიამაიების წინწკლებიანმა გუნდმა ლალის ხელისგულზე მოიკალათა.
ჭიამაიებმა ერთხმად შესძახეს: - მივდივართ! ჩვენ ყველანი ნინის დაბადების დღეზე მივდივართ.
ლალი პარკიდან პირდაპირ ნინისაკენ გაეშურა. თან ხელისგულზე შემომსხდარი ჭიამაიები მიჰყავდა.
ქუჩის ბოლოს ნინის სახლიც გამოჩნდა. ლალი მიუახლოვდა და კარებზე დააკაკუნა.
ნინის რომ არ დაენახა ლალიმ ჭიამაიები დამალა. კარი გაიღო და ნინი გამოჩნდა.
- ნინი გილოცავ დაბადების დღეს - უთხრა გოგონამ. ხელისგული გაშალა და იქედან ჭიამაიების გუნდი ამოფრინდა.
- რა ლამაზიააა! ამდენი ჭიამაია ერთად არასოდეს მინახავს! გაოცებული ნინი ლალიკოს გადაეხვია.
ჭიამაიები აფარფატდნენ, გახარებულ ნინის თმებსა და მხრებზე დაასხდნენ, საზეიმოდ მორთეს.
მთელი სახლი ჭიამაიებით გაივსო. ბავშვები დახტუნავდნენ. ჭიამაიებს დასდევდნენ და ითვლიდნენ, ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვააა!..
ნინის დაბადების დღეზე ჭიამაიები და ბავშვები ერთად ცეკვავდნენ და მხიარულობდნენ.