THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გოჭი პიცა

მანანა ჯოხარიძე

იყო ერთი გოჭი, სახელად პიცა. მართალია, უცნაური სახელი ერქვა, მაგრამ თვითონ მოსწონდა, იმიტომ რომ საჭმელს აგონებდა; ჭამა კი, უნდა გითხრათ, ძალიან უყვარდა.
ერთხელ პიცა შინ მიკუნტრუშებდა, თან გემრიელი სადილის მოლოდინით ჭყვიტინ-ჭყვიტინი გაჰქონდა. ტბას რომ მიუახლოვდა, ხედავს, გზაზე ნიანგი გაწოლილია, ფეხი ფეხზე გადაუდია და ყალიონს აბოლებს.
- გამარჯობა, - უთხრა გოჭმა, - შეიძლება გავიარო?
- შენ ვინა ხარ? - ჰკითხა ნიანგმა და ყალიონი მოქაჩა.
- პიცა.
- რაო, რაო? - ნიანგმა თვალები გადმოკარკლა.
- პიცა, ასე მქვია და რა ვქნა.
- პიცა? - ნიანგი ერთ წამს ჩაფიქრდა… - ჰო, გამიგია, ამბობენ გემრიელია, მე კი საშინლად მშია, - თქვა და ტორი მუცელზე მოისვა.
- არა, თქვენ ვერ მიმიხვდით, - გოჭი შეცბა, - მე მართლა პიცა კი არა ვარ, უბრალოდ ასე დამარქვეს.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, პიცა ხარ თუ გოჭი, ორივე გემრიელია, - ნიანგმა პირიდან ბოლის რგოლები გამოუშვა, - მაინც უნდა შეგჭამო.
- გოჭი შიშისგან აცახცახდა, - მიშველეთ! მიშველეთ!
- რა იყო, რა მოხდა? - ბუჩქებიდან კურდღელი გამოხტა.
- უნდა შემჭამოს, - გოჭმა ცრემლები გადმოყარა.
- რა დაგიშავა, რატომ უნდა შეჭამო? - შეეკითხა კურდღელი ნიანგს.
- აბა ერთი შენც აქ მოდი! ჩასუქებული ჩანხარ! კურდღელი და პიცა ერად კარგია, იფ! - ნიანგმა ნერწყვი გადაყლაპა.
- გვიშველეთ! გვიშველეთ! - აყვირდა ორივე.
ხმაურზე ცხოველებმა მოირბინეს: - რა ამბავია, რა ხდებაო!
- უნდა შეგვჭამოს! უნდა შეგვჭამოს!
ამასობაში ლომიც მობრძანდა.
- შენ რა, მართლა შეჭმას უპირებ?
- რა ვქნა ძმაო, იმან - პიცა ვარო, ეგეც თვითონ მოვიდა, მე კიდე მშია.
- მოიცა, მოიცა, რა დიდი გულითა ხარ! ვინ მოგცა მაგეების უფლება? აბა, მიბრძანდი აქედან!
- როგორ, თქვენ საჭმელს არა სჭამთ? ჰაერით იკვებებით?
- მაგას არავინ გეკითხება! გითხარი, მიბრძანდი მეთქი!
- წადი, წადი! - აყვირდა ყველა.
- ვა, ეგ რანაირი პასუხია? ესე იგი, რაც თქვენთვის შეიძლება, ის ჩემთვის აკრძალულია? აი, მე კი წავალ და ხო ვიცი, მაგათ თქვენ ჩაახრამუნებთ. - ნიანგმა ყალიონი გადმობერტყა, დაბოღმილი ტბისაკენ გაემართა, - ფუი, თქვენი სამართალიცაო! - გამოაპურჭყა და გინებ-გინებით წყალში შეცურდა.
- თქვენც კარგები ხართ. წინ რას დაუდექით, დროზე ვერ მოუსვით? - ლომმა მოიხედა, მაგრამ აღარც გოჭი დახვდა იქ, აღარც კურდღელი. გაქცეულიყვენენ.
- ისე, კარგი ჩასუქებულები კი იყვნენ, - სინანულით ჩაიბურდღუნა და იქაურობას მედიდურად გაეცალა.
გახარებული პიცა კი პარტყაპურტყით შინისაკენ მირბოდა, თან თავის თავგადასავალზე, დედიკოზე და… გემრიელ სადილზე ფიქრობდა.