THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მაია კარსელი

მარაო
საჩუქრად რომ მოართვეს
ერთხელ ნანას მარაო,
ზამთარ-ზაფხულ ხელში აქვს,
იქნევს წარამარაო.


ობობა

სახლის სხვენზე ობობამ
მოიქსოვა ბინა,
ქსოვას როცა მორჩა,
შიგვე ჩაეძინა.


ჩოჩორი


ჩივის ჩვენი ჩოჩორი:
— მივუმატე ორს — ორი,
რა მივიღე? — ექვსი!
ვიცი დათვლის წესი!


რვა და ორი კენტია,
თანაც ათზე მეტია!
თხუთმეტია - ხუთჯერ ათი —
მე ყველაზე უკეთ დავთვლი!


სამჯერ სამი — ორას ორი
— რატომაა მონაჭორი?
სამჯერ ათი — არის ნოლი!
ცხრაჯერ ორი — ოცდაორი,


პასუხია სწორზე სწორი!
შეკრება და გამოკლება
კარგად ვიცი, არ მეშლება!
იოლია გამოცანა,


ამას ფიქრი უნდა, განა?
ყველაფერი ამოვხსენი!
გონიერი ვარ და ბრძენი

— აღარ მინდა დარიგება,


ჩინებული ვარ, ჩოჩორი;
ოღონდ, ეს ვერ გამიგია,
რად მივიღე დღესაც ... ორი?!


საჩუქარი


მურამ ფისოს მიუტანა
ყველის დიდი ნაჭერი:
— ამის მერე ნუ ვიჩხუბებთ,
ჰა, შუაზე გაჭერი!