THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ბალზე

ქეთევან ჭილაშვილი

 
მწიფს ბალი, მწიფს. ხეზე შემომსხდარან გიო, თინა და შიო. იმათი წკრიალა სიმღერა სოფელს ეფინება მწიფე ბლით ხან პირს იტკბარუნებენ, ხან ტოტებზე ჩამოკონწიალებულ პაწია კალათებში ჰყრიან.
აგერ კენწეროზე სამი ჩიტუნა ჟივჟივით შემოჯდა.
- აბა, გიო, გამოიცან, რას ჟღურტულებენ ჩიტუნები? - ჰკითხა ძმას შიომ.
- ჩვენც და-ძმანი ვართო! - შესძახა გიომ.
- არაფერიც, ჩვენ ვიცით სიმღერაო, - ყელი მოიღერა თინამ.
- ვერ გამოიცანით, - გადახედა და-ძმას შიომ, - იცით, რას ჟივჟივებენ? სულ ნუ გაკრეფთ, ცოტა ჩვენც დაგვიტოვეთო.
- დაგვეწვიეთ, დაგვეწვიეთ! - მიიპატიჟეს ყმაწვილებმა ჩიტუნები.