THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



წყურვილის მოკვლა

თამარ გაბროშვილი
(ანუ ფიცი მწამს და ცისარტყელა მაკვირვებსო)

      ყველა სიყვარული სიცოცხლეა,
     ყველა სიცოცხლე სიკვდილი!
                                                   თ.გ.

გამხმარი ყვავილი ქარმა მოიტაცა. შორს წაიღო. ბევრი აბორიალა თუ ცოტა, ერთ ლამაზ ფერდობზე, თხუნელისგან ამოფრქვეულ მიწაზე შეაჩერა. დაღლილ ყვავილს ეს რბილი ადგილი ძალიან მოეწონა. მოკალათება დააპირა და კაბა ისე საგულდაგულოდ შეისწორა, რომ ციცქნა გულისჯიბიდან თესლი ამოუვარდა და ფხვიერ მიწაში ღრმად ჩაეფლო.
მოდით იმ ზამთარს და ზამთრის ძილს, თავის სიზმრებიანად, თავი გავანებოთ და გაზაფხულზე იმ ყვავილის თესლიდან აღმოცენებულ მშვენიერებას მივხედოთ.
ყვავილს ოქროგული გადაეშალა, საიდანაც ისეთი მათრობელა სურნელი ამოეფრქვა, გამვლელ-გამომვლელნი თუ ფრინველ-მწერნი მისი შობისთვის გამჩენს მადლს სწირავდნენ.
ყვავილს მზე თავს ევლებოდა, ნიადაგიც საზრდოს არ აკლებდა, მაგრამ ისეთი გვალვიანი ზაფხული იდგა, სულ წყალი ენატრებოდა. მის მხურვალე ვედრებას, აბა, ვინ არ შეისმენდა.
ერთ ღამეს, თითქმის მძინარე ყვავილს ჟუჟუნა წვიმა წამოეპარა. თავი სიზმარში ეგონა, მაგრამ წვიმა დილითაც გაგრძელდა და ყვავილი დარწმუნდა, ეს სიზმარი კი არა, ცხადი იყო.რა კარგი ხარ, წვიმავ, როგორ გამახარე, სულ შენს ნატვრაში ვიყავი, ძლივს შვებით ამოვისუნთქე. ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, მეტი აღარ შეიძლება.
ჩემო ყვავილო, გატყობ მართლა გალაღდი. მეც ისე მიხარია შენს სიფრიფანა სამოსელზე დავანება, გეფიცები, შენგან აღარასოდეს წავალ!
ყვავილმა შხაპუნა წვიმას სიყვარულით სავსე გული მთლიანად გადაუშალა, აკისკისდა:
წვიმავ, სიხარულო, ჩემთან ხარ! რამდენს მეფერები!
წვიმა გადაღებას არც აპირებდა, ფერდობზე ნაკადულებად ეშვებოდა. ნიაღვარმა ყვავილს ძირი თანდათან გამოუთხარა.
ყვავილი, ფესვი ერთ ბეწვფუნჯზეღა რომ ეკიდა, მაშინაც იმას გაიძახოდა, რა ბედნიერი ვარო.
ბედნიერივე წაყვა ნიაღვარს და რომელ გუბეში ჩაიხრჩო, არც გაუგია.
ყვავილის ხმა რომ ვეღარ გაიგონა, წვიმა შეჩერდა, უცნაურად გაიღიმა; თავისი, იმწუთიერი, ამაღლებული, განწყობილების გამოსახატავად სველ პალიტრაზე ცისარტყელა მოხატა და სხვაგან წავიდა, ალბათ იქ, სადაც ამჯერად ელოდნენ.