THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მელიების ეშმაკობა

ლადო მრელაშვილი

ამ ოცდაათიოდე წლის წინ კახეთის სოფელ კარდენახიდან ალაზნამდე დიდი მილები ჩაყარეს მიწაში, რათა ალაზნის ჭალიდან სოფლის სამყოფი წყალი ამოეყვანათ.
ჩაყარეს მარგამ შემდეგ გამოირკვა, რომ მიწის ზედაპირის წყლები იმღვრეოდა და ჭუჭყიანდებოდა. ამიტომ თავი მიანებეს და ჩაყრილი მილებიც მიივიწყეს.
გავიდა ხანი. შუა სოფელში, იმ ვეება მილების დასწყისში, გამართეს არყის სახდელი, რომელსაც “ზაოდს” ეძახიან. აქ ჭაჭისაგან ხდიდნენ არაყს, გამოხდილ ჭაჭას კი მაყვლის ბარდების ძირას ყრიდნენ.
მთელი სოფლის ინდაურები, ქათმები, ბატები, და იხვები ამ ჭაჭას მიირთმევდნენ. ჭაჭაში შერჩენილი არყით ნაქიფარნი, იქვე დაბარბაცებდნენ, კივკივ-კაკანებდნენ, ჩხუბობდნენ, კორტნიდნენ ერთმანეთს. მერე ამ დავიდარაბით დაღლილნი იქვე დაეეყრებოდნენ, და სანამ ხელმეორეთ მოშივდებოდათ, ცოტასაც წაუძინებდნენ.
ამ “ზაოდზე” ხშირად ღორის და ცხვრის მწვადებიც იწვებოდა. არყის გამისახდელად არა მარტო კარდენახელებს, არამედ მეზობელს სოფლელებსაც მოჰქონდათ ჭაჭა. სასმელი იქვე იყო და – მოქეიფეებსაც მეტი რა უნდოდათ? ხოლო, სადაც მწვადი იწვება და ხალხი მხიარულობს, იქ, როგორც წესი, სოფლის ძაღლებიც თავს იყრიან. ფრინველებსა და ძაღლებს შორის მუდამ ზავია, რადგან ძვალსა და ჭაჭას სიამოვნებით უთმობენ ერთმანეთს.
იმ დროს კარდანახის ბოლოს ალაზნის ჭალა მელიებით იყო სავსე, მაგრამ არც სოფელი გახლდათ ყურშებისა და მურიებისაგან დაცლილი. ისე რომ, ვერც ერთი გულადი მელა ღამითაც ვერ ბედავდა სოფელთან მიახლოებას. მაგრამ, რაც “ზაოდი” გაჩნდა, მარტო ხალხმა, ძაღლებმა და ფრინვლებმა კი არა, ალზნის ჭალაში ნადირმაც იგრძნო, რომ ამ “ზაოდით” თვითონაც ხეირი უნდა ენახა. პირველ რიგში სოფლიდან ჭალამდე გაყვანილი მილის გამოკვლევა ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ეს ათიოდკილომეტრიანი “გვირაბი” პირდაპირ “ზაოდთან” მიდიოდა, აქედან კი მაყვლიანი იწყებოდა. მელიები ბარდებიდან მუცელზე ხოხვით ჭაჭამდე მიდიოდნენ, კარგად შეზარხოშებულ ქათმებსა და ბატ - ინდაურებს დღისით-მზისით იჭერდნენ და უკან – გვირაბში მიაცუნცულებდნენ.სოფლის არა ერთ მურასა და ბოთვერას არ მოსვლია აზრად, რომ სადაც იწვნენ და თვლემდნენ, იქვე მათ ქვეშ, თვითონ ძილშიაც რომ არ დასიზმრებიათ, ინდაურისა და ბატის მსუქან ბარკლებს მელიები გემრიელად შეექცეოდნენ. ვერავინ იგებდა, სად და როგორ იკარგებოდნენ ჭაჭით ნასუქი მათი ინდაურები, ქათმები და ბატ-იხვები. დაეჭვებულნი მეარყეებს სდებდნენ ბრალს ქურდობაში. ყველა მათგანი მოითხოვდა არყის სახდელის გაუქმებას. არადა სიფელს ეს “დაწესებულებაც” სჭირდებოდა.ფრინველთა პატრონებსა და “ზაოდელებს” შორის უკვე აშკარად იგრძნობოდა საომარი განწყობილება.
მაშინ უწყლობითა და ხალხის მტრული ურთიერთობით შეწუხებულმა სოფლის მესვეურებმა თბილისიდან კვლავ მოიყვანეს სოფლის ოსტატები. ოსტატებმა ძველად ჩაყრილი მილების გვერდზე, სიფლიდან ხუთიოდე კილომეტრის დაშორებით, ასი მეტრის სიღრმეზე გაბურღეს მიწა და იქ ცივი წყლის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. გახარებულმა კარდენახელებმა, რომ აღარ დასჭირდათ მიწის თხრა და წყალსადენის ხელახლა გაყვანა, ააშენეს სატუმბი სადგური, გადაჭრეს მილი, ალაზნისკენ გაშვებული ნახევარი გააუქმეს, ხოლო სოფლისაკენ მიმავლის კარგად გამორეცხვა გადაწყვიტეს.
სასმელი წყლის გამოყვანა სოფლისთვის დიდი ზეიმი იყო. კარდენახის მთელი მოსახლეობა დიდ-პატარიანად ესწრებოდა ამ სანახაობას. როგორც კი წყალი შხუილიღ შევარდა მილში, იქიდან უამრავი მელა გამოცვივდა და თავპირის მტვრევით დაეშვა ალაზნისაკენ. შემცბარი კარდენახელები გონს მაშინ მოეგნენ, როცა თავქვე გაჭენებულ მილებს იქვე მყოფი ძაღლები ყეფით გამოენთნენ. მალე წყალმა მილიდან ფრინველთა უამრავი ძვალი და ბუმბულიც გამოყარა.
აჟრიამულებული ხალხი უცებ გაჩუმდა, ჯერ გაკვირვებით დააღო პირი, მერე კი მელიების ეშმაკობით გაოცებული, ერთბაშად ახარხარდა!
დაკარგული ქათამ-ინდაურების პატრონები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას, “ზაოდელ” თანასოფლელებს ბოდიში მოუხადეს და შერიგების ნიშნად გადაკოცნეს.