THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კაქტუსების იჯახი

ლელა ცუცქირიძე

ერთი დიდი ქალაქის მრავალსართულიან სახლში კაქტუსების პატარა ოჯახი ცხოვრობდა: მამა კაქტუ, დედა კაქტუსინა და შვილი კაქტუნა.
ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი იყო.
შაბათობით დედა კაქტუსინა შოკოლადის ტორტს აცხობდა და მეზობლებს ეპატიჟებოდა, მაგრამ ამაოდ. საღამო ისე ჩაივლიდა, რომ კარზე ინკასატორის გარდა არავინ რეკავდა.
ალბათ არ გვკადრულობენო, ფიქრობდნენ კაქტუსები და მოწყენილები უყურებდნენ ტელევიზორს. მეზობლებს კი, უბრალოდ, მათთან მისვლის ეშინოდათ. კაქტუსები სტუმრებს სულ ლოყებს უკოცნიდნენ და ძალაუნებურად ჩხვლეტდნენ. ერთმა მეზობელმა ამის გამო ექიმთანაც ამოჰყო თავი: კაქტუსინას ნაჩხვლეტი გაუმიზეზდა!
ერთხელ მამა კაქტუს დიდი უსიამოვნება შეემთხვა: სამსახურიდან დაითხოვეს.
დამავიწყდა მეთქვა, რომ მამა კაქტუ ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა. ჰოდა ერთ დღეს მაღაზიაში შესულ ცნობილ მინისტრს პიჯაკის ჩაცმაში მიეხმარა. ცნობილი მინისტრი ისე დაიჩხვლიტა, რომ სულ ყვირილით გავარდა გარეთ.
მაღაზიის დირექტორმა არც აცია და არც აცხელა, მამა კაქტუ სამსახურიდან დაითხოვა.
რაღა ექნა მამა კაქტუს, ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო.
ჯერ პურის საცხობში მოეწყო მცხობელად, მაგრამ ერთ ჭორიკანა ქალბატონს ფუნთუშის ჭამის დროს ენაზე ეკალმა უჩხვლიტა და გამწარებულმა საცხობის გამგესთან იჩივლა.
რა თქმა უნდა, მამ კაქტუ საცხობიდან დაითხოვეს.
შემდეგ ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ მკითხველებს წიგნის გადაფურცვლისას სულ ხელები ეჩხვლიტებოდათ და იქიდანაც გაათავისუფლეს.
დრო კი გადიოდა.
საღამოობით მამა კაქტუ ტელევიზორთან იჯდა და თან გაზეთებს ათავლიერებდა, იქნებ სამსახური ვიშოვოო და ბედი არ გინდა? ერთ დღეს გაზეთში ასეთი განცხადება წაიკითხა: ვეძებთ კაქტუსს კომპიუტერულ ფირმაში სამუშაოდ.
მამა კაქტუსმა დაიკოსა თავზე სოლიდური შლაპა, გაიკეთა სოლიდური ჰალსტუხი, დედა კაქტუსინამ მარტო ვერ გაგიშვებო, თვითონაც გამოიპრანჭა, მეუღლეს წაჰყვა.
სწორედ ასეთ კაქტუსს ვეძებდიო, გაიხარა კომპიუტერული ფირმის პრეზიდენტმა და მამა კაქტუს თავის კომპიუტერთან მიუჩინა ადგილი. მოადგილეს ფირმის პრეზიდენტის შეშურდა და დედა კაქტუსინას თავის კომპიუტერთან შესთავაზა მუშაობა.
დედა კაქტუსინამ ცოტა კი დაიმორცხვა მაგრამ იფიქრა, იფიქრა და დათანხმდა.
ისეთი მშვენიერი სამსახური ჰქონდათ, რომ დღითი-დღე მშვენდებოდნენ.
მამა კაქტუ თავის შეფს დაემსგავსა: ღიპი დაედო, ლოყები დაებერა და ცხვირზეც ოქროსჩარჩოიანი სათვალე დაიკოსა.
დედა კაქტუსინა კი ისე იპრანჭებოდა, რომ წელიწადში ხუთჯერ ჰყვაოდა.
არც მათი ეკლები აწუხებდა ვინმეს. პირიქით, თანამშრომლებს კაქტუსები ისე უყვარდათ, რომ სულ ეფერებოდნენ და ერთხელ გამოფენაზეც კი გაიტანეს.
ალბათ იკითხავთ, კაქტუნა სადღა იყოო?! სანამ მამა კაქტუ და დედა კაქტუსინა მუშაობდნენ, კაქტუნა ფირმის პრეზიდენტის შვილებთან ერთად კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა და ახალი მეგობრების შეძენით ისიც ძალიან ბედნიერი იყო.