THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მომღერალი ბახალა

ნინო ბეზარაშვილი
ერთ ხეზე ბუდობდა სამი ყვავი. დედა, მამა და მათი ერთადერთი შვილი, რომელიც უკვე დიდი იყო, მაგრამ მოფერებით ისევ ბახალას ეძახდნენ. მშობლებმა ხან რა ასწავლეს ბახალას, ხან რა, ბახალამ კი გული ვერაფერს დაუდო. ბოლოს დედამ გადაწყვიტა ქსოვა მაინც ესწავლებინა. გაფრინდა, ანწლებზე დახვეული აბრეშუმა ბლომად დაგლიჯა და შვილს აუხსნა, როგორ უნდა მოექსოვა. ბახალამ მალე ისწავლა ქსოვა. მოხერხებულად გააბ-გამოაბა ნისკარტით მოყვითალო ძაფი და რამდენიმე დღეში დედას თავშალი მოუქსოვა. ქსოვდა და ქსოვდა ბახალა, რაც ქსოვა დაიწყო, დედ-მამას წინდა-პაჭიჭი აქარ გამოლევია...
ერთხელ, როცა ბახალა და თავისი მშობლები მშვიდად საუბრობდნენ, უცნაური ხმა მოესმათ... მამა ყვავმა დედა ყვავს უთხრა.
- საოცარია პირდაპირ, აგერ საცაა ასი წლისა გავხდები და ამ არემარეზე ჯერ ასეთი ხმა არა მსმენია. ნეტავ ვინ მღერისო?
- ახლა რაღა იქნება, ღამეა, ხვალ კი გავიგებ, - მიუგო დედა ყვავმა.
სისხამ დილით ისევ გაისმა მომხიბვლელი ხმა. მაშინ დედა ყვავმა ბახალას სველი ნისკარტით ქოჩორი დაუვარცხნა და წავიდნენ.
ისინი ხმას მიჰყვნენ და ღელის პირას ასკილის აყვავებულ ბუჩქთან შეჩერდნენ, სადაც სმენადაქცეული ფრინველები დაინახეს. მაღალი მთიდან არწივიც კი მოფრენილიყო. ჯერ შეშინდნენ ყვავები, ქორმა ან არწივმა კლანჭი არ მოგვდოსო, მაგრამ მალე დამშვიდდნენ. ფრინველები ისე იყვნენ მოხიბლული სიმღერით, რომ არავისთვის არ ეცალათ.
მომღერალი პატარა ჩიტი იყო, ასკილის ტოტზე წამომჯდარიყო, თავი ყვავილზე დაედო, თვალები დაეხუჭა და მღეროდა. ყვავებმა კარგად შეათვალიერეს. გაიგეს, რომ ბულბული ერქვა სახელად და მერე შინისკენ გამობრუნდნენ.
ეს იყო და ეს, ბახალას ხმა აქარ ამოუქია. მოიწყინა, აღარც სვამდა, აღარც ჭამდა, აღარც ტოლებში ერთობოდა და ქსოვა ხომ სულ არ აგონდებოდა. შეშინებული მშობლები შვილს ეკითხებოდნენ.
- რად მოიწყინე, ბახალავ, ან ქსოვას თავი რატომ მიანებე?
- ქსოვას თავი რატომ მიანებე! - გაიმეორა მათი სიტყვები გაბრაზებულმა ბახალამ, - სიმღერა ვერ მასწავლეთ! ქსოვა რა ჭირად მინდოდა, ჩხორე* რამდენიც გინდა, ვინ უყურებს, ვის ესმის, ჩემზე ბევრად პატარა ჩიტუნას კი მთელი ქვეყნის ფრინველები უსმენდნენ და აქებდნენ!
- რა გადარდებს, შვილო, - მოეფერა დედა, - ვთხოვოთ ბულბულს და გასწავლის სიმღერას.
- მერე, შეუძლია სიმღერის შესწავლა? - დაეჭვდა მამა ყვავი.
- რატომაც არა, - გამოექომაგა შვილს დედა, - ბავშვს გულს რად უფუჭებ?! - მერე ბახალას მიუბრუნდა.
- ნუ გეშინია, შვილო, ოღონდ შენ მოიწადინე და ბულბული გასწავლის, უარს არ გეტყვის.
მეორე დღეს დედა და მორთულ-მოკაზმული ბახალა ბულბულთან წავიდნენ. ბულბულმა ის იყო სიმღერა დაამთავრა, რომ ძახილი შემოესმა.
- ბულბულო, ბულბულო, - დაბლიდან შესძახა დედა ყვავმა, - მომისმინე, ერთი პატარა სათხოვარი მაქვს.
ბულბული სტუმრების პატივსაცემად დაბლითა ტოტზე ჩამოფრინდა.
- ერთადერთ შვილს ნუ დამიჩაგრავ, გეხვეწები, ასწავლე სიმღერა ჩემს ბახალას.
ბულბული შეყოყმანდა, იუცხოვა ასეთი თხოვნა, თანხმობის თქმა გაუძნელდა, ხათრით უარიც ვერ უთხრა.
- მასწავლებლობა არ მეხერხება, დეიდავ, თორემ მაგაზე არ დაგზარდებიო.
ბულბულს ეგონა, ამით მოიშორებდა აბეზარ სტუმრებს, მაგრამ დედა ყვავი არ მოეშვა.
- მაშ, ეს მაინც გვითხარი, შენ ვინ გასწავლა სიმღერა, ჩემს ბახალასაც იმას მივაბარებო.
- თუ დაიჯერებთ, ჩემთვის არავის არ უსწავლებია, მე თვითონ ვიცოდიო, - მიუგო ბულბულმა.
- არა, გეთაყვა, ეგ რა დასაჯერებელია, მაშ როგორ მღერი ასე კარგად, თუ არავის უსწავლებია? - შეესიტყვა ბახალა.
ასე იყო თუ ისე, ყვავებმა დაითანხმეს ბულბული.
ამის შემდეგ ბახალა ყოველ დღე დადიოდა ბულბულთან. საქსოვს აქარ ეკარებოდა, ამხანაგებშიც თავს მაღლა იჭერდა, იკვეხნიდა. “მალე მეც ბულბულივით ვიმღერებ და ყველა მომისმენსო.”მაგრამ ზაფხულის დამლევს, ბულბულმა ყვავს პირდაპირ უთხრა.
- დღეის შემდეგ ჩემთან ნუღარ მოხვალ, ბახალავ, ხვალ დილით თბილ ქვეყანაში მივფრინავ. წადი, ადრე რა ხელობაც იცოდი, ისევ იმას დაუბრუნდი, შენ სიმღერისა ვერა გაიგე რა, არც ხმა გაქვს და არც სმენაო.
- სცდებით! - იუკადრისა ბახალამ, - მე ძალიან კარგად ვისწავლე სიმღერა, მაგრამ გაბედულება არა მაქვს, რომ შენსავით ვიმღერო.
ისე გააბრაზა ბულბულის სიტყვებმა ბახალა, რომ ნისკარტიც კი მოუღერა მასწავლებელს.
მათი საუბრისათვის ბეღურას მოეკრა ყური, წინ გადაეღობა ბახალას და შესძახა.
- რა გაბრაზებს, ბახალავ? რას ერჩი ბულბულს? ეს ხვალ თუ ზეგ გაფრინდება თბილ ქვეყანაში, ბურთი და მოედანი შენ დაგრჩება. მოიწვიე ჩვენი ტყისა და მინდვრის ფრინველები, ვნახოთ ერთი, რა სიმღერა ისწავლე, ავისა და კარგის გარჩევა ჩვენც შეგვიძლიაო.
ბახალას ჭკუაში დაუჯდა ბეღურას რჩევა, დედასთან გაფრინდა და სთხოვა, როგორმე მომიგროვე ფრინველები, მოვასმენინებ, როგორ ვმღერიო.
დედამ მეზობელ კაჭკაჭს სთხოვა.
- ჩემმა ბახალამ უნდა იმღეროს, დამეხმარე ფრინველების მოწვევაში, ენაწყლიანი ხარ, არ გაგიჭირდება მათი მოპატიჟება.
“ყველაფერი გამიგია და ყვავის სიმღერა კი არა. აქ რაღაც საკვირველი ხდება~, - გაიფიქრა კაჭკაჭმა და ყვავს შეპირდა, - ხვალ დილით ყველანი აქ იქნებიანო.
მართლაც, მეორე დღეს, მზის ამოსვლამდე, ხის გადანაჭერი კუნძის გარშემო აუარებელი ფრინველი შეიკრიბა. საუბრობდნენ, ქოთქოთებდნენ, მაგრამ როცა “მომღერალი”ბახალა კუნძზე წამოიჭიმა, მაშინ ყველანი გაჩუმდნენ, გაინაბნენ. პაწაწინა ღობემძვრალა ჩიტიც კი, ერთი წუთით გაჩერება რომ არ შეეძლო, ისე გაიკანკა*, სუნთქვა შეწყვიტა.
ბახალა გაიბერა, დაიძაგრა, თვალები დააჭყიტა, ვეებერთელა პირი დააქო, მაგრამ ტკბილი ჰანგების ნაცვლად საშინელი ხმა აღმოხდა. “ყვა, ყვა, ყვაო”, - დაიჩხავლა.
შიშისაგან გულგახეთქილი ფრინველები აქეთ-იქით გაიფანტნენ, ყველას ფერი აცვლევინა ბახალას ჩხავილმა. ზოგი ბალახზე დაფრქვეული ცვარით იბრუნებდა გულს, ზოგი, უკვე გონზე მოსული, ბრაზობდა. ამის გულისთვის აქ როგორ მოგვიყვანესო. მხოლოდ ყვავები იღიმებოდნენ. მოეწონათ ბახალას “სიმღერა”, ამ ჩხავილით სხვას თუ ვერა, პატარა ჩიტებსა და წიწილებს მაინც შევაშინებთ და ადვილად დავიჭერთო. შერცხვენილი ბახალა და მისი მშობლები ამითღა დაამშვიდეს.
ამბობენ, წინათ არც ერთმა ყვავმა არ იცოდა ჩხავილი, იმ “კონცერტის” შემდეგ კი ყველამ ისწავლაო.