THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თაფლო

ნინო ბეზარაშვილი

თაფლომ ერთმანეთში ჩახორხლილი ნაცარქათამასა და ძირხვენის შარშანდელი ჩხირები მოიტანა და ეზოში მწიფე ღვინა ლეღვით სავეს გობთან დააწყო.
თაფლო ყოველ წელიწადს გამოზრდიდა ხოლმე ღობის ძირას ნაცარქათამასა და ძირხვენებს. შემოდგომაზე მოჭრიდა, ფოთლებს, ყვავილებს შეაცლიდა, მარტო ტოტებს შეუნარჩუნებდა. იმ ტოტებსაც წვერებს წაათლიდა, გაფხეკდა, გაასუფთავებდა, რომ ლეღვი ან ატამი აებნია ზედ და თონეში ჩაეკიდა შესაწვავად. ახლაც ლეღვის ასაბნევად მოიტანა, მტვრიანი ჩხირები ტილოთი დაწმინდა, მერე იქვე კუნძზე ჩამოჯდა, წინსაფრის ჯიბიდან საკეცი დანა ამოიღო და ლეღვის ფცქვნას შეუდგა.
გაფცქვნა ერთი, მეორე, მესამე და შეჩერდა. ხელები მომუჭა ისევ გაშალა, მომუჭა, ისევ გაშალა. ამ ბოლო დროს თითები თითქოს ეკრუნჩხებოდა, სტკიოდა, მაგრამ არ ეპუებოდა, საქმეს მაინც აკეთებდა.
თაფლომ დანაოჭებული, კოჟოჟებად ქცეული ხელები კიდევ რამდენჯერმე მომუჭა გაშალა და როგორც კი ოდნავი შვება იგრძნო, ისევ განაგრძო ლეღვის ფცქვნა.
ფცქვნის თაფლო ლეღვს, ფცქვნის და თან თავისთვის ჩუმად ამბობს:
“რანაირი საქმე ვიცოდი, თვალერთწამს ვაკეთებდი ყველაფერს, ლეღვს მე თვითონ დავკრეფდი, დავფცქვნიდი, ჩხირებზე ავაბნევდი, თონეშიც ჩავკიდებდი. შანამ ჩემი ბალღები სკოლიდან მოვიდნენ, საქმე სულ მოთავებული მქონდა. ახლა რაღამ დამადუნა, შუადღე წამოვიდა და, აბა, ჯერ რა გავაკეთე? თანაც მე ხო არ დამიკრეფია ლეღვი, ბიჭმა დამიკრიფა დილას. მაინც ვერა გავაშავშავე რა, გობი ისევ სავსეა ლეღვით. რად მომივიდა ეგრე, სად დაიკარგა ჩემი ხელების სიმარდე? გაგონილა, როგორ იცვლება ადამიანი, როცა ხანში შედის. სილამაზესა და სიკოხტავეზე არაფერს ვამბობ. ოღონდ ცოტა ჯანი შემრჩენოდა, ჩემს გემოზე მეკეთებინა საქმე, მეც გამეხარა და სხვისთვისაც მერგო რამე. აფსუს, რა საქმე ვიცოდი!” - ამ ლაპარაკში იყო თაფლო, რომ ხმაური მოესმა. ორღობეებს ჟივილ-ხივილით მოედვნენ სკოლიდან დაბრუნებული ბალღები. თაფლომ ჭიშკრის ჭრიალიც გაიგონა. ეზოში თორმეტ-ცამეტი წლის გოგონა შემოვიდა.
- ბებო, მგონი, ლეღვი სულ დაფცქვენი არა? - შორიდანვე ჰკითხა გოგონამ. - მე ხომ გითხარი, სკოლიდან რომ მოვალ, გიშველი-მეთქი.
- ლეღვის მეტი რა არის, შვილო, ჯერ პური ჭამე, დაისვენე და მერე, რამდენიც გინდა, დაფცქვენი!
გოგონა სახლისკენ წავიდა. თაფლომ თვალი გააყოლა.
“თავის დღეში ეგრე არ მოუწადინებია, წინათ საქმეს თითქოს ვერც კი ხედავდა, სათამაშოდ გარბოდა. ახლა გულით უნდა, რომ მომეხმაროს. ასეა, ყველაფერი დრომ იცის, გაიზარდა გოგო, გაიზარდა”.
ცოტა ხნის შემდეგ ბებია და შვილიშვილი ერთად ფცქვნიდნენ ლეღვს. ერთი იქიდან მისჯდომოდა გობს, მეორე - აქედან. გოგონა აჩქარებით ფცქვნიდა, ტან ხვეწნით ეუბნებოდა თაფლოს:
- ლეღვის ჩირს მე დავაბრტყელებ რა, ბებო, ნართის ძაფზედაც მე ავაბნევ.…
- დააბრტყელე, შვილო, ჯერ ხომ უნდა შევწვათ, მერე აქ არ იქნება!
თაფლო ადგა, ხელები ერთი-ორჯერ კიდევ მომუჭა და გაშალა, მერე წვრილად დაჭრილი ფიცხი თონეში ჩაყარა და ცეცხლი ჩაუკიდა. ფიჩხი რომ ჩაიწვა, თაფლო ბოსტნისკენ წავიდა, ღობესთან მიყრილ ქავ-ღორღიდან კრამიტის ნატეხები გამოარჩია, ერთმანეთზე დააწყო, თონესთან მიიტანა და სათითაოდ თურთქელში ჩაყარა. თონის ძირს გარშემო შემოუმწკრივა და საჩხრეკით გაასწორა, რომ ერთი მეორესთან ძალიან ახლოს არ ყოფილიყო. ამასობაში გოგონამ ლეღვი სულ დაფცქვნა, ახლა უკვე ჩხირებზე აბნევდა.
თაფლო თონესთან შედგა. შვილიშვილს გაკვირვებული მიაჩერდა თითებში. პირველად ხედავდა, რომ გოგონა ასე ბეჯითად აკეთებდა საქმეს. წიგნის კითხვისა და წერის მეტი სხვა რამეც თუ შეეძლო, არ ეგონა.
გოგონას შვენოდა საქმის კეთება. სიტკბოთი აპრიალებული თითებით მოხდენილად იღებდა გაფცქვნილ ლეღვებს ტაბაკიდან და მოხდენილადვე აბნევდა აქეთ-იქით გაშვერილ ჩხირებზე. ჯერ ერთს, ახლა - მეორეს, მერე სხვებსაც მიაყოლებდა და ასე მძივივით აკინძავდა.
უყურებდა თაფლო შვილიშვილს, უყურებდა და გრძნობდა, რომ მარტო ლამაზად კი არა, სწრაფადაც აკეთებდა საქმეს. გოგონას თითები სიჩქარისგან თითქოს სხმარტალებდნენ, წვრილი ლიფსიტა თევზებივით სხმარტალებდნენ.
“ვინ აძალებს, ეგრე ფაცხაფუცხით რად აბნევს ლეღვს ჩხირებზე? მაგრამ ხასიათია, ძალიანაც რომ უნდოდეს, ალბათ ნელა ვერ გააკეთებს საქმეს”. - გაიფიქრა თაფლომ და გოგონასთან მივიდა, ლეღვით ამძივული ჩხირი გამოართვა, ძირი ნაღვერდლებში ჩაგდებულ კრამიტის ნატეხზე დაუდო და თონის კედელს მიაყუდა ფრთხილად, სათუთად, რომ ლეღვები შიგ არ ჩაცვენილიყო.
იქიდან რომ გამობრუნდა, გოგონას მერე მეორე ჩხირიც აევსო.
- “რა ეჩქარება, უკან ვინ მოსდევს!” - კიდევ გაივლო გულში თაფლომ. თქმით კი არაფერი თქვა, მხოლოდ ისევ თითებში მიაჩერდა გოგონას.
უყურებს, უყურებს და რაღაცა ეცნობა, რაღაცა ახსენდება, თითქოს დიდი ხნის წინ სადღაც უნახავს ეგეთი კოხტა, მარდი თითები.
“ნეტავ სად მინახავს?” - ჩურჩულებს თაფლო.
“რა შორს მიდიხარ, ადამიანო, - ეუბნება თაფლო თავის თავს. - ვერ უნდა იცონ? ეს ხომ სენი საკუთარი თითების მაშინდელი, ძველანდელი.” - მოხუცს ავიწყდება ხელების კრუნჩხვა და ხალისით ჰკიდებს თონეში ლეღვით დამძიმებულ ჩხირებს. გახარებულია თაფლო, თითქოს რაღაც იპოვნაო, ძვირფასი, სანუკვარი. Dიდი ხნის წინ დაკარგული და თვალს მიფარებული.
“ტყუილად ვამბობდა, დაიკარგა-მეთქი, ტყუილად. არაფერიც არ იკარგება. თუკი რამ სიკეთე აბადია ადამიანს, თურმე თავს იჩენს, უსათუოდ თავს იჩენს და გაღვივდება!” - ამბობს თაფლო.
თონეში კი ჩხირებზე ამძივულ ლეღვს ცხელი ოხშივარი ასდის და ტკბილ სურნელად ეფინება თაფლოს ეზო-ყურეს.