THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ცირა ქიტიაშვილი

ჩურჩხელა
როცა ჩურჩხელას ვყიდულობ,
რაღაცნაირად ვდიდგულობ,
გამახსენდება დიდგორი,
კრწანისი, ერწო, მარაბდა..


ომში წასული ბიჭები,
საგზალი ჰაიჰარადა.
ყველას მიჰქონდა უთქმელად
ტკბილი კახური ჩურჩხელა.


ჩვენი მიწის, ჩვენი მაჯის,
ჩვენი გარჯის ნაყოფი,
გულის ჯიბით სატარები,
სადილ-ვახშმად სამყოფი.


არავინ იყო თავნება,
ახსოვდათ სარდლის ბრძანება:
”ვაზის წვენი მოგიმატებთ
სიფიცხეს და ძალასაო


და დაიცავთ ლომკაცურად
ჩვენს სოფელს და ქალაქსაო”.
ოხვრით, ცრემლით და დაგვითა,
უტკბილესი ბადაგითა,


შილდაში თუ შიბლიანში,
მარტყოფსა თუ ანაგას
დედა, ცოლი უმზადებდათ
საგზლადა და მარაგად


იმ ჩურჩხელას, გასაოცარს,
სხვა საჭმელს რომ არა ჰგავს.
გულის ჯიბით სატარებს,
სადილ-ვახშმად სამყოფს,


ჩვენი მიწის, ჩვენი მაჯის,
ჩვენი გარჯის ნაყოფს.
როცა ჩურჩხელას ვყიდულობ
რაღაცნაირად ვდიდგულობ:


გამახსენდება კიევი,
სევასტოპოლი, ქერჩი,
გადამტვრეული ჩურჩხელა
თანამებრძოლის ხელში.


თეთრი ფიფქით დაფარული,
ტკბილად დაშაქრებული,
ჩურჩხელები ჩვენებური,
ჩურჩხელები ქებული.

სანგრებში რომ ჩამოჰქონდა
მშობელ მიწის სითბო,
ცხრა ძმას ედო ხელისგულზე
დაფიფქული ხვითო.


ირგვლივ ცეცხლი მძვინვარებდა,
ალი სცემდა ცამდე
და ჩურჩხელას ის ბიჭები,
მზის კვერივით ჭამდნენ.


გულის ჯიბით სატარებს,
სადილ-ვახშმად სამყოფს,
ჩვენი მაჯის, ჩვენი გარჯის,
ქართულ ვაზის ნაყოფს.


ბავშვობაში, დიდობაში
ხშირად მომნატრებია;
თახჩაში თუ კიდობანში
გვიმალავდა ბებია.


წალოშიაც მომინახავს
საგანგებო მარაგი,
გოგიტებო, ქიტესებო,
იქნებ თქვენც იპარავდით?!


ტკბილი იყო.
ტკბილად მახსოვს,
ტკბილად დარჩა მარადის.
გულის ჯიბით სატარები,


სადილ-ვახშმად სამყოფი,
ჩვენი მაჯის, ჩვენი გარჯის
უტკბილესი ნაყოფი.


ბიჭობა განა ღონეა!
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი.
ვაჟა.


ზოგიერთს ასე ჰგონია,
ბიჭობა მარტო ღონეა.
მაგარი, რკინის კუნთები,
მარჯვედ ნატყორცნი ბურთები,
გოლის დროული გატანა...
ბიჭობა არის ატანა,
თუნდ იყოს ასჯერ ნაცემი,
ბიჭი არ არის გამცემი.
თუნდაც დაერჭოს ყირაზე -
ბიჭი არ ტირის ჯიბრაზე.
ზოგიერთს ასე ჰგონია,
ბიჭობა მარტო ღონეა,
ველოსიპედით გართობა.
ბიჭობა არის დათმობა,
სხვისთვის მიცემა ფარაჯის
ბიჭია სუსტის დარაჯი,
ქალის და ბავშვის ქომაგი.
ბიჭი ბიჭდება ომამდის
და ომში დიდი გული აქვს,
მტერთან დახვედრა მტრული აქვს,
სამშობლოს სიყვარული აქვს.
ზოგიერთს ასე ჰგონია,
ბიჭობა მარტო ღონეა,
ცურვა, სრიალი, ჭენება.
ბიჭობა არის შენება
დანგრეულის თუ ახლისა,
ძველი ტაძრის და სახლისა.
ბიჭობას ახლავს სიმართლე,
აიკეთე აზრის სინათლე.
ბიჭობა სასურველია,
ბიჭობა სანატრელია,
მისგან დიდ საქმედ ელიან.
ეს ნათქვამი კი ძველია:
ბიჭობა ძნელზე ძნელია!


მაკრინე
(მაყვალა მრევლიშვილს)
ატმის ყვავილი ვიყავი,
კეკლუცად გავიპრიალე,
გავუდიდგულდი დედაჩემს,
რატომ დამარქვი მაკრინე?!
ტოლ-სწორის გასაცინარად
მითხარი, რატომ გამწირე,
რისთვის დამარქვი მაკრინე,
რატომ დამარქვი მაკრინე?!
ხომ შემფეროდა თამარი,
ირინე ანდა მარინე?
ან მზია ვყოფილიყავი,
ან ზეცად რად არ მაფრინე?!
ვიჭიჭყინე და ვიცხარე,
სახელიც დიდად გავკილე
და... ვერ შევნიშნე, დიდედო,
ოქრო გული რომ გატკინე,
ცხრა მზეჭაბუკის გამზრდელო,
ჩემო სეხნია მაკრინე.
ვინანე, ვაი, ვინანე,
თვალს ცხარე ცრემლი ვადინე.
დარდიც ვატარე ლოდივით,
გულიც მეწოდა საკირე.
მაგ თბილ ჭაღარას ვფიცავარ,
რა აღარ მოვიწადინე.
უსაყვედუროდ დამტოვე,
ჩემო ბერდედო მაკრინე.
შენი ნაქარგი თავშალი
ძეწნაზე გადმოვაფინე,
ლხინის სუფრაზე შემოვდგი,
შენი ნამზითვი საღვინე.
შენი თვალებით მიცინის
შენი ნაქსოვი ხალები,
დროშად მაქვს შენი სახელი,
მაგ სახელს ვენაცვალები,
შვილიშვილებსაც დავარქმევ,
თუ მეყოლება ქალები!


მამუკას ფიქრები
ეს რა სიმდიდრე, ეს რა სიმდიდრე
შემმატა სოფლის ციხემ ბებერმა,
ჩამონგრეულმა ძველმა ქონგურმა,
ატირებულმა წვიმით კედელმა.
ღრუბლებთან, სადაც გორის წვერია,
ოდესღაც ლოდზე წაუწერიათ:
”მყავდა ბატონი დიდზე დიდიო,
ჯაფით ვიცხოვრე, ქვაზე ვთლიდიო.
ხელს მიქებდნენო, გარჯას, სიმარდეს,
ციხე ავაგე, კაცად ვივარგე.
მტრის სისხლში ხმალიც გამიფერია,
მერქვა მამუკა”, - ასე წერია.
მეც მამუკა ვარ. ჩემი ჯერია,
ჩემისთანები ახლაც ბევრია!
ჩემს ლამაზ მამულს სხვას არ მივანდობ,
სეხნიასავით უნდა ვივარგო.
ყველას თავისი უნდა მივაგო;
საქმე მეც უნდა მქონდეს საჩემო,
უნდა ვიბრძოლო, უნდა ვაშენო,
დედასამშობლო მეც დავამშვენო.


ნაკადული
ეს ლიკლიკა ნაკადული
ცელქია და მკვეხარა,
ისე მორბის, უსათუოდ
დედას გამოეპარა,
- შესვით ჩემი ცივი წყალი,
გააყრუა ქვეყანა.

მზესუმზირა


მზესუმზირამ მზეს შეხედა,
თქვა: “მზე ვარო მეცა;
ვიდგები და გავანათებ
ღამეცა და დღეცა -
მაგრამ როცა მზე ჩავიდა,
მზესუმზირას შერცხვა.


პატარა მუხა
- პატარა მუხავ, პატარა მუხავ,
აბა, დამიდექ, მაგარი თუ ხარ! -
დაიმარტოვა ქარმა ობოლი,
დააყრევინა ყველა ფოთოლი.
- პატარა მუხავ, პატარა მუხავ,
აბა, დამიდექ, მაგარი თუ ხარ! -
გაურჭო ქარმა ყინვის ნემსები, -
მიწა ბუბუნებს: - გადგი ფესვები! -
ტანჯვით დაჭიმა მუხამ ძარღვები,
ვიღაც ეძახის: -ხედავ, მაღლდები! -
ზუზუნებს ქარი: - პატარა მუხავ,
ვერ მოგერიე, ო, როგორ ვწუხვარ! -
მუხა კი უსმენს, ჩუხჩუხებს წყარო:
- სიხარული და იმედი ხარო!

სიმღერა სამშობლოზე
რერო-რერა, რერო-რერა,
ვინ მასწავლა ეს სიმღერა?
მოჩუხჩუხე ნაკადულმა,
მერცხალმა და გაზაფხულმა.


რერო-რერა, რერო-რერა,
ვინ მასწავლა ეს სიმღერა?
ცელქმა სიომ, ლურჯმა ყანამ,
ყვავილების იავნანამ.


რერო-რერა, რერო-რერა,
ვინ მასწავლა ეს სიმღერა?
მზის სითბომ და დედის გულმა,
ჩემი ქვეყნის სიყვარულმა.

ფიფქი

ვითვლი და ვითვლი,
ვითვლი და ვითვლი...
ცვივა და ცვივა ზეციდან ფიფქი.
ასე პაწაწა და ლამაზები,
პეპელას ფრთებზე უფრო ნაზები,
მოფარფატებენ, მოიჩქარიან,
იქნება ჩვენთან მოუხარიათ.
მოგზაურები შორი გზისანი,
შვილობილები მაღალ ცისანი,
ერთურთს არ ჰგვანან, არა, სრულიად,
ყველა ზღაპრული სასწაულია -
თოვლით ამივსეს ხელისგულები
რა კარგები ხართ, რა სათუთები.
გუნდად არ გაქცევ, ფიფქო,
თქვენს სიტურფეზე ვფიქრობ.