THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნუნუ კერესელიძე

ვერ გაგიმხელთ
ესო მესო, ესო მესო,
ჩვენი რეზო გალახესო.
ვინ გაგლახა, ბიჭო რეზო? -
ეკითხება მთელი ეზო.
-ვერა, ვერა, ვერ გაგიმხელთ!
როგორ, ბესო დავაბეზღო?!



ბეჯითი წვიმა
წვიმა მოდის წკაპაწკუპით,
წვიმა მოდის შხაპაშხუპით,
მწვანე მინდვრებს გაკვეთილი
ჩააბარა სხაპასხუპით.



ინდაური
ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა.



გაზაფხული
კეთილ იყოს, კეთილ იყოს
შენი მოსვლა, გაზაფხულო!
გუშინ თითქოს არცა ჩანდი,
მოსულხარ და აღარ ხუმრობ.
რა ლამაზად ეშვები.
იებს აპნევ პეშვებით.
ბუჰ! -სკდებიან კვიურტუნები,
ვუყურებ და ვიტყუნები.
რა სურნელი გვაბრუებს,
რა ყოფა აქვთ ღავბუიებს!
ბალახს შვენის ცვარ-ნამი,
გაზაფხულო, სალამი!
მოფრინევენ პეპლები
ყვავილების ეტლებით.
გაზაფხულო, ლამაზო,
არ გაგიშვებ არასდროს.
რას დაგაკლებს ზამთარი.
შემოდგომა, ზაფხული,
მუდამ ჩემთან დარჩები
გულში გამონასკული.



თხა

თხა მყავს კუდა და ნაცარა,
მთელი ვენახი გაცალა,
ისე შესანსლა ყურძენი
წვრი არ გააცანცალა.



ამბობს ბაბუა ილია:
-ამას ჩამოსძვრეს კბილია,
თავიდან მოვიცილებდი,
რძე რომ არ ჰქონდეს ტკბილია.


ჩემო კარგო დედილო
ჩემო კარგო დედილო,
ლამაზო და კეთილო,
დაისვენე, ცოდვა ხარ,
ჩამიხუტე ცოტა ხანს.


დედას
ია-ია დაგიკრიფე,
ლურჯთვალა და კოპწია.
დედის დღე და გაზაფხული
ერთად მომილოცია.

მუხის ხეო ნამეხარო

მუხის ხეო, ნამეხარო,
რა საბრალო რამე ხარო,
ცალი მხარე დღეს მიგიგავს,
ცალ მხარეზე ღამე ხარო.
მაგრამ გული არ გაგიტყდეს
შრიალა და მწვანე ხარო.
ცა რომ ჩამოიბინდება
ცა რომ ჩამოიბინდება,
ნანას იტყვის მინდვრის დედა:
იავ, ნანა, ღვიავ, ნანა
ძილი ნებისაო,
იძინებენ ცისთვალები,
გვირილებიცაო,
დაიძინებს გულისაბაც
ლხინი დედასაო.
ჩუმად, ჩუმად, წყაროს წყალო,
ჩამომდინარეო,
შენ, მანანოვ ძილისაო,
ჩამოგვიარეო,
წამწამები დაგვიმძიმე
ჯადოს წკირითაო,
შროშანები დაგვიძინე
ტკბილი ძილითაო.

კარგი საღამო

ბებო ართავს, დედა აცხობს,
პურებს ასდით ოხშივარი,
უჰ, რა კარგი საღამოა,
გარეთ თოვს და ხბო შინ არის.