THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ფრთაბუმბულა ჩიტბატონა

თამარ გაბროშვილი

იყო ერთი ლამაზი ჩიტი. არავინ იცოდა, რომ ჩიტბატონა იყო, კოდალებმა და ოფოფებმა გადაწყვიტეს, რომ მოსამსახურედ დაეყენებინათ. ხან რას ავალებდნენ, ხან რას. ბოლოსდაბოლოს გაწყრა ჩიტბატონა: -რა ჩემი საქმეა მაგათი მონობაო და ერთხელაც, გადიდგულებულმა, მათგან გაქცევა დააპირა. ეს რომ გაიგეს, საწყალ ჩიტბატონას კოდალებისა და ოფოფების სანათესაო თავს დაესხა. ისეთი დღე აყარეს, ისეთი, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა. ბოლოს, გონებადაკარგული და ცოცხალმკვდარი, ძირს დაგდებული ტრიალ მინდორზე მიატოვეს. ამ დროს ყვავი მოყრანტალდა, ჩიტბატონას კლანჭები ჩაავლო, შავი ღრუბლისკენ გააქანა და გადასანსლა.
ამ ჩხუბსა და დავიდარაბაში ჩიტბატონას ერთი გამორჩეულად ლამაზი ბუმბულა ფრთა, რომლის მსგავსი არც ერთ ჩიტს ჰქონდა, გამოძრომოდა და ბორიალს ბრძოლის ველზე აგრძელებდა. კაჭკაჭმა კოდალებისა და ოფოფების საძმოს ეს ამბავი მოუტანა თუ არა, ყველანი მინდორზე შეგროვდნენ, საწყალ ბუმბულს დაედევნენ, დაიჭირეს და ტალახში ჩაარჭეს. მიწის გაშრობამდე ხელთ ეჭირათ, რომ ისევ არ ამოფრენილიყო. აიძულებდნენ, ფიცი დადე, ჩიტბატონას მაგივრად, მოსამსახურედ დაგვიდგებიო. ბუმბულმა ვერც კი გაიგო, რას სთხოვდნენ, ისე დათანხმდა. გაათავისუფლეს, თან ბრძანებები მიაყოლეს - ესა და ეს უნდა გააკეთოო.
გაბორიალდა ბაბუმბული. აღმა-დაღმა ისევ ქარს გაყვა, ხა რომელ ხეს უტრიალა გარშემო, ხან - რომელს, გაიბლანდა ტოტებშუა, ჩირგვებში - მთელი ტყე შემოიარა...
არც თუ ისე ბევრი ხანი იყო გასული, რომ ჰკითხეს: - აბა, რა გააკეთე დაბარებული საქმიდანო.
- რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ, ცოტა კიდევ დამაცადეთო, - უპასუხა ბუმბულმა.
ცოტაც დააცადეს და ბუმბული გზას ზეცისკენ აუყვა. დაედევნენ ოფოფები და კოდალები; - რა იქენი, სად მიდიხარო. აჰყვნენ ზევით, სადამდეც შეეძლოთ, მაგრამ ბუმბული უფრო და უფრო მაღლა მიფრინავდა. ღომ ვეღარ მიეწივნენ, ისევ მიწისკენ დაეშვნენ და რას ხედავენ: იმ ბუმბულს ტყუილად კი არ უბორიალია, სადაც შეჩერებულა, ყველგან ბუდეები დაუქარგავს, ბუდეებში ჩიტბატონას ქათქათა კვერცხები ჩაუგვირისტებია, კვერცხებისთვის კი თავისი სული ჩაუბერავს და ია, ახლა უამრავი ბარტყი ჟივჟივით ხსნის ნაჭუჭს, თვალის დახამხამებაში ფრთიანდება და არემარეს მშვენიერებასა და ხალისს მატებს.
ჩიტბატონას გამრავლებული მოდგმის დანახვაზე შურიან და გაბოროტებულ კოდალებს ისე დაუგრძელდათ ნისკარტები, ოფოფებს კი ყალყზე დაუდგათ ქოჩრები, რომ თავს ვერაფრით უშველეს და ტყეში დღესაც ამ სახით სახლობენ.