THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გიორგი მეტრეველი

მხიარული მათემატიკა

***
ჩამობერტყა ნინომ წაბლი,
სულ ოთხმოცი ცალი...
ექვსჯერ ხუთი მისცა ნიკას,
ხუთჯერ ექვსი - დალის.


დანარჩენის მეხუთედი
დაუტოვა ლაშას...
ახლა შენ თქვი, კეთილ გოგოს
რამდენიღა დარჩა.


***
ნიკოს აქვს ოთხი ქლიავი,
სამით მეტი აქვს თორნიკეს.
დაფიქრდი,
მერე მითხარი,
სულ რამდენი აქვს ორივეს?


***
ოთხმოცი ცალი თხილი აქვთ
მამუკასა და ლელას,
მამუკას ათით მეტი აქვს,
ამიტომ ძლიერ ღელავს...
თითოს რამდენი ჰქონია?
ახლა მითხარით ყველამ.


ჭიკარტები
ათი ჭიკარტი სჭირდება
გიას და მხოლოდ ხუთი აქვს...
კიდევ რამდენია აკლია?
მითხარ, ვიდრე სხვას უთქვია...


ქლიავი


ხუთი ცალი ბებომ მომცა,
ექვსი ცალი დედიკომ,
არ დაიბნა, ათი ცალი
მომცა ჩემმა მედიკომ.
თქვას, ვინც არის ჭკვიანი:
რამდენი მაქვს ქლიავი?


წიწილები


ხორბლის ოცი მარცვალი
დაუყარეს წიწილებს,
თითოს რამდენი შეხვდა
თუ სულ ხუთი წივწივებს?


***


ბაბუას ორი ლარი აქვს,
ბებოს - ორასი თეთრი...
ვის უფრო მეტი ფული აქვს,
ვინ უფრო სწრაფად მეტყვის?


ციყვი და კაკალი


ციყუნიამ ბინაზე
გააკეთა ამბარი,
შიგ ჩაყარა ორმოცი
გაკროლილი კაკალი...
დღეში ორ ცალს იღებდა
და ჰყოფნიდა საკვებად...
ორი ცალი მოპარეს
ქურდბაცაცა თაგვებმა.
აბა, ახლა მითხარით,
ვინ იქნება მართალი:
რამდენი დღე ჰქონია
ციყუნიას კაკალი?


***
ეზოში დადის ჩოჩორი,
იქვე ცხენი და კვიცია,
ხუთი ცხვარი და ოთხი თხა
დილას ხვდებიან ნისლიანს...


რამდენი ცხოველი არის,
თქვი და ნუ მკითხავ ვისია?

***
ყურცქვიტამ გაღმა უბნიდან
მოზიდა ოცი სტაფილო,
ჰყავს ხუთი ცელქი ბაჭია,
თქვი, როგორ გაუნაწილოს?


***
ლიას, თინას და მამუკას
მისცეს თხუთმეტი ქლიავი,
უთხრეს: თანაბრად გაგიყოთ
თქვენში ვინცაა ჭკვიანი.

ოთხ-ოთხი მისცეს გოგონებს,
მიხვდით, ბიჭისა რაც არის?
ბარემ ისიც თქვით, ვინც გაყო,
მტყუანია თუ მართალი?


თაიგული

თაიგულში ექვსი ვარდი,
შვიდი კიდევ მიხაკია,
სულ რამდენი ყვავილია,
რატომ ფიქრობ, მიხა, გვიან?
დაგიწერო, თუ გსურს, ხუთი,
რამდენ კილოს იტევს ფუთი?


ციყვები


ციყვმა ციყვს უთხრა:
სოკო მაქვს, ათი ქამა და რვა - ნიყვი.
დაფიქრდი, მოგცემ ნახევარს,
სულ რამდენი მაქვს, თუ იტყვი.
ახლა შენ მითხარ, პატარავ,
იხარებს შენი გამზრდელი:
პირველს რამდენი ჰქონია,
მეორეს შეხვდა - რამდენი?


ჭიანჭველა


ჭიანჭველა იწონის
ერთი გრამის ნახევარს,
ახლა აღარ იკითხავთ,
ტვირთსა ზიდავს რამხელას?!
შვიდჯერ მეტი იმაზე,
რასაც თვითონ იწონის...
სულ რამდენი გრამია
მისი ტვირთი - თქვი სწორი!


ცრუპენტელა დათვი


დათვმა თქვა:
ოთხი ბელი მყავს,
სულ ერთმანეთის ტოლები,
თითომ მოზიდა ხუთ-ხუთჯერ
ათმეტრიანი მორები,
რომელთა სიგრძე აჭარბებს
ათას მეტრს, ჩემი გონებით!..
აბა, ბავშვებო, დაფიქრდით,
და აქეთ-იქით ნუ ივლით:
ამ ცრუპენტელა დათუნამ
რამდენჯერ გვითხრა ტყუილი?


ცენტნერი

სამოცი კილო ხორბალი,
ნიკუშას მიაქვს ვერტმფრენით...
რამდენი კილო სჭირდება,
ტვირთი რომ გახდეს ცენტნერი?


სააღდგომო


ასი კვერცხი შეღება
სააღდგომოდ ბებიამ,
ოცი მისცა დეიდას
და არ დანანებია.
ხუთჯერ შვიდი - მამიდას
გაუგზავნა კალათით...
თვითონ დარჩა რამდენი?
თქვი, არ გინდა კამათი.


კუ


ათი მეტრი რომ გაევლო,
კუს დასჭირდა ექვსი წუთი...
ნეტავ რა დრო დასჭირდება,
რომ დაფაროს მეტრი ხუთი?


***
ოცი სოკო მოხარშა,
ათი შეწვა ოლიამ,
დაფიქრდი და მითხარი:
სულ რამდენი ჰქონია?