THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ერთი პატარა ლაქა

ლელა ცუცქირიძე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი თმაგაჩეჩილი, თხუპნია ბიჭი.
არც პირს იბანდა, არც ხელებს. ტანსაცმელს ხომ ნუ იკითხავთ, ზედ ათასნაირი ლაქები ეცხო: ფლომასტერისო, კარაქისო, ნაყინისო, მანქანის ზეთისო, თქვენ წარმოიდგინეთ, ბენზინისაც კი!
თხუპნია ბიჭი დღითი-დღე უფრო ითხუპნებოდა და ბოლოს იმდენი ლაქა დაუგროვდა ტანსაცმელზე, რომ ერთი პატარა ლაქა შარვლის ტოტზე ვეღარ დაეტია და იატაკზე მოადინა ზღართანი.
ბევრი იხტუნა პატარა ლაქამ, მაგრამ ამაოდ. მის ადგილზე უკვე მურაბის ლაქა მოკალათებულიყო და თვალებს აბრიალებდა.
რაღა უნდა ექნა? გამოიხურა სახლის კარი და ახალი პატრონის ძებნა დაიწყო.
ბევრი იარა, თუ ცოტა, ქალაქის ყველაზე დიდ პარკში ამოჰყო თავი.
გაზაფხულის მშვენიერი, თბილი დღე იდგა და პარკი ბავშვებით იყო სავსე:
ზოგი სილაში თამაშობდა, ზოგი კარუსელზე ტრიალებდა, ზოგი ერთმანეთს დასდევდა...
ერთი გოგონა სანაყინეს კუთხესთან იდგა და საინტერესო საქმით იყო დაკავებული: ცხვირს იჩიჩქნიდა.
პატარა ლაქას ძალიან მოეწონა გოგონას მაქმანებიანი კაბა და ბევრი აღარ უფიქრია, კალთაზე მიეტყეპა.
გოგონას დედა იქვე სკამზე იჯდა და ქსოვდა. ქსოვას რომ მორჩა, თავი ასწია და ცხვირში თითებშეყოფილი შვილი რომ დაინახა, ძალიან შერცხვა.
- იმის მაგივრად, რომ სუფთა ჰაერი ჩაყლაპო, ცუდი ბავშვივით ცხვირს იჩიჩქნი, - დატუქსა შვილი და აქაოდა, ყველამ ნახოს, რა სუფთა და ყურადღებიანი დედიკო ვარო, გოგონას კაბის ფერთხვა დაიწყო. პატარა ლაქა ხან ერთ მაქმანს მოეჭიდა, ხან მეორეს, მაგრამ მაინც დაბლა ჩამოვარდა.
რაღა უნდა ექნა? გვერდებდაბეჟილი ახალი პატრონის საძებნელად წალასლასდა.
ილასლასა, ილასლასა და დაღლილ-დაქანცული შადრევანთან დაყრილ კენჭებზე ჩამოჯდა.
სწორედ ამ დროს შადრევანთან ერთი ფიქრიანი ბიჭი მივიდა და ლაქას გვერდით მიუჯდა. მერე ჩანთიდან სახატავი ფურცლები და ფერადი ფანქრები ამოიღო და ხატვა დაიწყო.
პატარა ლაქამ იფიქრა, ახლა ბიჭის პერანგზე რომ შევხტე, იქიდანაც ჩამომაგდებენო და სახატავ ფურცლებში ჩაიმალა.
ბიჭმა დახატა ცხენი და ნახატი ჩანთაში შეინახა, მერე დახატა შადრევანი და ეს ნახატიც შეინახა. მერე წითელი მანქანა, მერე მეზობლის ძაღლი, რომელიც ძალიან უყვარდა, მერე ახალი ფურცელი აიღო და გაოცებისგან ჩაუსტვინა.
ფურცელზე უცნაური ფორმის ლაქა დასკუპებულიყო.
ბიჭმა ფანქარი პირში ჩაიდო და ფიქრი დაიწყო. ხომ იცით, ძალიან ფიქრიანი იყო.
ადგა და ლაქას შავი ფანქარი შემოავლო, მერე ზედ წითელი ფანქრით ვაშლი დაახატა; მერე ყვითელი ფანქრით მსხალი; მერე მწვანე ფანქრით მინდორი; მერე ყავისფერი ფანქრით დახატა ხეები, ვარდისფერითა და იისფერით პატარა ყვავილები...
ბოლოს კმაყოფილმა კიდევ ერთხელ ჩაუსტვინა, მოეწონა თავისი ნახატი და დედას ვაჩუქებო გაიფიქრა.
პატარა ლაქა სადღა იყო?! მის მაგივრად ფურცელზე ჩხვლეტია, მხიარული ზღარბი დასკუპულიყო, ეკლებზე ვაშლები და მსხლები დაემაგრებინა და ყვავილებით მორთულ მინდორში მიკუსკუსებდა.