THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ალეკო ცქიტიშვილი

ნილოსის შვილები
ეძინებათ ნიანგებს,
უკვე ჭამეს მაწონი,
მაგრამ ვეღარ მიაგნეს
თავ-თავიანთ საწოლებს.


დაღებული პირებით
წვანან სანაპიროზე,
სადაც დანაპირებით
მოვა დედა - ნილოსი.


მოვა მდორედ, ჭალებში
ტალღებს მიმოატარებს,
თავის ძლიერ მკლავებში
დააძინებს პატარებს.


პანდა ზოოპარკში

მოდი, ვითამაშოთ ქართან,
თუმცა ჩქარზე ჩქარია,
მაინც შეიძლება მასთან
გართობა, თუ სცალია _
ქრის
და აქეთ-იქით ფანტავს
ფოთლებს დილის ცვარიანს,
პანტა-პუნტით ცვივა პანტა
ტყეში, როცა ქარია...
დაიძინა დიდმა პანდამ
სიზმარს ხედავს დარიანს:
მიდის ზოოპარკის კართან,
უკან დარჩა გალია.
ახლა ითამაშებს ძაღლთან,
აღარ ახსოვს ქარბუქი,
ან რად უნდა პანდას პანტა,
როცა არის ბამბუკი?!


ნადირობა მოჩვენებაზე


სანადიროდ მიდის ლუკა,
თან უჭირავს ხელში რუკა,
უნდა ნახოს მოჩვენება,
ვინც არ აძლევს მოსვენებას _
შუაღამით ზურას მურას,
დღისით კატა ხატაურას...
ბებო ჩივის: `ეს რა ხდება,
ყველას რაღაც ემართება _
კუდს არ იქნევს ლომა ხარი,
აღარ მოსწონს მონახნავი,
აბუზულან წიწილები,
კრუხის ფრთებს არ იცილებენ,
უთავბოლოდ დადის ბატი
მთელი კვირა-ორშაბათი,
სამშაბათიც გათენდება,
ეს მაწონი არ დედდება!
ყოველივე ამის გარდა,
შეეჩვია ვიღაც სარდაფს,
წუხელ კარის დახურვამდე
გაქრა ბალი სამურაბე
და თუ ასე გაგრძელდება
მშვიდად ძილიც გაძნელდება~.
სანადიროდ მიდის ლუკა,
თან უჭირავს ხელში რუკა,
დაბრუნდება როცა უკან,
თან მოიყვანს მოჩვენებას _
ვინც არ აძლევს მოსვენებას
რა ხანია უკვე ოჯახს.


არწივი ხარ?

რო წივიხარ,
არწივი ხარ?
პაწაწინა თევდორე,
ნუღარ წივი, თორემ ახლა
დავუძახებთ მედოლეს.
მოვა, ხელებს მოიმარჯვებს
და დოლს დაუბაგუნებს,
თან მოიყვანს ტყიდან არჩვებს,
მელიებს და თაგუნებს.
თაგუნების გეშინია?!..
კარგი, ნუღარ წივიხარ,
რას დაგაკლებს თაგუნია,
თუკი მთის არწივი ხარ?!


გაკვეთილი


საიდუმლო ოთახს
თუ შეაღებთ ოდნავ,
დაინახავთ, ცოტნეს
ჭოტი აძლევს ცოდნას:


_ მომისმინე, ამაღამ
წავიკითხოთ ეს წიგნი,
დავისვენოთ ხანდახან,
დამეძინოს მეც იქნებ:


თაგვი არ ჭამს კარტოფილს,
არც სალათას გაფოთლილს,
თხილს ან ყველს თუ დასუნავს,
ტუჩებს ააცმაცუნებს,
ხოლო დათვი (დათუნა)
თაფლს ისე ჭამს, არ სუნავს.
მელია დაცუნცულებს,
კატა დადის ცანცარით,
კურდღელივით მშიშარა
სხვა არავინ არ არის...
_ ლოკოკინას ნიჟარა
(სახლი) ზურგით რომ დააქვს,
განა ვინ მოიპარავს?
_ არც არავინ! _ ჰოდა აქ
ჭოტი უკვე ამთქნარებს...
_ იქნებ შავი კოდალა,
ანდა ტურა, აფთარი? _
ეკითხება ცოტნე კვლავ.
ჭოტს წინ უდევს დავთარი,
უამრავი შეკითხვის
საპასუხოდ მზად არის,
მაგრამ... თვალი მილულა
(გული არ დაგედაგოთ),
მოწაფისგან ხილულად
ჩაეძინა პედაგოგს.


დაუგრძელდათ ყურები


ბაჭიებმა ბოსტნიდან
მოიპარეს კომბოსტო,
ხრავენ, აღარ მოსწყინდათ,
როგორც პაპა კობას – დო.
პაპა კობას რა უჭირს _
მარჯვედ მიჰყავს ურემი,
ბაჭიებს კი _ პარიებს
დაუგრძელდათ ყურები.


ამბავი ორი ინდაურისა


ჩხუბობს ორი ინდაური _
ჩხობაძის და ინაურის.

სეირს უმზერს განაბული
სახედარი არაბულის.


_ ერთმანეთს რად უნისკარტეს? _
უკვირთ ჯამბაკურის კატებს.
_ ვერ გაიყვეს, მგონი, ღომი _
ვარაუდობს ღლონტის ღორი.


არ ანებებს მშვიდად ცოხნას
თავს კვარაცხელიას ძროხა.
შტერი თხა ჰყავს ჩუბინიძეს,
მაგრამ მიხვდა ჩხუბის მიზეზს _

არ ყოფილა იქაური
ინაურის ინდაური.


ლურჯა ვირი


_ მერე რა, რომ არ გვყავს ცხენი, _
პაპას ცოტნე არ ასვენებს,

_ შემიკაზმეთ ლურჯა ვირი
აღვირით და უნაგირით.
არ მჭირდება არც საყვირი,
არც სტვირი თუ გუდასტვირი _
დავინახავთ როცა ვირებს,
ლურჯა თვითონ დაიყვირებს.


ძმობილები


ნახეთ, როგორ დაძმობილდნენ
თევდორე და დათვი _
ითამაშეს სახლობანა,
დომინო და დართი,
გააოცეს აღმზრდელები
სიმღერით და ხატვით,
ბოლოს ფაფაც კი შეჭამეს
ერთმანეთის ხათრით.