THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კუკური გოგიაშვილი

ბებია და შვილიშვილი

ბებო მალხაზს აძინებს და
ტკბილად უმღერს ნანას:
- გაიზარდე, ასახელე
ბებო, დედა, მამა.

ჩემო ჩიტო, ჩემო გვრიტო,
ნანა, ვარდო, ნანა...
ნუ მაწვალებ, დაიძინე,
არ გიყვარვარ, განა?

მალხაზს სულ არ ეძინება,
ბებოს უთვალთვალებს,
ხან ადგება, ხან დაჯდება,
აბრიალებს თვალებს.

რა ჰქნას ბებომ, მალხაზს თავი
როგორ მიანებოს?
და ბიჭუნას ნაცვლად იქვე
ჩაეძინა ბებოს.

მაშ რა ექნა მოხუც ბებოს,
ძლიერ დაიღალა,
ჩუმად უმღერს შვილიშვილი:
- ნანა, ბებო, ნანა!