THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ციყვი რიკო

ნაირა გელაშვილი

უკვე შემოდგომაა. ტყე აფერადდა. ზოგი ხე გაწითლდა, ზოგი გაყვითლდა, ზოგიც გავარდისფრდა და მერე ყველამ დაიწყო ჭკნობა. ცვივიან ფოთლები მოფარფატებენ და ტყე შიშვლდება.
ზამთრის სამზადისში არიან ტყის ბინადრები! ხედავთ რა საქმიანი ფუსფუსია სოროებში, ფუღუროებსა და ბუნაგებში? ბერტყავენ ქვეშაგებს, ამზეურებენ, გვიან ბინებს და ასუფთავებენ. ზოგი ზამთრის ძილისთვის ემზადება, ზოგიც სანოვაგეს იმარაგებს გრძელი ზამთრისთვის. რას აღარ მოაგორებენ ჭიანჭველები და ხოჭოები: მკვდარ ბუზებს, გამხმარი კენკრისა და კუნელის ნაყოფს. ხვნეშიან, შეისვენებენ და ისევ აგრძელებენ გზას.
ამ დიდი მუხის ფუღუროში კი ციყვი ცხოვრობს. ციყვი რიკო. ის რაღას აკეთებს? ირიჟრაჟებს თუ არა, ზურგზე ტომარამოკიდებული გამოდის ფუღუროდან, გადახტება ტოტიდან ტოტზე, ხიდან ხეზე, მოივლის მთელ ტყეს და საღამოს შინ ბრუნდება სავსე ტომრებით. რას აღარ აგროვებს! წაბლსა და ასკილს, რკოსა და კენკრას. თხილი და კაკალი ზაფხულშივე მოიმარაგა. ვინც კი შეხედავს ყველა გაიფიქრებს: “ეს რა ხარბი და მსუნაგი ყოფილა, აბა რად უნდა ამდენი საჭმელიო.” მაგრამ მოიცათ! ციყვს გამხმარი ფერადი ფოთლებიც შეუგროვებია. ეს რაღად უნდა? მოდით კარგად დავათვალიეროთ ციყვის საბრძანებელი - უზარმაზარი მუხის ტოტები. აქ ციყვს ლასტები გაუშლია, ზედ ფოთლებიც მოუფენია, კენკრა, ასკილი, კუნელი და თხილიც დაუყრია, აშრობს და ახმობს. მერე კი, ხედავთ გამოდის, ერთ ტოტზე ჯდება, ხელში ეკალზე აცმული ძაფივით დაგრეხილი ბალახი უჭირავს და ასხამს გრძელ მძივებად ასხამს ამ ფოთლებს, თხილსა და კუნელს, კაკალსა და რკოს. საღამოს კი მძივებს ღიღინ- ღიღინით ჰკიდებს ფუღუროს კართან. რისთვის იქცევა ასე? მოიცათ, დაზამთრდება და ყველაფერს გაიგებთ. მანამდე კი აი, რა ხდება:
მუხის ძირას სოროში ობოლი წრუწუნა ცხოვრობს - პატარა ცარო. დედ-მამა წყალდიდობის დროს დაეხრჩო ტყეში რომ დიდი წვიმა მოვიდა. დედის შებმული ბაფთა ისევ თავზე აქვს და არ იშორებს, თუმცა ბაფთა უკევე დასვრილი და დაჭმუჭნულია. ცაროს სოროდან გამოსვლა Eეშინია, სულ შინ არის და მოწყენილია. კიდევ კარგი, სოროში სამი პატარა უცნაური სოკო ამოვიდა. ცარომ ფოთლები გადააფარა და მაგიდებად მოიწყო. ერთზე ხატავს, მეორეზე სადილობს, მესამეზე კი თავს ჩამოდებს და ფიქრობს, ხანდახან ტირის კიდეც. მაგრამ ეს არ ითვლება. ცარო მტირალა არ არის.
ერთხელ, თავი რომ ჰქონდა სოკოზე ჩამოდებული და ფიქრობდა, ჩურჩული შემოესმა: - გარეთ გადი, აიხედე, ციყვი მძივებს ასხამს. - ცარო შეხტა. იფიქრა, მომეჩვენაო. ისევ ჩამოდო თავი მაგიდაზე და ისევ ჩასჩურჩულა სოკომ: - გარეთ გადი, აიხედე, ციყვი მძივებს ასხამს. - გამოვიდა ცარო სოროდან, დასკუპდა მუხის წინ და პირდაღებული მიაჩერდა რიკოს ფუსფუსს. თან თათი პირში აქვს გაჩრილი.
უცბად ციყვმა ჩამოიხედა. ჩამოიხედა და ჩამოსძახა:
- გინდა, მომეხმარო? - ცარომ თავი დაუქნია. ციყვმა ჩამოუშვა წაბლების გრძელი ასხმა და ცარო აცოცდა. რიკომ ჯერ თათები დააბანინა ფუღუროს გვერდით დაკიდებულ პირსაბანზე, მერე ფუღუროში შეუძღვა. ცარო ფუღუროს ათვალიერებს. ეს როგორი ბინა ჰქონია ამ უცნაურ ციყვს! ორი ტახტი დგას, ზედ ხავსის ფაფუკი ხალიჩები აფენია, კედლებზე ხის სოკოების ნათურებია, ამასაც დიდი სიკოს მაგიდა ჰქონია, პატარა სოკოები კი სკამებად აქვს შემორიგებული. ციყვმა ცარო მაგიდასთან დასვა და კაკლის ნაჭუჭით თხილის გულები მიართვა. მერე კი გამოვიდნენ, ჩამოსხდნენ ტოტზე და დაიწყეს მუშაობა.
- აი, ასე, ხედავ?
-ფრთხილად, ფოთლები არ გახიო; - ასწავლის ციყვი წრუწუნას.
ცარო ზის და გულმოდგინედ ასხამს მძივს, რომლის ერთ ბოლო ტოტზეა გამობმული. ცაროს უხარია, ყურებამდე იცინის, რადგანაც ძალიან უცნაური და ლამაზი მძივი გამოსდის: ააცმევს სამ რკოს და მერე ერთ წითელ ფოთოლს, მერე სამ კაკალსა და ერთ ყვითელ ფოთოლს და ისევ თავიდან. - ყოჩაღ, რა კარგი მძივი გამოიგონე, - ეუბნება რიკო.
უცბად მოფრინდა ერთი პატარა კოდალა, დასკუპდა ტოტზე და დაუწყო ყურება. მერე ახტა, სხვა ტოტზე გადახტა და ისევ უყურებს. მერე ჩაიფხუკუნა, ნისკარტით ტოტზე დააკაკუნა, ისევ შეიცვალა ადგილი და ისევ უთვალთვალებს რიკოსა და ცაროს. ბოლოს წამოფრინდა, ჩაჰკრა ნისკარტი ცაროს მძივს და გაწყვიტა. გაშტერებულმა ცარომ თვალი გააყოლა, როგორ ჩხრიალით ჩაცვივდა ქვევით რკოები და კაკლები. მერე კი წამოხტა, შევარდა ფუღუროში, დაემხო ტახტზე და მწარედ აქვითინდა. რიკო ამშვიდებდა, თან თვითონაც ეტირებოდა, მაგრამ თავს იმაგრებდა. ბოლოს ცრემლები მოსწმინდა, ბაფთა გაუსწორა და ისევე გარეთ გამოიყვანა.
მუხაზე კაჭკაჭი ჩამომჯდარიყო. ციყვისთვის შეპირებული დაგრეხილი ბალახი მოეტანა.
- რა გატირებს? - იკითხა კაჭკაჭმა.
-კოდალამ მძივი გაგვიწყვიტა, -ამოისლუკუნა ცარომ.
-უყურეთ ერთი, ვითომ რა მოეპრიანა? - გაჯავრდა კაჭკაჭი და გაფრინდა. მალე ისევ გამოჩნდა, კოდალასათვის ქეჩოში ჩაევლო ნისკარტი და მოათრევდა. დასვა ტოტზე და ჰკითხა:
-რატომ გაუწყვიტე მძივი?
-იმიტომ, რომ შემშურდა.
-შეგშურდა? -უკვირს კაჭკაჭს, - რატომ შეგშურდა?
-იმიტომ, რომ მეც მინდოდა მაგათთან თამაში...
-ე! მერე ვერ უთხარი?
-სულ ერთია მაინც არ მათამაშებდნენ... ზედაც არ შემომხედეს...
-როგორ არ გათამაშებთ, იცი, როგორ გვჭირდება დახმარება? - ამბობს რიკო, - აი, შენ გრძელი ნისკარტი გაქვს, კაკლებს და თხილებს ადვილად გახვრეტ, ჩვენ კი ვწვალობთ.
კოდალას თვალები გაუბრწყინდა, ისკუპა, ჩაჰკრა ნისკარტი ჯერ ერთ კაკალს, მერე - მეორეს...
-აი, ხომ ხედავ, რა ადვილად გახვრიტე, - უხარია რიკოს, - ასე სულ მალე მოვრჩებით, - ცარო კი ისევ თვალებს ისრესს და ხმას არ იღებს...
დაიწყო სამივემ მუშაობა. ჯერ ჩუმად მუშაობდნენ, მარტო კოდალას ნისკარტის რაკარუკი ისმოდა. მერე აღიღიღინდნენ, ბოლოს ამღერდნენ. საღამოსთვის ათი გრძელი მძივი უკვე მზად ჰქონდათ, ასე მუშაობდნენ ყოველდღე.
ამასობაში დაზამთრდა კიდეც. ხეები სულ მთლად გაშიშვლდნენ და აი, ციყვმა, წრუწუნამ და კოდალამ დაიწყეს დიდი მუხის მორთვა. გააბეს და გამოაბეს ფერადი მძივები, მორთეს და მოკაზმეს. მუხას ეღიმება: - მთელ ტყეში მხოლოდ ის არის მორთული. ქარი რომ დაბერავს, კაკლისა და თხილის მძივები ჩხრიალებენ. გამხმარი ფოთლები შრიალებენ. რა უცნაურია, რა კარგია.
შეხედეთ, ზამთარია და თუ ტყეში ვინმეს დარდი შემოაწვება, ამ მუხასთან მოდის, შესცქერის ლამაზად მორთულს, მოშრიალეს და მოჩხრიალეს და დარდი ეფანტება. პატარა ბაჭიები, თხუნელები, მელაკუდები და მგლის ლეკვები ყოველ საღამოს აქ იკრიბებიან. დაბადების დღეებსაც აქ იხდიან და ტყის დღესასწაულებსაც აქ ზეიმობენ. ამ ზეიმებზე ციყვი რიკო მუხის ტოტებზე ირწევა და დაირას აჩხრიალებს.
მუხასაც უხარია, უხარია და ეღიმება.