THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



შპალერის ყვავილი

ლელა ცუცქირიძე

იყო და არა იყო რა, იყო ჩვეულებრივი სახლი. ჩვეულებრივ სახლში სხვა ნივთებთან ერთად ცხოვრობდნენ:
1. მხიარული რადიო ლა-ლა-ლა;
2. ძალიან დარდიანი ტელევიზორი ვაი-ვაი;
3. მადუღარა ქშუ-ქშუ;
4. ტელეფონი ტუ-ტუ;
5. შპალერის ყვავილი უჰ;
შპალერის ყვავილს ასე იმიტომ ეძახდნენ, რომ ძალიან ლამაზი იყო და ვინც კი შეხედავდა, ყველა აღტაცებით ამოიძახებდა-ხოლმე, “უჰ”.
ახლა იტყვით, დიდი ამბავი, ასეთი ნივთები ყველა სახლშიაო. კი ბატონო, გეთანხმებით, უბრალოდ, ცოტა უცნაური ის იყო, რომ უჰ კედელზე ვერ ჩერდებოდა და მთელი დღე ოთახიდან ოთახში დადიოდა. ძალაინ ჭორიკანა და წანწალა იყო.
გათენდებოდა თუ არა, უჰ მაშინვე ტელევიზორთან მიირბენდა.
- როგორა ხარ, მეზობელო? - ჰკითხავდა და თან ახალი ამბების მოსასმენად მოემზადებოდა.
- ვაი-ვაი, - დარდიანად ამოიოხრებდა ტელევიზორი ვაი-ვაი, - აბა, როგორ ვიქნები, ნახე, რა ხდება ქვეყანაზე, - და მოჰყვებოდა, მაგრამ რას მოჰყვებოდა: სადღაც მიწისძვრამ ქალაქი დაანგრიაო, სადღაც ქარიშხალმა მთელი ტყე ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაიტანაო, სადღაც მოხუცებს პენსიას არ აძლევენო და ა. შ.
- უჰ, ეგ დარდი გადაგიყოლებს, - ეტყოდა ვაი-ვაის უჰ და თავპირისმტვრევით გარბოდა რადიო ლა-ლა-ლასთან.
- ერთი, შენს გახარებას, რამე მხიარული სიმღერები მომასმენინე, თორემ ამ ვაი-ვაიმ გული დამიმძიმა, - ეტყოდა უჰ ლა-ლა-ლას. ლა-ლა-ლას მეტი რა უნდოდა, ისედაც მთელი დღე მღეროდა.
ამის მერე უჰ ტელეფონ ტუ-ტუსთან მიცუხცუხდებოდა.
ტუ-ტუ მთელი დღე ჭორაობდა, ტელეფონი იყო და სხვას რას გააკეთებდა.
- გაიგე ახალი ამბავი? - ჩასჩურჩულებდა უჰ.
- რა ამბავი? - ყურმილს დაცქვეტდა ტუ-ტუ და მიდიი, სანამ ქაქანით არ დაიღლებოდნენ, არც ერთი ჩუმდებოდა და არც მეორე.
ჭორაობით გულს რომ იჯერებდა, უჰ სამზარეულოში მადუღარა ქშუ-ქშუსთან გარბოდა.
- ერთი, ყავა მომიდუღე, რა, ცოტა სული მოვითქვა. - ქშუ-ქშუ მადუღარა იყო და მოადუღებდა ყავას, აბა, რას იზამდა.
ასე გადიოდა დრო.
ერთ დღეს სახლის დიასახლისს ქოთნით მექსიკური წიწაკა აჩუქეს.
დიასახლისმა ქოთანი ფანჯრის რაფაზე შემოდგა.
შპალერის ყვავილმა ახალი ბინადრის დანახვაზე ტრადიცია დაარღვია და დილაადრიან, ვაი-ვაის მაგივრად მექსიკურ წიწაკას ესტუმრა. ხომ უნდა გაეგო, ვინ დასახლდა მათ გვერდით.
- გამარჯობა მეზობელო, - მიესალმა და ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდა.
წიწაკა ძალიან ბრაზიანი იყო, არც სტუმრები უყვარდა და არც ჭორაობა. ეს მეტიჩარა ვინ არისო, გაიფიქრა და ცხვირაბზუებულმა ზურგი შეაქცია.
- ერთი ამას დამიხედეთ, რა უზრდელი ყოფილა, - გული მოუვიდა უჰ-ს, - ნეტა ვიცოდე, რას იბღინძები.
მექსიკურმა წიწაკამ არც ამჯერად გასცა პასუხი. რაც არ უნდა იყოს, თავდაჭერილი სინიორი იყო.
- პასუხის ღირსადაც არ მთვლი? - გაწიწმატდა უჰ და რაფიდან პირდაპირ ქოთანზე ახტა.
- ერთი კარგად შემომხედე, შე წვეტიანო, ცხვირგაწითლებულო, შენ მაინც გჯობივარ.
მექსიკური წიწაკა სიბრაზისგან სულ გაწითლდა, მაგრამ მაინც არ ამოიღო ხმა.
უჰ ამაზე სულ გადაირია, ადგა და წიწაკას ფოთლები მოქაჩა.
ეს კი ვეღარ მოითმინა მექსიკურმა წიწაკამ, უჰ-ს ჯერ თვალში ატაკა თითი და სულ სიმწრის ცრემლები ადინა, მერე წაავლო ხელი და მოისროლა.
ის დღე იყო და ის დღე, შპალერის ყვავილი ვეღარსად მიდიოდა.
ანდა როგორ მივიდოდა, კედელზე სამუდამოდ იყო მიკრული.