THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კურდღელი

ვაჟა-ფშაველა

საწყალი კურდღელი! სძინავს, თვალები უჭყეტია, — თუ ფხიზელია, ხომ უჭყეტია და უჭყეტია, — დარბის და აბრიალებს, რაც ძალი და ღონე აქვს, დიდრონს, საცოდავს თვალებს, თანაც “კნუს-კნუსებს”, — ნამეტნავად, თუ მტერი მოსდევს, და როდის არ მოსდევს საბრალოს მტერი?! ბევრი არა ცხოვრობს კურდღელივით.
საცოდავი ცხოველი!
მე კი ყველაზე საწყლად ის მიმაჩნია და სხვამ ყველამ თავისი თვითონ იცოდეს... სხვას ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო თვალხილულა მისი ძილი გავიხსენოთ. სძინავს კურდღელს თვალხილულას, — არ იკითხავთ, სადა? — ჯაგში. რატომ კურდღლის ძილს არ ვუკვირდებით? რატომ ამაზედ არა ვფიქრობთ: რად უხილია მძინარა კურდღელს თვალები?.. მე ამის მეტს სხვას ვერაფერს ვიტყვი ამაზედ: იცის, რომ მტრიანია, მტერი ბევრი ჰყავს; სულ მტრის ფიქრშია, სულ მუდამ მტრები ელანდებიან და ისე მიეძინება, თვალებს არ დახუჭავს; მძინარაც ფრთხილობს და თვალები ღია ჰრჩება. დეე, მეცნიერებმა იძახონ, რომ კურდღელს თვალის ქუთუთოები პატარა აქვს, თვალის კაკლებს ვერ უფარავენ, ვერ უმალავენ და იმიტომ უხელია მძინარა კურდღელს თვალებიო. ვსთქვათ, ესეც იყოს. რაღა მარტო მტრიანს კურდღელს დაუპატარავდა თვალის ქუთუთოები და სხვას არა? განა, რომ იმავე თვალხილულობისაგან, — თვალხილულობისაგან, რომელიც დაულეველის, დაუბოლოვებელის შიშისა და ელდისაგან წარმოსდგება... კურდღლის “ქავ-ციხე”, სიმაგრე, ჯაგია. არავის არაფერს უშავებს, არავის არას ავნებს. საღამოზე, მზის ჩასვლისას, ადგება და დაცანცალებს ველ-ველის პირებზე: სად ნეკერს მოჰკვნეტს, სად მწვანე ბალახს მოჰკორტნის, სად ჯეჯილს იგემებს, მაგრამ ამით ის ზარალს მაინც არაფერს აძლევს კაცსა და ბუნებას. მერე “დაცუცქდება” კურდღელი დინჯად, დარბაისლურად; ყურები მაღლა აცქვეტილი უჭირავს; ხანდახან ყურებსაც აათამაშებს — ერთს წინ წასცქვეტს, მეორეს უკან და ერთმანეთზე “გააწკაპუნებს”. საცოდავი, ცოტა გულუბრყვილოა, იმიტომ არის უფრო შესაბრალისი: კაცმა თუ ახლო გაუარა, გაინაბება, ნამეტნავად თუ აჩვენე, ვერა გხედავო, და ამითი ძალად იფუჭებს თავსა. იმის მაგივრად, რომ წამოხტეს და თავს უშველოს, სანამ მონადირე მიუვა, ის ინაბება, “გაიტყლაპება” დედამიწაზე. რის იმედი აქვს, რომ არ ვიცი! — მკლავისა? განა არ ვიცით იმის მკლავის ძალა. თოფ-იარაღისა? ისიც ხომ კარგად მოგეხსენებათ, რა ზარბაზნების პატრონიც არის! არა, კურდღელს იმის იმედი აქვს, — მონადირე ვერ დამინახავს, დავემალებიო. სისაწყლე მეტიღა გინდა, იმისი იმედი ჰქონდეს, კაცია თუ ცხოველი, რომ მტერს დავემალები და ვერ დამინახავსო. იქნება დაგინახა, კურდღელო, მერე? არა სჯობია, წინაპირველადვე თავდარიგიანად დაიჭირო საქმე?!.
საწყალი კურდღელი!
ყველა, ვინც კი პირველად თოფს აიღებს, კურდღელს ემუქრება. აგერ ერთი გამოჩნდა თოფიანი.
— გამარჯვება! სად მიხვალ, კაცო? — ვეკითხები.
— სანადიროდ, — კურდღელს უნდა ჩავუჯდეო, — მეუბნება.
აგერ მოდის მეორე, მესამე, მეოთხე, — ყველანი თოფ-იარაღიანები. იმათაც ისე ვეკითხები. კურდღელს უნდა ჩავუჯდეო, იძახის თვითეული მათგანი. წადი და შენ კაცს ღმერთი და სამართალი სთხოვე! ახლა ის ვიფიქროთ, რამდენი სხვა ცხოველები ემტერებიან კურდღელს. ნუ იტყვით მგელს, მელას, — ტკიპებისაგან გამოხრული ბუც კი მძინარა კურდღელს დააწვება ხოლმე თავზე. ბუ ხომ ღამღამობით დაფრინავს, — და კიდეც იმიტომ არის საშიში კურდღლისათვის, — მერე ისე ჩუმად, რომ ოდნავ შრიალსაც ვერ შეატყობთ. რა ქმნას საწყალმა კურდღელმა? საით წავიდეს? სად გადავარდეს?..
აი, სარიყლაპია რას მიამბობდა კურდღელზე.
— ერთხელ, — დაიწყო სარიყლაპიამ ტუჩების გრეხით, ღორის ღრუტუნსა ჰგავდა იმისი ხმა, — აქედან დავინახე, რომ დუნია ხალხი, გეგონებოდა ჯარიაო, მოაქანებენ ცხენებს მინდორზე. ისმის ყვირილი და კიჟინი, აუარებელის ძაღლების წკავწკავი და ყეფა აყრუებს იმ არემარეს, ზედაც თოფი-თოფზედ გადის. წამლის ბოლი და მტვერი, ერთმანერთში არეული ნისლივითა ფუის. დავაცქერდი, დავაცქერდი კარგად... ოღონდაც შევნიშნე, რომ ის ხალხი ერთს კურდღელს მოსდევს. გამიკვირდა კიდეც, სად მოიყარა ამოდენა ხალხმა თავი-თავსა-მეთქი: ზოგი უკან მოსდევს კურდღელს, ზოგი წინ უხვდება, სხვანი მარჯვნიდამ და მარცხნიდამ ეტანებიან. მაგრამ არ იქნა, ვერც მოჰკლეს და ვერცა დაიჭირეს, თუმცა ბურტყლი კი ბლომად გაადინეს... შორიდგან კარგად ვხედავდი, რომ კურდღლის ბურტყლი ნარის ბუმბულივით მაღლა მიმოჰქონდა ქარსა... კურდღელი მაინც მორბოდა, მორბოდა გამალებული, ზურგზე ყურებგაწყობილი. გამოასწრო, როგორც იყო, მონადირეებს წინა და ჩემს სახლს დაუპირდაპირდა. ერთადერთი თავშესაფარი ჩემი სახლი იყო. მოვიდა პირდაპირ, მეტი გზა აღარ იყო, და ჩემს სახლში მოვარდა. მე მაშინვე კარები მიუხურე, რომ ძაღლები შინ არ შეჰყოლოდენ. შევედი, ტახტქვეშ შემძვრალიყო და კუთხეში მიკუნჭულიყო... რომ დამინახა, ამობრუნდა გულაღმა და ფეფებს დაუწყო თამაში, შიშისაგან აკანკალებდა და თითქოს მეხვეწებოდა: ნუ მომკლავ, თუ ღმერთი გწამს, ვითომ შენი სტუმარი ვყოფილვარ, შემიბრალეო... გამიხარდა, გამიხარდა, რომ მეტი არ იქნება. მეც ისე ვაჩვენე თავი, როგორც მოკეთემა: ავიყვანე ხელში, გადუსვი ზურგზე ხელი; დამნებდა, ფეხიც აღარ გაუქნევია. ათასიც რომ გაექნია, სადღა წამივიდოდა?!. გადავეცი მაშინვე მზარეულს... ნახევარი გვერდი შემწვარი უნდა ჰქონდეს და მეორეც მალე დაებრაწება. ნიგვზით გემრიელია და გემრიელადაც გიახლები. მოვიდენ მონადირეებიც.
- სად არის ჩვენი კურდღელი, რა უყავი, მოიტა აქაო! — ყვირიან.
— ღმერთმა ნუ იცის თქვენი თავი-მეთქი, — შევუტიე. — არა, თქვე ოხრებო, კურდღელი ხელში არ გეჭირათ, რაღათ გაუშვით-მეთქი? — რაღა ეთქმოდათ! ერთი კი მომაფურთხეს, მიაბრუნეს ცხენები და გასწიეს კუდამოძუებულებმა. შორიდამ ბარემღაც გულს იმჯიღავენ, მუქარას მითვლიან, კბილებს მიღრჭენენ, მაგრამ რას გაჰხდებოდენ?!

(1887 წ.)