THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ბუდე

მერი ბოლქვაძე

ხეზე ტოტსა და ტოტს შუა ბუდეა მჭიდროდ ჩაკულგული. ბუდე ცარიელია, რა ხანია ჩიტები თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ, მოახლოებულ ზამთრის სიცივეს გაექცნენ სიჩუმეც იმიტომ დგას ირგვლივ ...
რა მოწყენილობაა, არა? ბუდემ ნაღვლიანად ახედა ხეს.
ჰო! მაშინვე დაუქნია კენწერო ხემ თანხმობის ნიშნად და შემოდგომისაგან გაყვითლებული ფოთოლი ჩაუგდო, ნახე, რა დაემართა?!
ჩემი გულის ვარდები გაფრინდნენ, მთელი ზამთარი უიმათოდ რა გამაძლებინებს?! გააგრძელა ბუდემ და ყვითელი ფოთოლი კალთაში ჩაიგორა.
მოითმინე როგორმე, გაზაფხულზე დაგიბრუნდებიან! დააიმედა ხემ და ახლა წითელი ფოთოლი ჩაუგდო. ბუდემ ისიც ჩაიგორა კალთაში:
რა ლამაზია! ჩემი ჩიტებიც ლამაზები იყვნენ, თანაც მხიარულები, მთელი დღე ჭიკჭიკებდნენ. იქ როგორღა არიან ახლა ნეტავ? დღე და ღამე იმათ ფიქრში ვარ!...
კარგად იქნებიან, ნუ დარდობ! ღრმად ამოიოხრა ხემ...
უცბად ქარი მოვარდა, ფეთიანივით ეცა ბუდეს, გაქექა, ფოთლები ფრიალ-ფრიალით ამოყარა და თვითონ გაიჭიმა შიგ, მაგრამ დიდხანს ვერ მოისვენა: ჯერ იტრიალა, იქნია აქეთ-იქით ფეხები, მერე წამოხტა და ისევ სადღაც გაიქცა.
ვითომ რა გააკეთა?! მწყრალად გააყოლა თვალი თავის სახლფუღუროსთან საქმიანად მოფუსფუსე ციყვმა...
ქარი მოშორდა იქაურობას და ისევ სიჩუმე გამეფდა ირგვლივ. ცაზე უფრო მძიმედ და შავად ჩამოწვნენ ღრუბლები. მთებიდან ნისლმა ჩამოიარა;
სიფრიფანა აბლაბუდასავით გაება-გაებლანდა სივრცეს, სადაც კი მოხვდა, ყველგან ჩაწვა-ჩაფუმფულდა, ყველგან მოთავსდა და ჩაეტია. დაინახა ბუდე და იქაც ჩაძვრა.
ქარივით გვერდებს მაინც არ მამტვრევს, ჩემი ჩიტების ბუმბულივით მსუბუქია, თქვა ბუდემ.
...და ჩემი ფოთლებივითაც. ქარს ბევრად სჯობია! დაეთანხმა ხეც.
ვინ მჯობია? მაყვლის ხშირი ბარდებიდან გამოვარდა აქამდე მწყერივით მიყუჩული ქარი, ნისლი მჯობია, ეს ზანტი, ზლაზნია? სადაც დაეგდება, ძალით თუ არა, ნებით ვერ გაანძრევ. რისი მაქნისია: არც მთლად ღრუბელია, წვიმად რომ მოვიდეს, არც საბანია, ხეები ჩაათბუნოს სიცივეში!

შენ მაინც გჯობია, შენსავით ყირაზე არ აყენებს ყველაფერს! არ მოერიდა ხე ქარს.

არაფერიც! გულისგამგმირავად დაიწივლა ქარმა, გაკაპასებულმა წამოუარა ნისლს, საბურველივით ააცილა მიდამოს და სადღაც გადაკარგულში მოისროლა. ნისლი რომ მოიშორა, ცოტა გული დაიწყნარა: ბუდეში ისევ თვითონ ჩახტა, ერთხელ კი არა, ერთი ასჯერ მაინც ჩახტა და ამოხტა...

აბა, ერთი, იქნებ ძირი გააგდებინო როგორმე?! თათი დაუქნია ციყვმა მუქარით, თვითონ კი ფუღუროში შევარდა, იმიტომ რომ აქამდე ცაზე გალურსულმა ღრუბელმა წვიმის მარცვლები დააყარა თავზე.

ქარი არ კმაროდა?!

ახლა წვიმაც წამოვიდა და წამოვიდა. არემარეს დაემხო თავზე. წვიმის წვეთები ბუდეშიც ჩაკოტრიალდნენ ფუთფუთით და ჟივჟივით.

ბუდეს ტანში აბურძგლა...

ჩემს ჩიტებს ვეღარ დავხვდები, ან წვიმა ჩამომშლის, ან ქარი! შეიცხადა.

ნუ გეშინია! დაფაცურდა ხე. აჰა, დაიჭი! ფოთოლი ჩაუგდო, ყვითელი...

აჰა! ფოთოლი ჩაუგდო წითელი, ჩაუგდო ყვითელი, ყავისფერი, სხვადასხვა ფერად აჭრელებული... ფოთლებმა პირთამდე ამოავსეს ბუდის კალთა; ფოთლებს ციყვი შესდგა თათებით, მაგრად ჩაძერკვა ბუდეში; ისე, რომ ერთი ციდა ადგილიც არ დაუტოვა ქარს; წვიმაც ვეღარ გაატანდა შიგ.

ზაფხულშიც შენი ფოთლები მედგნენ თავზე ქოლგასავით! მადლიერი თვალით ახედა ბუდემ ხეს.

ქარს ბოღმით გაეტენა გული:

თუ აგრეა, სულაც ჩამოვაგდებ ძირს! გაავებულმა უფრო მოუმატა ზუზუნს და ქროლვას. წვიმამაც უფრო დასცხო, ქარს აუბა მხარი... ქარი გარშემო ურბენდა ხეს, ხან ერთი მხრიდან ბუბნიდა ბუდეს, ხან მეორე მხრიდან... დროდადრო ხის რომელიმე ტოტზე შემოჯდებოდა, სათითაოდ წყვეტდა ფოთლებს, ძირს ისროდა და გასწიოდა:

ჩამოვაგდებ!

ვერ ჩამოვაგდებ?

ჩამოვაგდებ!

ვერ ჩამოვაგდებ?..

ვერ ჩამოაგდებ, ვერა! ენას უყოფდა ციყვი ფუღუროდან. ხე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ტოტებით ებღაუჭებოდა ბუდეს....