THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლიდა სტვილია

თაგვის საბანი
ლეღვის ხიდან ფოთოლი
ჩამოეგდო ქარსო,
გაუხარდა თაგუნას,
— რა საბანი მაქვსო,


დავწვები და დავიხურავ,
დავიმალავ თავსო, —
კატა ვეღარ მოაგნებს
ჩემს გზასა და კვალსო!


ფისო
ფისო, ფისო, ფისო
სახურავზე ზისო,
თაგუნია დაიჭირა,
ძირს არ ჩამოდისო.


ტყუპები
ბაღის კართან შევჩერდი,
დავანახვე ბებიას:
— შეხეთ, მსხლები ერთმანეთს
როგორ ჩახუტებიან!
ბაბუამ თქვა: — ძმებია;
ბებიამ თქვა: — დებია;
პირსაც ერთად იბანენ,
მზეზეც ერთად თბებიან...
ჩიორამ თქვა: — ერთმანეთს
სულ არ ეჩხუბებიან!




ჩემს სამშობლო საქართველოს
მზე კრწანისის, მზე მარაბდის,
მზე საგმიროდ შემართული!
მზე ვარძიის, მზე კლარჯეთის!
მზე ზურმუხტით შეკალთული


მზე გელათის, მზე მარტვილის,
მზე მთაწმინდის ლექსად თქმული,
მზე დავითის, მზე თამარის!
მზეხათუნი, მზეხატული!


მზე ალაზნის, მზე კოლხეთის,
მზე ვენახად დახლართული,
მზე ზამთრის და გაზაფხულის,
მზე დროშებით სხივგანთქმული!


მზე - დედამზე, მზე - მამამზე,
მზე - ცხრათვალა, მზე — ქართული!
მზე კაშკაშა ზამთარ-ზაფხულ
გვიოქროვებს მთას და მდელოს,


გაუმარჯოს მზის გულიან
ჩემს სამშობლო საქართველოს!