THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



შოთა ამირანაშვილი

ლექსები
აბა, როგორ ვნახავდი


- ჩემო პატარა ვაჟკაცო,
წუხელის როგორ გეძინა?
- ძალიან კარგად, დედიკო, -
ბიჭუნამ ტკბილად შესცინა.


დედიკომ გულში ჩაიკრა:
- სიზმარიც ნახე, ავთანდილ?
- თვალდახუჭული ვიყავი
და, აბა, როგორ ვნახავდი?!


არითმეტიკა


- მთელიდან თუკი მეოთხედს
ოთხჯერ ავიღებთ, საბა,
მაშინ რამდენი დარჩება,
უცებ თუ მეტყვი, აბა?


დუმილით შეხვდა ბიჭუნა
არითმეტიკულ კითხვას.
ბებიამ: - ადვილიაო,
რატომ ფიქრობო დიდხანს.


აი, ოთხად ვჭრი ქლიავს და
ვიღებ ოთხივე ნაწილს,
ჰოდა, შეხედე, რა რჩება? –
უთხრა ღიმილით ყმაწვილს.


მყის გაუბრწყინდა თვალები
პაწაწკინტელა საბას:
- კურკაო, - წამოიძახა
გახარებულმა სწრაფად.


ახალბედა მეთევზე


ანკესს ვაშლი წამოაცვა
პაწაწინა რეზიმ,
უნდოდა რომ მდინარეში
დაეჭირა თევზი.
- ბიჭო, ვაშლით თევზაობა
სად გინახავს ნეტავ,
ჭია უნდა გამოაბა, -
დაარიგა დედამ.
- ჰოდა, სწორედ ჭიანია,
განა ვერა ხედავ?!




ბაჩას კიჭი


არა და აღარ დაუცხრა
პატარა ბაჩას კიჭი,
ჰოდა, დედიკომ ექიმთან
წააცუნცულა ბიჭი.


როდესაც სახლში დაბრუნდა,
ალერსით ჰკითხა ლილიმ:
- ჩემო პაწია ძამიკო,
კიდევა გტკივა კბილი?


დას გაკვირვებით შეხედა
თვალებცქრიალა ბაჩამ:
- აბა, რა ვიცი, კიჭი ხომ
ძია ექიმთან დარჩა!

ყველაზე ძლიერი


- კლასში ყველაზე ძლიერი
ვინ არის თქვენთან, მაიკო?
- ვინა და, მასწავლებელი,
ნუთუ არ იცი, მამიკო?!