THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მზის სხივი

ნანა კაციაშვილი


მიყრუებული, ბინძური ქუჩის ბნელ კუთხეში ვიღაცას მუყაოს დიდი ყუთი მიეგდო. ამ ყუთში პატარა მათხოვარი გოგონა იძინებდა-ხოლმე.
და როდესაც, შემოდგომის ერთ ჩვეულებრივ დილას, ჩვეულებრივმა მზემ ამოიჭვრიტა და თავისი სხივები გარშემო მიმოფანტა, მათხოვარი ნელ-ნელა გამობობღდა ყუთიდან; ჯერ ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა, მერე ძველი ქურთუკის დახეული ჯიბიდან პურის გუშინდელი მონარჩენი ამოიღო და ელვის სისწრაფით შესანსლა.
პატარა გოგოს ნაღვლიანი შავი თვალები და ჩალისფერი, გრძელი და ჭუჭყიანი თმა ჰქონდა. უყვარდა კაშკაშა მზე, მომავალი ზამთრის სიცივის კი ძალიან ეშინოდა.
მზის პაწაწინა სხივი, რომელსაც პირველად სულ რამდენიმე დღის წინ გაებრწყინა ცაზე, ძალიან შეეჩვია ციცქნა მათხოვარს. ერთი სული ჰქონდა, მალე გათენებულიყო და გოგონა დაენახა. მერე კი, სულ მისთვის ედევნა კვალში.
თბილ შემოდგომას სუსხიანი დღეებიც გამოერეოდა-ხოლმე. სხივი შემცივნულ მათხოვარს ხელისგულებზე შეუღიტინებდა და გოგონაც გაუთავებლად კისკისებდა, თან ფიქრობდა - ნეტა, გამაგებინა, რატომ მეღიტინებაო.
მის სიცილზე სხივი სიხარულით დახტოდა. აღფრთოვანებული, გარს შემოეხვეოდა-ხოლმე პატარას და ჩუმად ეჩურჩულებოდა: რა ლამაზი და რა სასაცილო ხარო....
მათხოვარი - ხმა საიდან მესმისო, და გაოცებით იყურებოდა გარშემო. მერე, ნაღვლიანად ამოიოხრებდა და ისევ თავის საქმეს უბრუნდებოდა: გამვლელ-გამომვლელს თავჩაღუნული უშვერდა ხელს.... ზოგი ხურდა ფულს უდებდა, ზოგი პურის ნაჭერს... ზოგი კანფეტს, ზოგი ვაშლს... ზოგიც არაფერს...
რა ექნა? - შიოდა მათხოვარს.
უხილავი მეგობარიც მის გვერდით იდგა და ფიქრობდა: ნეტავ შემეძლოს, მეც ვიმათხოვრო; ყველაფერს, რასაც მიწყალობებენ, გოგონას ვაჩუქებდიო.
სხივს სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩებოდა გოგონასთან სათამაშოდ - შემოდგომის დღეები მოკლდებოდნენ და იმიტომ.
გულდაწყვეტილი სხივი საღამოობით უხალისოდ ტოვებდა დედამიწას და მზეს უბრუნდებოდა.
მნათობი კი დაძინებისას გუდა-ნაბადივით აიკრეფდა თავის შვილებს და დიდ თვალებს ზანტად ხუჭავდა.
დილით ცაზე ამობრწყინებულს ხანდახან ღრუბლები ეფარებოდნენ. სხივი მათხოვარს ვეღარ ხედავდა. ნეტა, როგორ არის, ხომ არაფერი უჭირსო, - დარდობდა გოგონაზე.
ერთი-ორჯერ მზესაც სთხოვა, გამიშვი, ჩემს მეგობართან მინდა ყოფნა, მეშინია, ცუდი არაფერი მოიწიოსო...
- შენ რომ გაგიშვა, ჩემი ძალა მოგაკლდება და ერთ დღეში დაიღუპები; სასიკვდილოდ კი არ მემეტები, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარო, - უპასუხა მზემ. სხივსაც უყვარდა მზე, ეშინოდა, გული არ ვატკინოო, და, უსიტყვოდ ემორჩილებოდა.
ზამთარიც ჩვეულებრივად მოვიდა - კვალში მოჰყვა შემოდგომას...
არე-მარე თოვლით გადათეთრდა.
ბავშვები, რომლებსაც თბილად ეცვათ და შინ გემრიელი სადილიც ელოდებოდათ, სიხარულით დახტოდნენ თოვლში, გუნდაობდნენ, ციგებით დასრიალებდნენ, ეზოებში თოვლის ბაბუებს დგამდნენ...
ძველი შენობის კუთხეში მიცუცქულ ჩალისფერთმიან მათხოვარს კი ცრემლები ჩამოსდიოდა... არა, ცუდ ხასიათზე კი არ იყო - უბრალოდ, ძალიან, ძალიან სციოდა და ყინვისაგან ცრემლებით ევსებოდა თვალები...
მზეს თოვლის ღრუბელი გადაფოფრებოდა. სითბოს არასგზით არ უშვებდა დედამიწაზე.
ქარი თუ წამოუბერავდა და წამით მიმოფანტავდა დიდ ღრუბლებს - მნათობი ბუნდოვნად ჩნდებოდა ცაზე.
ამ დროს, სხივი დროს იხელთებდა და გოგონას გვერდით აღმოჩნდებოდა-ხოლმე. ტროტუარის ქვაზე ნაღვლიანად წამოსკუპებულ მათხოვარს გვერდით ჩამოუცუცქდებოდა და თავის სუსტ სითბოს უნაწილებდა.
ასე მიდიოდა ზამთარი, მაგრამ არა და არ უჩანდა ბოლო...
ერთხელ, დაძინების წინ მზემ ბრძანა: წინ ყველაზე ცივი დღე გველის, ის რომ გადაივლის, ბევრად ძლიერად გავათბობ და გავანათებო.
გაუხარდა სხივს, ესე იგი, გაზაფხული მოახლოებულაო... მართლაც ასე იყო...


* * *
ოო, როგორ ციოდა იმ დილას...
მზეს სულ დაეკარგა ძალა...
ქალაქი, თოვლში ჩაფლულიყო...
საშინელი ქარი უბერავდა, ძვალსა და რბილში ატანდა სუსხი.
გოგონა, რომელსაც ვიღაცის ნაჩუქარი დაძენძილი თავშალი შემოეხვია, ერთ ადგილზე დახტოდა და, დროდადრო, უხელთათმანო ხელებზე მთელი ძალით იორთქლებდა.
თავშალში ჩაფლული ცხვირ-პირი ყინვისაგან ასწითლებოდა.
დასუსტებულმა მზემ ყინვაში გამოანათა და ოდნავ გასაგონად ჩაიბურდღუნა: ამაღამ, გარეთ თუ დარჩა ვინმე, აუცილებლად გაიყინებაო...
სხივი ნერვიულობისგან აცქმუტდა.
საღამომდე მზეს არ მოშორებია - მისგან მთელი ძალით შეისრუტა სითბო.
ბოლოს, მეძინებაო, განაცხადა მზემ; სხივები წამოკრიფა და თვალები დახუჭა... არც შეუმჩნევია პატარა სხივის გაუჩინარება...
გოგონა ვიღაცის კიბის ქვეშ შეყუჟულიყო და ყინვისაგან კბილებს აკაწკაწებდა. თვალებმილეულმა - ალბათ, მოვკვდები... ოჰ, როგორ არ მიყვარს ზამთარიო - გაიფიქრა მწუხარებით... ხელ-ფეხს უკვე ვეღარც გრძნობდა.
უცებ რაღაც სითბომ მოუხიცინა, იქაურობა, თითქოს, განათდა კიდეც; აღარც აკაწკაწებდა, გამთბარი თითები აამოძრავა და სახეზე მოისვა - სიზმარში ხომ არა ვარო...
სხივს ადვილად მოეძებნა გოგონა.
პატარას დანახვაზე გული მოეწურა; ხომ არ დამაგვიანდაო, შიშით შეეხო მათხოვარს; შეეხო და მთელი სითბო უწილადა... მერე, ნელ-ნელა დაპატარავდა, დაილია, ძლივსღა ახელდა თვალებს... იცოდა, დღე ახლოვდებოდა... - იქნებ, მზეც გამოჩნდეს, ძალა მეყოს იქამდე და მეც გადავრჩეო; მზე კი, არა და არ ჩანდა.
გოგონას მშვიდად და თბილად ეძინა.
სხივი კი მიხვდა, რომ მისთვის ბოლო წუთები დამდგარიყო; თვალები აუწყლიანდა; მერე ძონძებში გამოხვეულ მათხოვარს შეხედა და უკანასკნელად გაეღიმა - გოგონას ჩალისფერი, ხშირი თმა ძონძებზე ეყარა, აწითლებული ცხვირი სასაცილოდ აპრეხოდა, პატარა ხელი თავქვეშ ამოედო და ძილში საამოდ ეღიმებოდა...


* * *
გამთენიისას, როცა ცაზე ისევ ამობრწყინდა ძლიერი მზე და დედამიწას გაზაფხულის პირველი დღე ღიმილით ახარა, გოგონა კიბის ქვემოდან ქუჩაში გამობობღდა.
საოცარია, მაგრამ თოვლი დნობას იწყებდა...
მათხოვარმა ხალისიანად გაიღიმა, დაელოდა, რომ უხილავი ხმა უჩურჩულებდა: რა ლამაზი ხარ, პატარაო... ვერაფერიც ვერ გაიგო, გაოცებით აიჩეჩა მხრები და ღიღინით გაუყვა ტროტუარს.
... მზის სხივი კი შეუმჩნევლად და უხმაუროდ მომკვდარიყო ბინძური კიბის ქვეშ.