THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ა-ფცხი!

ლელა ცუცქირიძე
ნოემბრის ერთ წვიმიან დღეს, ერთმა მოწესრიგებულმა კაცმა მეტროს ვაგონის გაღებულ კართან შემთეხვევით დააცემინა.
ა-ფცხი სადგურზე გადმოვარდა და უკან დაბრუნება ვეღარ მოასწრო, ვაგონის კარი დაიკეტა.
ასე დაიკარგა ა-ფცხი.
იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მოწესრიგებული კაცი ეპოვა. ბევრი არაფერი - ერთი მაღალი, გამხდარი კაცი იყო და ბანკში მენეჯერად მუშაობდა, მაგრამ ა-ფცხის მის გრძელ ცხვირში ცხოვრება ძალიან მოსწონდა.
ახტა ა-ფცხი და ერთ ზანგის ბიჭს შეუძვრა ცხვირში. ზანგის ბიჭმა ცხვირი ააცმაცუნა, უშველებელი პირი მოაღო და ააა-ფცხიო, დააცემინა.
ა-ფცხი ახლა ერთ ფუმფულა ქალბატონს შეუძვრა ცხვირში. ქალბატონი უხერხულად შეიშმუშნა, ამდენ ხალხში როგორ დავაცემინოო, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და ააა-ფცხიო, ხმამაღლა დააცემინა. მერე ისე შერცხვა, რომ დაბნეული სხვა სადგურზე ჩავიდა.
რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ა-ფცხიმ მოწესრიგებული კაცის ძებნაში იმდენი იწრიალა, რომ ნაშუადღევისთვის მთელი ქალაქი ა-ფცხი, ა-ფცხიო, - აცემინებდა.
შეშინებული ინფექციონისტები მაშინვე შეიკრიბნენ და აჩურჩულდნენ, ჩვენს ქალაქში ნამდვილად უცნობი ვირუსი გავრცელდა და მოსახლეობა სასწრაფოდ გავაფრთხილოთ, პირზე დოლბანდაფარებულებმა იარონო.
ეს რაა, ერთი მოხუცი ინფექციონისტი კარანტინის შემოღებასაც მოითხოვდა!
ამასობაში, მაღალი, გამხდარი, მოწესრიგებული კაცი მუშაობას მორჩა, ქუდი დაიფარა და შინისკენ გასწია.
სახლში მისულმა ტელევიზორი ჩართო და ფუმფულა საწოლში ისე ჩაწვა, ქუდიც არ მოუხდია: ყველაფერი სტკიოდა და მთელ ტანში აჟრიალებდა. ალბათ გავცივდიო, გაიფიქრა, ცხვირი აათამაშა და რა? ვერ დააცემინა! ანდა როგორ დააცემინებდა, ა-ფცხი ხომ დილას დაეკარგა.
აწრიალდა საწყალი კაცი, როგორ არ ეცადა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა დაცემინება, ცხვირი კი უთამაშებდა და უთამაშებდა.
მერე კრუსუნით წამოდგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გაცუხცუხდა, ნამდვილად ვირუსი შემეყარაო. ექიმებმა დიდხანს სინჯეს მოწესრიგებული კაცი, მერე მხრები აიჩეჩეს, ასეთი რამ არც გვსმენიაო და ყოველი შემთხვევისთვის, ცალკე პალატაში დააწვინეს.
უნდა გენახათ, საავადმყოფო ხალხით იყო სავსე!
ერთი ამბობდა, დღეს უკვე ათჯერ დავაცემინე და ჩქარა დამაწვინეთო; მეორე ფეხებს აბაკუნებდა, მეტი აღარ შემიძლია, კონცერტი მქონდა და სიმღერის ნაცვლად ვაცემინებდი და ვაცემინებდიო; მესამე ზლუქუნებდა, ვაიმე, პაემანზე ვარ წასასვლელი და მე კი ვაცემინებ და ვაცემინებო...
ეჰ, საწყალი ჯენტლმენი კი ამ დროს დაცემინებაზე ოცნებობდა.
ამასობაში ა-ფცხიმაც საავადმყოფოში ამოჰყო თავი ვიღაც გაპრანჭულ გოგოსთან ერთად.
იქაც არ მოისვენა და ჯერ ერთ ექიმს შეუძვრა ცხვირში, მერე მეორეს, მესამეს და ატყდა, მაგრამ რა ატყდა! მთელი საავადმყოფო - ექიმებიც და ავადმყოფებიც იმდენს აცემინებდნენ, რომ ვეღარ ჩერდებოდნენ.
მოწესრიგებულმა კაცმა პალატიდან ცხვირი გამოჰყო, ნეტავ რა ხდებაო და სწორედ ამ დროს ა-ფცხიმ არ დაინახა?! გახარებულმა ყველა მიატოვა და თავპირისმტვრევით შეუხტა კაცს ცხვირში.
- ააა-ფცხიო, - ბარაქიანად დააცემინა მოწესრიგებულმა კაცმა და შვებით ამოისუნთქა.
უცებ ყველამ მშვენივრად იგრძნო თავი, აღარავინ აცემინებდა! მხოლოდ ერთი პალატიდან ისმოდა ნაცნობი ხმაური.
იფიქრეს, ეს ვიღააო, შეიხედეს და რას ხედავენ?! დამჯდარა გამხდარი, მაღალი, მოწესრიგებული კაცი სკამზე. ფეხი ფეხზე გადაუდია, სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებს, ცხვირს აცმაცუნებს და წამდაუწუმ აცემინებს:
- ააა-ფცხი!
- ააა-ფცხი!
- ააა-ფცხი!