THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ალვა და ჯაგრცხილა

გუგული ტოგონიძე

ბალახებსა და ყვავილებში ალვამ და ჯაგრცხილამ ამოყვეს თავი. პირველად ალვა ამოიწვერა.
- ჭიტა! - დაიძახა და კვირტის გახსნა დააპირა.
- ნუ, ნუ, ცოტა ხანს დაიცადე, შეგცივა! - დაარიგა ნორჩმა ბალახმა. სამყურა და ოროვანდი ზედ გადაეფარნენ პატარა ყლორტს.
- გაიწიეთ იქეთ, გაიწიეთ, სული მეხუთება! - გაბრაზდა ალვა.
- რა გაუგონარი იქნება!- ააფარფატა ფრთები ყვითელმა პეპელამ.
იქვე, ალვას გვერდით, ვიღაცამ მიწიდან ამოიძახა:
- გამიშვილი, გამიშვი! რას მაწვები ზემოდან! - და შავ ხო-ჭოსს მუცელზე შეუღიტინა.
- ჰი, ჰი, ჰი!... რა ხუმარა იქნები! - შეხტა ხოჭო მოულოდნელობისაგან!
- უჰ, ძლივს არ ამოვყავი თავი! რა კარგი ყოფილა ზევით!
- იჰ, ჯაგარცხილა ყოფილა! - ტანი შეისწორა ხოჭომ, ულვაშები ააცმაცუნა და წახანხალდა.
- კურდღელი, კურდღელი! - შეშფოთდა მრავალძარღვა, ჯაგარცხილას სასწრაფოდ გადაეფარა და ალვისაკენ მიიხედა, - ალვა, ალვა! შეეფარე სამყურას, თორემ კურდღელი გადაგკორტნის.
კურდღელმა ცანცარით ჩამოურბინა ველს. ერთგან ნორჩი ბალახი მოკორტნა, ტუჩები ააცმაცუნა, მერე ყურები ერთმანეთს გაუწკაპუნა და ჯანგარაში შევარდა. ჯაგარცხილამ მრავალძარღვას ფოთლიდან გამოიჭყიტა და ალვას გასძახა:
- გამოიხედე, გამოიხედე, კურდღელი წავიდა!
ალვა, ვითომც აქ არაფერიაო, მშვიდად ამოყეყელავდა სამყურას ფოთლებს ზემოთ:
- უჰ, დამცხა, წყალიც მომწყურდა!
ბალახებმა ერთმანეთს გადაჩურჩულეს: - ალვას სწყურიაო, და შემონახული ნამის წვეთები ფოთლებით ნელ-ნელა პირზე ამცვრიეს.
- რა ნელა გადის დრო, როგორ მომწყინდა! - აბუზღუნდა ალვა.
- გინდა, ვითამაშოთ? - კითხა ჯაგარცხილამ და ალვისაკენ ნამი ისროლა. - ხელი, ხელი შეუშვირედა ახლა მე გადმომიგდე.
ალვამ ფოთოლი დაუხვედრა ნამს. ნამს ეწყინა, რა სათამაშო ბურთი მე მნახეთო, და ცრემლივით დაგორდა.
ალვამ მოიწყინა, - შეწუხდნენ ისევ ბალახები.
- ნუ სწუხხართ, - ფრთები დაუშვა ღაბუა ჩიტმა და გალობა დაიწყო. მოფრინდნენყვავილის მტვერში ამოგანგლული პეპლები და ბაფთიანი გოგონებივით აცეკვდნენ. თითქოს ოჩოფეხებზე შედგნენ ფრაკიანი კალიები, წრის გარეთ იდგნენ, ტოლს ეძებდნენ, რომ ცისფერკაბიან პეპელას, ცისფერას, არ შეეჩერებინა ისინი:
- განა ვერა გრძნობთ ცხვირისატეხელას სუნს? გვაფრთხილებს, წვიმა მოვაო. შეხედეთ, სამყურამაც დაკეცა ფოთლები.
პეპლებმა ცეკვა შეწყვტეს და აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. კალიებიც გადასკუპ-გადმოსკუპტნენ, ზოოდი - სად, ზოგი - სად. არ გასულა დიდი ხანი და ცამ იჭექა. ალვას და ჯაგრცხილას შიშისაგან გული გაეწურათ.
- არიქა, შხაპუნა წვიმა წამოვა და ყლორტებს ჩამოგაცლით! - დაუძახა მათ ბუერამ და ორივეს თავისი ფართო ფოთლები გადააფარა.
კარგა ხანს იწვიმა. მეორე დილით მთის წვერზე ვეებერთელა მზე შემოდგათუ არა, სამყურამ ვარდისფერი თავი შეარხია. გვერდით ალვა და ჯაგრცხილა რომ ვერ დაინახა, გაიკვირვა.
- ნეტა სად არიან? - ქეთ მოიხედა, იქეთ მიიხედა, მერე მაღლა აიხედა და შეამჩნია, რომ ჯაგრცხილასა და ალვას ტანი აეყარათ...
გადიოდა დღეები... ალვა ალვა კიდევ უფრო მაღლა და მაღლა მიიწევდა, ახალ-ახალ ფოთლებს შლიდა, ჯაგრცხილაც მიდიოდა მაღლა, თან თვალი დაბლა რჩებოდა, გრძნობდა, რომ სცილდებოდა სამყურას, ბუერას, ოროვანდს...
ერთხელ ალვას უთხრა:
- ზევით ვეღარ წამოვალ! გესმის? სასუტელა კისკისებს, ვარდისფერი კაბა ცაუცვამს და უხარია. ჩუ, სამყურას კვნესა შემომესმა, მგონია ავადაა.
ალვამ მოხედა შეჩერებულ ჯაგრცხილას: - მოდიხარ თუ არაო! და ისევ მაღლა წავიდა. ჯაგრცხილა აღარ ასულა ზემოთ, სამყურას ტოტები გადააფარა:
- მზე ხომ არ გაწუხებს? ხომ არ გცივა? - ჰკითხავდა მალიმალ. - ალვა! - ასძახა ჯაგრცხილამ, - რას ხედავ ზემოთ?
- ხის კენწეროებს და ცას!
- ღრუბლები თუ ჩანან? სამყურა წვიმას ნატრულობს!
- ღრუბლები? ჩანან, სულ ახლოს არიან.
- მაშ, სამყურა გადარჩება, მე წვიმის წვეთებს შევინახავ ფოთლებით და მერე ნელ-ნელა დავამცვრევ თითო ოროლა ნამობით პირზე.
მხოლოდ ღამ-ღამობით შეეძლო ჯაგრცხილას ალვას გასაუბრებოდა, დღის ჟრიამულში მისი ხმა ვერ აღწევდა ალვამდე.
- ალვა! - ასძახებდა ჯაგრცხილა, - რას ხედავ ზემოთ?
- ხის კენწეროებს და მთებს, ცას და ღრუბლებს!
- მეტს ვერეფერს? ...იცი? სამყურა გადარჩა. წვიმა რომ მოვიდა, გაიხარეს ყვავილებმა! გამოცოხლდნენ და ახასხასდნენ. ის კი მეწყინა, ჭიანჭველებს გზები მოეშალა. ერთი წყალმა წაიღო, მაგრამ ბალახი ჩაეშველა და გადაარჩინა... იცი? იმ დღეს ნიავი ვაცისწვერას დააქარქარებდა, მაღლა და მაღლა მიაქანებდა. ნიავი შეჩერდებოდა და ვაციწვერა დაბლა იწევდა, მიწისკენ. დღო იხელთა თუ არა, ჩემს წინ ჩაერჭო. ნიავმა ხან აქედან შემოუფრინა, ხან იქედან, ვაციწვერა არა და არ გაჰყვა...
ვინ იცის, კიდევ რას ეტყოდა ჯაგრცხილა ალვას, მაგრამ ირიჟრაჟა და ჯაგრცხილა ჩაჩუმდა, - იცოდა, დილის ჟრიამულში მისი ხმა მაინც ვერ ააღწევდა ალვამდე.