THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კაცი და ქარი

გურამ პეტრიაშვილი

იმ ქალაქში ქარი იცოდა ძალიან ხშირად.
დაუბერავდა და ერთ მხარეს გაირეკავდა ჩამოცვენილ ფოთლებს, ხმაურით მიაჯახუნებდა ფანჯრებს და აივანზე შემთხვევით დარჩენილ ფერად თავსაფარს ფრიალ-ფრიალით გადაატარებდა სახლების თავზე...
ხანდახან ნაზი და სასიამოვნო ნიავიც იცოდა ქალაქში, მაგრამ უფრო ხშირად ძლიერი ქარი ქროდა.
მოქალაქენი თავჩაღუნული დადიოდნენ და ხელი ქუდზე ეკიდათ.
დედები პატარა ბავშვებს შიშით გარეთ არ უშვებდნენ.
ქარი მხოლოდ იმ გოგო-ბიჭებს უხაროდათ, რომლებიც უკვე სკოლაში დადიოდნენ. ასეთი რამ მოიგონეს გასართობად: გამოვიდოდნენ ქუჩაში, ქარს ზურგს მიუშვერდნენ და უკან ისე გადაწვებოდნენ, თითქოს ზედ ეყუდებიანო, მიაწვებოდა ქარი და წაიყვანდა ბავშვებს. ისინი მხოლოდ ფეხს აცილებდნენ მიწას, ნაბიჯს კი ქარი ადგმევინებდათ.
მიარბენინებდა ქარი ბავშვებს და იცინოდნენ ბავშვები.
მაგრამ ეს გართობაც მალე ბეზრდებოდათ და მერე მთელი კვირა და ხან მთელი თვეც ფანჯრიდან უყურებდნენ ქუჩას დაღონებულები.
მოკლედ, არც ისე მხიარული იყო ცხოვრება ქარიან ქალაქში...
ერთ ქარიან დილით კი ვიღაც უცნაური ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში.
არა, მას არაფერი ჰქონია განსაკუთრებული. არც ყირაზე დამდგარა, არც მალაყებს გადასულა და არც ცეცხლი ამოუშვია პირიდან.
მთელი მისი უცნაურობა ის იყო, რომ თავაწეული მოდიოდა და არც ხელი ეკიდა ქუდზე.
გაოცდნენ ფანჯრიდან მაცქერალი ბავშვები, შეჩერდნენ გამვლელები.
უყურებდნენ თავაწეულ კაცს.
მაგრამ იმას დიდხანს არ უვლია ასე.
ოციოდე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო და ქარმა მოსტაცა ქუდი.
გამოუდგა კაცი ქურდს, დაიჭირა, დაიხურა და კვლავ წავიდა ქარის საპირისპიროდ. მაგრამ კვლავ მოხადა ქარმა ქუდი და გააქანა უფრო სწრაფად.
გაეკიდა კაცი...
მიაქროლებდა ქუდს ქარი, მისდევდა კაცი...
დაიჭერდა, დაიხურავდა, მაგრამ კვლავ სტაცებდა ქარი.
ასე ქალაქის ბოლომდე ჩავიდა კაცი და ქალაქგარეთაც გაიყვანა ქარმა...
მერე ვიღაცას ენახა, როგორ მირბოდა კაცი შორს, შარაგზაზე. მის წინ ქუდი მიქროდა: ხან სწრაფად მიგორავდა, ხან მიხტუნავდა ტრიალ-ტრიალით და ხან მიფრინავდა ჰაერში აჭრილი...
ქარი ჩადგა და რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა კაცი ქალაქში დაღლილი და მტვერში ამოსვრილი.
ძალიან სასაცილო ამბავი მოხდაო, უყვებოდნენ ერთმანეთს მოქალაქენი.
დიდი დრო არ გასულა, რომ კვლავ ამოვარდა ქარი.
კვლავ გამოვიდა ის კაცი ქუჩაში და კვლავ განმეორდა ყველაფერი.
თავაწეულ კაცს კვლავ მრავალჯერ მოაგლიჯა ქუდი ქარმა თავიდან, ბოლოს კი სულაც გაიტაცა, გააცილა ქალაქს და თან გაიყოლა კაცი.
მერე კვლავ დაღლილი დაბრუნდა კაცი.
რამდენჯერმე კიდევ რომ განმეორდა ეს ამბავი, მოქალაქეები მიხვდნენ: კაცს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ასე ედევნა ქუდისთვის.
და დაასკვნეს: ძალიან უცნაური ამბავიაო.
ასე დასდევდა კაცი თავის ქუდს. უცქეროდნენ მოქალაქენი და რაღას არ უგონებდნენ:
ერთი ამბობდა, ჩემპიონობა უნდა და სირბილში ვარჯიშობსო, მეორე ედავებოდა, ჩემპიონობა კი არა, წონის დაკლება უნდაო. მესამე ამბობდა, რაღაც მანქანის გამოგონება უნდა და იმიტომ აკვირდება, ქუდი როგორ მიგორავსო...
მოკლედ, მეტი სალაპარაკო აღარაფერი ჰქონდათ ქალაქში.
და მეტად უცნაური შედეგი მოჰყვა ყველაფერ ამას.
უცებ მთელი ქალაქი ქუდების დევნას შეუდგა.
ამოვარდებოდა თუ არა ქარი, ქუჩაში გამოეფინებოდა ყველა, კაცი თუ ქალი, დიდი თუ პატარა, და დასდევდნენ თავიანთ ქუდებს.
ვინ იცის, რატომ მოხდა ასე. იქნებ გულმა უთხრათ, რომ თუ თვითონაც გაეკიდებოდნენ საკუთარ ქუდს, მაშინ უფრო მიხვდებოდნენ იმ კაცის საიდუმლოს? თუ მართლაც ასე იყო, ეტყობა, ბოლომდე არ დაუჯერეს გულს, რადგანაც მოქალაქენი მართლა კი არ დასდევდნენ ქუდებს, უბრალოდ, დევნას თამაშობდნენ. ყველა მათგანს ქუდზე ჰქონდა გამობმული მსხვილი, მაგარი ძაფი, რომელიც კოჭზე იყო დახვეული. ქარი ქუდს რომ მოიტაცებდა, მოქალაქე აუჩქარებლად გამოუდგებოდა. სად წაუვიდოდა, კოჭი ხომ ხელში ეჭირა. დატრიალდებოდა კოჭი და სულ რომ გაიშლებოდა ძაფი, მოქალაქე გაჩერდებოდა, მშვიდად აახვევდა ძაფს და მიითრევდა ქუდს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ქუდებიც სწორედ ასე ქარში სათამაშოდ შეიკერეს.
ერთი სიტყვით, კარგი ახალი გასართობი იპოვეს.
რა უნდა ექნა იმ კაცს, ნაღვლიანად ეღიმებოდა.
და განაგრძობდა ქუდების დევნას.
ახალგამოჩენილ მდევნელთა შორის მხოლოდ ბავშვები დასდევდნენ ქუდებს ნამდვილად, ეს დევნა მათთვისაც თამაში იყო, მაგრამ ქუდზე ძაფის მობმით სულ კარგავდა ლაზათს. ეტყობა, ბავშვები გრძნობდნენ, რომ ის ძაფი რაღაცით ტყუილს უკავშირდებოდა.
ბავშვებს მხოლოდ პატიოსანი თამაში უყვართ.
დასდევდნენ ბავშვები ქუდებს, ზოგი ეცემოდა და მუხლებს იტყავებდა, ზოგი ოფლიანდებოდა და ავად ხდებოდა...
მშობლებმა გადაწყვიტეს, რამენაირად მოეშლევინებინათ კაცისთვის მისი უცნაური ქცევა. იფიქრეს, ან ქუდი წავართვათ, ან ქარი როცა ამოვარდება, სახლში ჩავკეტოთ, ანდა თუ არ დაგვიჯერებს, სულაც ქალაქიდან გავაგდოთო. ის იყო, აპირებდნენ განზრახულის შესრულებას, რომ როგორც უცებ მოედო, ისევ უცებ გადაუარა ქალაქს ქუდების დევნის სურვილმა.
ეტყობა, იმ თავიანთ გართობა-თამაშობაში ვერაფერი საიდუმლო ვერ ამოიცნეს მოქალაქეებმა და ერთხმად დაასკვნეს: სისულელეაო.
და ქალაქში ისევ ის კაციღა დარჩა ქუდის მადევარი.
დასდევდა კაცი ქუდს ზამთარ-ზაფხულ, დაეწეოდა, დაიხურავდა და თავაწეული მიდიოდა. არ უშინდებოდა, წვიმა ასხამდა თუ თოვლს აყრიდა სახეში ქარი...
დრო გადიოდა... დასდევდა კაცი ქუდს...
ერთხელ კი, გაზაფხულის დილით, კვლავ რომ ამოვარდა ქარი, კაცი გამოვიდა თავისი სახლიდან. ქუდი ხელში ეჭირა.
გავიდა ქუჩაში, დაიხურა ქუდი და... ჩადგა ქარი!
მოქალაქეები უცებ ვერ მიხვდნენ, რა მოხდა. ისინი გაშტერებულები გაჩერდნენ.
კაცი მიესალმა მათ და ქუდი მოიხადა, მოიხადა და იმავწამს ისე ძლიერად დაუბერა ქარმა, რომ ყველა მოქალაქეს ერთად მოსტაცა ქუდი. კაცმა დაიხურა ქუდი და კვლავ ჩადგა ქარი.
- აბა, ახლა ესეც ვცადოთ, - თქვა კაცმა და ქუდი კოხტად გადაიწია გვერდზე.
სასიამოვნოდ დაუბერა ნიავმა.
კაცმა გაუღიმა ყველას და წავიდა.
მათ პირი დააღეს და ერთმანეთს გადახედეს.
მერე ყველამ აიღო თავისი ქუდი და თვალი გააყოლეს კაცს, რომელმაც ქარი დაიმორჩილა.
მიდიოდა კაცი. გადაუხვია მთავარი ქუჩიდან და მყუდრო ქუჩაზე ერთ ეზოში შევიდა. გაიარა დატკეპნილ ბილიკზე, აიარა სამსაფეხურიანი კიბე და ზარი დარეკა...
ამ სახლში ერთი ლამაზი ქალიშვილი ცხოვრობდა.
შეიძლება ვინმეს იმედიც გაუცრუვდეს, მაგრამ კაცის საიდუმლო სულ ეს იყო, იმისთვის აჯობა ქარს, რომ თვითონ როცა მოესურვებოდა, მაშინ დაებერა ნიავს. კაცს უყვარდა ცქერა, იმ ლამაზ ქალიშვილს როგორ ურხევდა კულულებს ნიავი.
ელოდა კაცი... ბოლოს გაიღო კარი და სანდომიანი შესახედაობის მოხუცი ქალი გამოვიდა.
კაცმა ამ სახლში მცხოვრები ქალიშვილის სახელი უთხრა, თუ შეიძლება, დაუძახეთო.
- ეგეთი სახელი ამ სახლში მხოლოდ მე მქვიაო, - გაიღიმა მოხუცმა ქალმა და თავსაფარი გაისწორა. მერე დააკვირდა კაცს და უთხრა: - ეს შენა ხარ?
კაცი რაღაცას მიხვდა.
კიბის გვერდით საწვიმარი მილის ქვეშ კრიალა წყლით სავსე კასრი იდგა. ჩაიხედა კაცმა წყალში და დაინახა, რომ თვითონაც გასთეთრებოდა თმა.
- კიდევ დასდევ ქუდს? - ჰკითხა მოხუცმა ქალმა.
- არა, დღეიდან აღარ დავდევ, - უპასუხა კაცმა და ქუდი მოიხადა.
დაუბერა ქარმა მძლავრად და შეარხია აყვავებული იასამნის ბუჩქები.
კაცმა დაიხურა ქუდი. გადასწია გვერდზე და ნაზმა ნიავმა დაჰქროლა.
- შენ ჩემი გულისთვის დასდევდი ქუდს... - ნაღვლიანად გაუღიმა მოხუცმა ქალმა.
კაცმა თავი დაუქნია და ქუდი გაისწორა თავზე. ნიავმა შეწყვიტა ქროლა.
იდგნენ ერთმანეთის პირისპირ... დუმდნენ...
იდგნენ თავდახრილები და ორივემ იცოდა: თავი რომ აეწიათ, ერთმანეთს ცრემლს დაუნახავდნენ თვალებში.
უცებ კარი გაიღო და გამოვიდა მოღიმარი ქალიშვილი, რომელიც საოცრად ჰგავდა ამ მოხუცი ქალის ახალგაზრდობას.
ქალიშვილი მიესალმა კაცს, - ნახვამდის, ბებოო, - ლოყაზე აკოცა მოხუც ქალს და წავიდა ჩქარი ნაბიჯით.
მოხუცმა კაცმა გაუღიმა მოხუც ქალს და ქუდი გვერდზე დაიხურა.
ნიავი წამოეწია ქალიშვილს და შეურხია კულულები...
თუ როგორ უცქეროდნენ ქალიშვილს მოხუცები, რას ფიქრობდნენ და რას გრძნობდნენ, ამის გადმოცემას მე ვერ შევეცდები. უნდა მაპატიოთ, რადგან ძალზე ძნელია...
იმავე დღეს მოხუც კაცს შინ ერთი ჭაბუკი ეწვია.
გარეთ ძლიერი ქარი უბერავდა. ქუდი საკიდზე ეკიდა.
- იცით, როცა ნიავი უბერავს... იცით... კულულები... ქალიშვილს... - გაუბედავად დაიწყო ჭაბუკმა და ვეღარ გააგრძელა.
- თქვენ ჩემი ქუდი გინდათ, ალბათ, - უთხრა მოხუცმა ღიმილით. ქუდი საკიდიდან ჩამოიღო და გაუწოდა.
- გმადლობთ, - თქვა ჭაბუკმა და გაიქცა გახარებული...
საღამოს ჭაბუკი დაბრუნდა და ქუდი დაუბრუნა მოხუცს. ჭაბუკი დაღლილი ჩანდა, ქუდი მტვერში იყო მოსვრილი.
- ყველაფერს მივხვდი, - უთხრა ჭაბუკმა მოხუცს.
მოხუცმა თვალებში ჩახედა:
- არ გირჩევ, რაც გადაგიწყვეტია. ძალიან ძნელია, ხედავ, მე როგორ დავაგვიანე?
- მე ვიჩქარებ, - თქვა ჭაბუკმა მტკიცედ, - კარგად ბრძანდებოდეთ.
- ქალაქის ბოლოში გზაზე ორმოა, ფრთხილად იყავი ხოლმე, - დაადევნა მოხუცმა სიტყვა...
დაღამდა. მძლავრად უბერავდა ქარი.
მოხუცი გამოვიდა ცარიელ ქუჩაში. ქუდი ხელში ეჭირა.
გაჩერდა. ერთხანს დაჰყურებდა ქუდს.
მერე მოიქნია და აისროლა ჰაერში.
ქარმა გაიტაცა ქუდი, ერთი გაატარა ფარნების შუქში და ჩანთქა სიბნელეში.
დილით კვლავ უბერავდა ქარი. ქუჩაში ის ჭაბუკი გამოვიდა.
ცისფერი ქუდი ეხურა თავზე.
ქალაქი პატარა იყო, ამიტომ უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა.
მიაბიჯებდა ჭაბუკი. უყურებდნენ მოქალაქენი და ფიქრობდნენ: ახლა ქარი გაიტაცებს ქუდს, ჭაბუკი დაედევნება და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყებაო.
მერე ერთმა ამოიოხრა და თქვა, ეს ძალიან ნაღვლიანი ამბავიაო.
ყველა დაეთანხმა. ვინ იცის, იქნებ ისე, რომ თვითონაც არ იცოდნენ, გულის სიღრმეში უკვე ყველას უციმციმებდა ოცნება, მათ ქუდებსაც დამორჩილებოდა ქარი. ხომ ყველას ჰყავს ვინმე, ვისი კულულების ნიავით შერხევასაც სურს უყუროს.
კვლავ დასდევს ჭაბუკი ქუდს ქარში...
ძნელია ქარის დამორჩილება და შეიძლება ამ ჭაბუკსაც დააგვიანდეს...
მაგრამ შემდეგ კვლავ გამოჩნდება ვინმე მისი მსგავსი.
დააგვიანდება იმასაც... კვლავ სხვა დაედევნება ქუდს...
და ასე შემდეგ... უსასრულოდ.
კი, ნამდვილად სევდისმომგვრელია ეს ამბავი, მაგრამ განა უფრო არ შეგიპყრობთ სევდა, თუკი ოდესმე გაიგებთ, რომ გადაშენდა ქუდის მდევნელთა უცნაური ტომი და ქალაქში ტყუილადღა უბერავს ქარი?..