THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ეკალი ლი-ლი

ლელა ცუცქირიძე

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ერთი ახალგაზრდა მხატვრის ბაღში ეკლის ბუჩქი ამოიკოპსა.
- უჰ, რამდენი მძინებიაო, - თვალები მოიფშვნიტა და რას ხედავს?! ბაღი ყვავილითაა სავსე: იასამნებით, ვარდებით, ნარცისებით, ღიღილოებით, ტიტებით, ორქიდეებით, ჰორტენზიებით, გვირილებით და კიდევ ვინ მოსთვლის..
მოკლედ, იქაურობა ისეთი ლამაზი იყო, რომ მღელვარებისგან ბუჩქს ეკლები ერთიანად აებურძგლა: ამაზე უკეთეს ადგილს სად ამოვიდოდიო.
- შენ რა, ჩვენი ახალი მეზობელი ხარ? - მოესმა უცებ ეკლის ბუჩქს ორქიდეას ხმა.
- დიახ, დიახ, მე ეკლის ბუჩქი ვარ, ლი-ლი, - დაიმორცხვა ეკალმა და ცოტა არ იყოს, გაიპრანჭა კიდეც.
- რა უცნაურია, არც ყვავილები გაქვს, არც სურნელი, თანაც უშნო ხარ, - ცხვირი აიბზუა ორქიდეამ.
- ღობის იქით მაინც ამოსულიყო, ნეტავ ჩვენთან უნდოდა, - მხარი აუბა ორქიდეას ნარცისმა.
- არა, კიდევაც რომ იპრანჭება! - ორქიდეას და ნარცისს აჰყვა ჰორტენზიაც.
დამცინიანო, მიხვდა ლი-ლი და მწარედ ატირდა.
- არ გრცხვენიათ, რა დაგიშავათ, ასე რომ დასცინით? - გული მოეწურა ლი-ლის ტირილზე იასამანს.
რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ბაღში ლი-ლის გამოჩენას დიდი აურზაური მოჰყვა.
ზოგი ყვავილი სიბრაზისგან სულ ფოთლებს აშრიალებდა: ეს ზღარბივით ბუჩქი დროზე გავაძევოთ, თორემ ყველას დაგვაუშნოებსო, ზოგი პირიქით, ლი-ლის იცავდა: ” ბაღში ადგილი ყველას გვეყოფაო”.
სწორედ ამ დროს ბაღში ახალგაზრდა მხატვარი შევიდა. ჯერ ვარდებს მიეფერა, მერე ტიტებს, მერე გვირილის ფურცლებით იმკითხავა, მერე იასამნებს აჩეჩილი ქოჩორი გაუსწორა და უცებ ღობის ძირას პატარა, მობუზული ეკლის ბუჩქი არ დაინახა?!
- ეს აქ საიდან გაჩნდა? - გაუკვირდა მხატვარს. დიდხანს, დიდხანს აკვირდებოდა ლი-ლის და მერე გახარებულმა ისეთი რამ თქვა, რომ ჰორტენზიები, ნარცისები და ორქიდეები ლამის ბოლქვებიანად ამოვარდნენ მიწიდან.
რა თქვა მხატვარმა?! განსაკუთრებული არაფერი:
- უჰ, რამდენი ხანია, ასეთ სილამაზე არ მინახავს, სულ ეს გადაპრანჭული ყვავილებია ირგვლივ... სიამოვნებით დავხატავ ამ ეკლის ბუჩქს, თანაც არაერთხელ...
ასე იქცა ლი-ლი მხატვრის საყვარელ ნატურად.
ჰორტენზიები? ნარცისები? ორქიდეები?
დღესაც მოუთმენლად ელიან, როდის დახატავს მათ ახალგაზრდა მხატვარი. სხვათა შორის, მანჭვა-გრეხას და ცხვირის აბზუებას დიდი ხანია, დაანებეს თავი.