THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



"წელიწადის ოთხი დრო”

თამაზ ბიბილური
(ნაწყვეტი)

ვაზი
ვიდრე ურემი ( ზლაზვნიაა ურემი) ვენახში ჩავა, გადავიხედოთ ათასწლეულთა იქით, გავიხსენოთ სამიათასი წლის ბრინჯაოს სასხლავი, ნამგლისებური დანები, კახეთში ნაპოვნი. სამი ათასი წლის წინ, თუ უფრო ადრეც არა, ამ მიწაზე უსხლავთ, ყურძენი მოუყვანიათ, ღვინო ჩაუწურავთ. დოქები, ხელადები, ჯამები, ფიალები, კათხები - ესეც ამ მიწის წიაღშია ნაპოვნი, და მარტო აქ კი არა, სად აღარ, საქართველოს ბარის რომელ კუთხეში არ შეხვდებით ვაზის ნაკვალევს. სამი ათასი წლის წინანდელი ყურძნის წიპწები ჩვენს დროში ნახეს უფლისციხის ახლომახლოს. ეტყობა, იმ ღვინის ნარჩენებია, იქაურ კაცს სამსხვერპლოზე რომ მიუტანია პატარა დოქით. იქვე, კლდეში ნაკვეთი საწნახლები ძველი წელთაღრიცხვით პირველი ათასწლეულის ხნისა. ან გავიხსენოთ უფრო ძველი დასტური «ვაზის დიდებისა» - ვანში ნაპოვნი ქვევრი, იქვე, სამარეში ჩატანებული ბრინჯაოს ქამარი და ზედ ამოკვეთილი ორი მეინახე, ერთმანეთს რომ ჭიქას უჯახუნებს. აქეთ, ქართლში, მცხეთაში გათხრილი უძველესი მარნები, იქით - ვარძიის საწნახლები... ქართველთა პირველი განმანათლებლის, წმინდა ნინოს ჯვარიც, ქრისტიანული რწმენის ეს სიმბოლო «შეიქმნა ნასხლევისაგან ვაზისა», ანუ წალმისაგან, ვაზის რტოსაგან. საქართველოში მრავლად გაბნეულ მონასტერთა გარშემოც ვენახში მოფუსფუსე ბერებსა ვხედავდით. ჰომეროსის «ოდისეაში» ოდისევსს აიეტის სასახლეში, ანუ კოლხთა მეფის სასახლეში, ჩვენი დღევანდელი დასავლეთ საქართველოს მიწაზე, უხვად უმასპინძლდებიან საამო სასმელით - ღვინით. აპოლონიოს როდოსელი, ძველი ბერძენი ისტორიკოსი - ამავე სასახლეში ხედავს ვაზის ტალავერს, სადაც «დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა». მემატიანეთა ცნობებში, სადაც ათასგვარი ჭიდილი, სისხლისღვრა, შფოთი და ვნებათაღელვაა, მაინც ვხვდებით ვაზს, ვენახს, ღვინოს: «და იყო ქართლსა შინა პური და ღვინო ფრიადი»; იყო კუთხე «ვენახოვანი», «ვენახ-ხილიანი», «ღვინო კეთილი და გემოიანი»; «ვენახი დაბლარი და ვენახი მაღლარი»; «ნადიმობდნენ მეფესთანა და ურთიერთთანა, და ამისათვის უწყოდნენ მოყვრობა, ნათესაობა, ლხინთა-ლხინობა და ჭირთა-ჭირობა». საქართველოს მარჩენალი მუდამ იყო ყანა, ვაზი და ტყე. აოხრების მახვილიც, პირველ ყოვლისა, ამ სამებას მუსრავდა. და რა ჯიში აღარ იყო, რას აღარ აღნუსხავს ქართული მევენახეობის ძველის-ძველი მატიანე. ხუთასზე მეტი ჯიში იყოო, - ამბობენ: ბროლა, სანთელა, ვარდისფერა, ოქროყურძენა, თავცეცხლა, ყურწითელა, რქა-წითელი, საფერავი, თავკვერი, კვირისტავა, მარცვალა, ხარისთვალა, ყორნისთვალა, ჩითა, შავთხილა, მტრედისფეხა, მხარგრძელა, მტევანდიდა, დევისთვალა, ჩიტის-თვალა, ძველშავი, კაკნატელა, კრახუნა, მაისა, ადრეულა, საადრეო, სამაჭრია, საღვინე, სათვალიო, სამარხო, საჩურჩხელე, საისმულა, ცოლიკაური, არაგვისპირული... და კიდევ რომელი არა, რა ფერისა, რა გუნებისა და რა ფორმისა... ნეტავ შეიძლებოდეს მათი ერთად თავშეყრა. ეს იქნებოდა ყველაზე დიდებული საძმო. ეს იქნებოდა ქართული ვაზის ყველაზე უფრო მრავალხმიანი სიმღერა. ასევეა ვენახების სახელებიც. აბა დააკვირდით: გორივენახი - ანუ ის ვენახი, მაღლობზე რომ გაუშენებიათ; დიდვენახი - ანუ ფართობით დიდი, რაც იმას ადასტურებს, რომ მის პატრონს მცირე, პატარა ვენახიც ჰქონია, შეძლებული კაცი ყოფილა; შიგავენახი ანუ ის ვენახი, რომელიც იქვეა, სახლთან, და არა სოფლისგან მოშორებით, როგორც მრავლად გვხვდებოდა საქათველოში; ბოლოვენახი - ანუ ის, სოფლის ბოლოში რომ გაუშენებიათ; ჭალავენახი - თავისთავად გვიმ-ხელს ადგილს, ჭალაში გაშენებული ვენახი ვარო. ძირვენახი - ალბათ, ოჯახის მთავარი მარჩენალი ვენახი, რომლის პატრონსაც სხვა, წვრილ-წვრილი ვენახებიც ექნებოდა; ფერდა ვენახი - დაფერდებულ ადგილას გაშენებული ვენახი... ამას მოსდევს მარანი. ღვინის საწური და დასაწმენდი, ღვინის ჩასასხმელი და შესანახი ჭურჭელი და აქაც იგრძნობა დახვეწილობა, ფერი და პეწი სიტყვისა, გრძნობა მშობლიური ენის სიღრმისა, ფორმისა და შინაარსისა. შეიძლება ზოგი სახელი უცხოც იყოს, საიდანღაც შემოსული, ხალხები ხომ ერთმანეთს მუდამ ესესხებოდნენ სიტყვებს და ესეც არც ერთი ენისათვის არ ითვლებოდა საძრახისად. ენა იმ საგნის შესატყვის სახელს უფრო ქმნის, რომელი საგანიც ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხმა თავად შექმნა ან სხვებზე უფრო მეტად სჭირდებოდა. ვისაც ზღვა არ აკრავს, ზღვასთან დაკავშირებულ სახელებს ვერ შექმნის, ალბათ სხვისგან უნდა ისესხოს. უდაბნო-ში ვერ დაიბადება სიტყვები: რცხილა, მუხა, შინდი, იფანი და სხვა. და ჩვენშიაც, რაც მარანთან ან ჭურჭელთან დაკავშირებით გვისესხია, ყველა უკვე ქართული ენის სტი-ქიაში მოქცეულა, ყველაფერი ერთად ქართული მარნის სამყაროს ქმნის. მარანში ქვევრია მთავარი მბრძანებელი და ყველაფრის ბატონ-პატრონი. მომცრო ქვევრს ქოცოს ეძახიან. მარნის კედელზე ჰკიდია სარცხი, ხაპირი, ხელჩაფი, ორშიმო, სათხევლე, წბერი. როცა საწნახელი ყურძნით კარგად აივსება, ბიჭები გადახვევენ ერთმანეტს ხელს და თითქოს ფერხულს ცეკვავენო, მხიარულად გადი-გამოდიან შიგ. წვენი კი საწნახელიდან ხის ღარით ქვევრებში ჩადის. და ვიდრე ამას ვფიქრობდით, ვიდრე ვაზზე შექმნილ წიგნებს ვიხსენებდით და საუკუნეთა იქით გადახედვას ვცდილობდით, ის საქართვლო დაძრულა. გოგო-ბი-ჭებით დახუნძლული, გოდრებითა და კალათებით თავმობმული ურმები რა ხანია ვენახებში ჩასულან. მზეც რა ხანია ამოსულა და ქარვისფერი მტევნები ახლა ოქროსფრად ბრწყინავენ.
რთველი დაწყებულა!