THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მზია ჩხეტიანი

თოვლი
თოვლმა თეთრი ყვავილივით
თრიმლის ტოტი მოჩითა.
თრიმლის ტოტზე ჩიტი ჩივის:
"შემცივდა და მომშივდა".
***
მზემ თქვა,
ჭიტა-ჭიტაო,
თქვენთან ყოფნა მინდაო,
შენ სად მიიპარები,
თოვლო, შეგეშინდაო?

კვირტი
-ჭიტა, კვირტმა თვალი ჭყიტა,
მერე ცვარით გაიჭყიპა,
გაიბერა, გაიბურცა,
- ბუჰ!- გასკდა და გაიფურცლა.


გაწვიმდა
ეს რა ჭექა და ჯახია?
შეხედე, როგორ გახია
ელვამ გოდორა ღრუბელი!
ვოიო, — ატირდა ღრუბელი
გამიფატრაო მუცელი…
რაც იმან ცრემლი დაუშვა,
რამსისხო, კუმპალ-კუმპალი!
გზაზე არც ვინმე გაუშვა,
არც რამე, გაულუმპავი!


ბეჰემოთი
ასჩაჩვია შარვლის ტოტი,
ჩარჩენია ლაფში ბოტი
და ტირილით სახლში მოდის
ფეხშიშველი ბეჰემოთი.
ისევ შენი ბრალი არი,
ბეჰემოთო, მართლა ბოთე,
მშრალში ვეღარ გაიარე?
რაღა ლაფში ჩააბოტე!


თახვები
 დატრიალდნენ თახვები,
ძველები და ახლები,
დაიყენეს დახლები,
აიშენეს სახლები.
ერთი თახვი ახირდა,
თავ-პირს დირეს ახლიდა, -
არ მინდა და რად მინდა
ამისთანა სახლიო?
ვერ გავმართე მაგიდა,
ვერ დავიდგი ტახტიო,
ერთიც ვნახოთ, გავცივდი
და შეუძლოდ გავხდიო!
არ დავწვები ვიდრეო,
როგორ მოვმჯობინდეო?
ვთქვათ, მეწვია სტუმარი
სად გავუშლი პურმარილს?
ერთი თახვი ახირდა,
თავ-პირს დირეს ახლიდა.
შეუტიეს თახვებმა,
ძველებმა და ახლებმა, -
თავს რომ დირეს ახლიო,
კაცი ხარ თუ თახვიო?
აბა როდის გვქონია
სხვანაირი სახლიო?
ჭკუას უხმე, თახვოო,
არ შემოგველახოო?
თუ არ მოგწონს თახვობა,
აქ არ დაგვენახოო.


კვატალი
წყალზე მიდის კვატალი,
ქალბატონი კვატალი,
ჭუჭულები მისდევენ
კვანტალ-კვანტალ-კვანტალით.
- კვატალიი... კვატალი!
სად მიდიხარ, კვატალი? -
გამოუდგა დაქალი -
თეთრი ბატი ნატალი,
თანაც მასაც უკლებლივ
მიჰყვებოდნენ ჭუკები.
მეც მოვდივარ, დაიცათ! -
ყვა-ყვა, - ყვანჩალ-ყვანჩალით
ყვავი მორბის ყვანჩალა,
გაუშლია თავშალი.
შენ რაღაში გვჭირდები,
შე ყაჩაღო გზაშარის? -
მოუბრუნდა ნატალი
დაუფლითა თავშალი.
- რაო? - გაწყრა კვატალიც,
გაწიწმატდა კვატალიც,
- დაიკარგე აქედან,
გაწყდა შენი ყრანტალი!
ყვავი უკან გაბრუნდა,
გალახული, დამფრთხალი,
ნაფლეთ-ნაფლეთ წაიღო
ქარმა მისი თავშალი,
ჭუჭულები, ჭუკები
გადათვალეს უკლებლივ
და გზას გაჰყვნენ კვანტალით
ნატალი და კვატალი.


ბრიყვი მათე
ვხნავ და ვთესავ,
ვხნავ და ვთესავ,
ვწვალობ მთელი
ექვსი წელი...
ეს რა ხდება?
რადა ხდება?
სადაც არის, შევიშლები,
ვერც მარილი მოვიყვანე,
ვერც მაკარონ-ვერმიშელი,
ვინ მერჩის,
ვინ მიჩანაგებს,
ვინ სპობს ნათესს ის ოხერი?
და ნაწყენმა ბრიყვმა მათემ
შაქრის თესვას მიჰყო ხელი.


ყანჩა
ჭყაპ! - ჭყანტობში
ჩახტა ყანჩა,
დიდნისკარტა,
მაღალკანჭა,
ბაყაყმა რომ დაინახა,
შეცბა, სახე დაემანჭა.
რას ერჩიო? - ჰკითხა თახვმა,
ყანჩა ცუდი სულაც არ ჩანს,
ამ ჭყანტობში მისი ნახვა
შენ საწყენად რატომ დაგრჩა?


საფრთხობელა
- დამცემოდა, ჯობდა, მეხი,
ასეთი რამ ნახულა? -
საფრთობელამ ხელიც, ფეხიც
ბრაზით ააფართხუნა.
რა ჩამაცვეს, რა მოდაზე!
ყველა ჩაცმას მიწუნებს,
არ მოვწონვარ ამ კოდალებს,
შაშვებს... არც - სხვა ჩიტუნებს.
ეშინიათ, ვაფრთხობ ყველას,
სულ არა ვარ ლამაზი! -
გაგულისდა საფრთხობელა, -
უკეთესად ჩამაცვით.
ჯიბეები მომიქარგეთ
ჯადოსნური ძაფითო,
შიგ ჩიტები ჩაფრთხიალდნენ
და კვერცხები ჩამიდონ.
გევედრებით და გთხოვთ შველას,
რა ვქნა, მთელი ზაფხული
ასე მეცვას? - საფრთხობელა
ბოსტანს იკლებს ფართხუნით.
გული სწყდებათ ჟირაფებს
გული სწყდებათ ჟირაფებს,
პატარა ძმებს - ჟირაფებს,
წვალობენ და ვერაფრით
ვერ დგებიან ყირაზე.
ანცობს ორი შიმპანზე,
ანცი და-ძმა შიმპანზე,
ჟირაფების ჯინაზე
ჭიმავს ყირას ყირაზე.
არც ერთი არ მშვიდდება,
ქილიკობენ კიდევაც:
ნიჭიაო საჭირო,
სხვა ვერავინ გიშველით,
ყირა გინდათ გაჭიმოთ?
დაიმოკლეთ კისრები!
რაო? - შეცბა ორი ძმა, -
გიჟები ხართ, შიშვლები!
ჩვენ ასეთი გორის ვართ,
გვაქვს მაღალი კისრები.
მზით მოხატულ ჩაუქებს
გვცნობენ, ბედს არ ვემდურით, -
თქვეს და წყლისკენ ჩაუყვნენ
კისერმოღერებულნი.


რატომელა
- ბები, ბები, გამო ჩქარა!
ნახე ერთი, ეს მარილი
წუხელ აქ ვინ ჩამოყარა,
ვინ გაფინა ზეწარივით?
- ეს მარილი არ არისო?!
მაშ, რა არის, შაქარია?
- თოვლს ვინა ყრის? შენ არ იცი,
მეთოვლენი სად არიან?
- ეგე, ღრუბელს ხედავ, ფერადს,
მთის ყელზე რომ გაწოლილა?
ასე რითი გაიბერა,
ძუძუთი თუ საწოვრითა?
- რად ასწიეს მაღლა ეს ცა,
მიწით რომ არ დაისვაროს?
მგონი, ნერგიც, ეს ნამცეცა,
ცისკენ მიდის ამის გამო...
- იქნებ მიდის, მაგრამ ცისკენ
წავა, შვილო, ვისაც შია?
ნერგი ცისკენ მაშინ იწევს,
თუ ფესვები მიწაში აქვს.
დედამიწა - ძუძუსავსე -
გვარჩენს ყველას - ჩვენც და სხვათაც,
ის სიმაღლეს ვერ მიაღწევს,
ვინც შორდება დედის კალთას.
- კალთას?!
ბები, ჩვენი ქუჩა
ხეებში რად შეიყუჟა?
- პაწიები რომ ჰყავს მერცხალს,
სარეცხს რატომ არა რეცხავს?
- ამ ცამ რადღა დაიქუხა,
რას გვიწყრება, რატომ ღელავს? -
არ გვასვენებს, შეგვაწუხა
კიკნა ელამ, რატომელამ.


მია ბობოს სათვალე
- არ გაუტეხო სათვალე
ჩემს კეთილ მია ბობოსა!
- რაში სჭირდება?
- მაშ ცხვირზე
რა უნდა დაიკოსოსა?
- ცხვირზე რად უნდა სათვალე,
ვინ ავალებს ან ვინ სთხოვსა?
- როგორ თუ ვინ სთხოვს,
ზღაპარი ხომ უნდა წაგვიკითხოსა!

ჭიაყელა - მიწის მზომელი
ვინ რა იცის, რა ბიჭი ვარ!
შემომხედეთ ა, ბატონო! -
ჭიაყელა გაიჭიმა, -
ეზო უნდა გადავზომო!
ერთი... ორი... სამი... ოთხი... -
გაუსწორდა ტოტს, გადმოხრილს...
ისევ ზომავს, -
ხუთი... ექვსი...
გადალახა კაკლის ფესვი.
ესეც შვიდი... ესეც რვაო...
- ბიჭოს! შენ აქ რა გინდაო?
და საცოდავს ჭიშკართან
კრუხმა ჩაუნისკარტა.


კვრინჩხა
შავი კვრინჩხა გაიკირჩხლა,
მოჰყვა ჩხარუნს ნება-ნება,
კვრინჩხის ტოტზე ყვავი ზის და
კვრინჩხის მარცვლებს ეძალება.
ძირს კურდღელი მიდი-მოდის,
ბუჩქს გარს უვლის აცაბაცა,
მზერას სტაცებს კვრინჩხის ტოტი,
ყვავი რომ კრეფს მარცვალ-მარცვალ.
ყვავს კურდღლისთვის არ სცალია,
კვირინჩხაშია ყვავის სული...
- გაცივდები, ყვანჩალია,
გაწყენს კვრინჩხა გაკირჩხული.
- ნუ ინაღვლებ, მახარია, -
მისდგა ისევ ყვავი კენკრას, -
მესამასე ზამთარია,
რაც გაყინულ კვრინჩხას ვკენკავ.


ბაჯი-ბუჯი ბაჯბაჯაური
პაპა ბაჯომ მაჭახელა
დააქუხა, ბიჭიაო!
თან მეზობლებს გადახედა,

აბა როგორ, ბიძიაო!
შემეძინა შვილიშვილი
გვარის გამგრძელებელიო,
ახლა თუნდაც ცეცხლში დაწვან
ჩემი ძვლები, ბებერიო.
გაიზრდება, გადათვდება,
ამ გულს მეტი რა უნდაო!
ლეტიბაჩში არ გაქრება
 მოდგმა ბაჯბაჯაურთაო.
- გაგეზარდოს, გაგიხარდეს
არ მოაკლდეს მხნეობაო,
ასახელოს ლეტიბაჩის
მთელი მოსახლეობაო, -
მეზობლებმაც მიულოცეს,
მოხუცს გული გაუხარეს,
- ამისთანა ბევრი მოგცეთ! -
საჩუქრებიც დაუხვავეს:
ჟოლო, ვაშლი, თაფლი, წაბლი,
ხონჩით, გობით, კათხით, ტაბლით, -
თბილი გულით ტკბილი ძღვენი,
ბელს უნდაო კარგი კვება,
ეს - სახვევი,
ეს - საფენი
და ათასი დარიგება.
დედას უთხრეს:
- ყოჩაღ, ქალო,
გამოადექ ოჯახსაო!
მამას ყური აუწიეს,
ბელს აკვანი დაურწიეს,
მოუწონეს ბეწვიც, დრუნჩიც
და ოთხივე მრუდე თათიც,
- ივარგებსო...
- არა უჭირს!
- გაიზრდება კარგი დათვი.


ნათლობა
ახლა რა ვქნათ,
რა სჯობს,
რა დავარქვათ
ბალღსო? -
მოიწვია ბაჯომ
საოჯახო საბჭო.
დედიკომ თქვა:
- ბაჯი!
ბებიამ თქვა:
- ბუჯი!
ბიძიამ თქვა:
ერქვას, დაე,
ბაჯი-ბუჯი.
მაგრამ მოდით, ახლა,
მეგობრულად თუ ვსჯით,
დაიხსომეთ, ხალხო,
არასოდეს ვნახო,
ბევრი მოფერებით
ბელი გამიფუჭოთ!
მგონი არა ვცდები,
ზოგჯერ ტყეპაც უჯობს;
რომ არ დადგეს მხდალი,
რომ არ გახდეს ურჩი,
იყოს ამ ტყის თვალი
და ოჯახის ბურჯი! -
ადგა ძია ჯარეგა,
აიმართა კარებთან,
- აქ ნადავლი დაჰყაროს,
მთელ ხევს შეაზანზაროს,
მტერს ჩახედოს თვალებში,
ნაკვერჩხლები გაჰყაროს!
- მე ვუდგები თავდებად,
რომ ასეთიც დადგება, -
ადგა ბაჯო პაპაც,
ცრემლი გადაყლაპა; -
ერქვას ბაჯი-ბუჯი!
გაიზარდოს, გახდეს
მთელი მოდგმის ბურჯი!
* *
დედის ძილისპირული
ნანა, ჩემო ბაჯი-ბუჯი!
მომახუტე თაფლის დრუნჩი,
დამიწყნარდი, გამიყუჩდი,
ჩუ, რას მღერის ქარში ბუჩქი...
დათვებს ცრემლი არ გვიხდება,
ნურც შენ ნუ ატირდები,
მამაც მალე აქ იქნება
თავის ნანადირევით.
გაღმა ფარას ჩაუსაფრდა
ჩვენი ძია ჯარეგა,
სულ ახლოა რქიან ვაცთან,
ტყვია არ ეკარება.
შენც მაგარი ბეჭები გაქვს
და ძლიერი თათები,
გზას ვერავინ ვერ შეგიკრავს,
ზე რომ აიმართები.
მტრის წინ ქედი არ დახარო,
კვალში მიჰყევ გვარის ბურჯებს,
ჯერ მაცოცხლე, გამახარე,
მერე თვალიც დამიხუჭე.
* *
ბაჯი-ბუჯი იზრდება
ვინ არ უფრთხის ეკალ-ბარდებს,
ვინ მოგზაური?
ბაჯი-ბუჯი ბაჯბაჯას ძე
ბაჯბაჯაური.
არ დაგიდევთ ხრამს და ღრანტეს,
გვერდს არ აუვლის,
დარბის, დახტის დაბაჯბაჯებს,
აურ-ზაურით.
კურდღლებს დასდევს,
პეპლებს დასდევს
გადარეული,
შინ ბრუნდება დაკაწრული,
ქურქდახეული.
დედა ბრაზობს, უჯავრდება,
ებუზღუნება,
- რად მიწამლავ, უდარდელო,
გულს და გუნებას?
დაიქცესო ის დღე, შენ რომ
დაიბადეო,
მაგრამ გულში ლოცავს,
- ღმერთო, გამიზარდეო...

ბაჯიბუჯის ჩექმები
ოჯახს სულ სხვა გეგმა ჰქონდა,
ბაჯი-ბჯუჯს კი - სულ სხვა გეგმა!
ოჯახს - შრომა, ნადირობა,
ათას სიძნელესთან შებმა,
ბაჯიბუჯს კი - დაეხია
უნდა თვეში ათი ჩექმა!..
დიახ... ათი წყვილი ჩექმა!
ზღარბმა ამ ჩექმების კერვით
თათები სულ დაიჩეჩქვა.
- რასა შვრება?
რას ჰგავს ესო?
როგორ დადის,
როგორ დარბის,
არ შევკერავ არაფერსო, -
გაჯიუტდა ბოლოს ზღარბი.
- შემიკერე, ძია ზღარბო,
აგრემც თათი დაგელოცოს...
- ვაჰ,
ტყუილად კი არ ვამბობ,
მორჩა, ვხურავ სახელოსნოს! -
ვერ უშველა ვერც მუდარამ,
ვერც მუქარამ ვერ უშველა
და მას შემდეგ ლეტიბაჩში
ყველა დარბის ფეხშიშველა.


ბაჯი-ბუჯი სკოლაში მიდის
ტოროლამ რომ დაჰკრა ზარი
და გაიხსნა ზეცის ფარდა,
- სკოლისაკენ, ჩქარა, ჩქარა! -
ბაჯი-ბუჯიც წამოვარდა.
აბა, სწრაფად!
აბა, მარდად! -
აიწვართა, აიმართა, -
რა დილაა,
ვიშ, ვიშ, ვიშო, -
გადანდალდა სავარჯიშოდ.
მერე წუთით გაირინდა,
გადახედა ტყეს და მინდორს,
მზეს გასძახა აივნიდან,
მზეო, დილა მშვიდობისო! -
ჩაიარეს ბაჭიებმა,
მიჰყვნენ მელაკუდები,
ბაჯი-ბუჯმა არ ინება, -
ამათ გამოვუდგები?
- აბა, ჩქარა! ჩქარა, დედი!
ჩამილაგე წიგნები!
მე სულ სხვა გზით გავვარდები
და პირველიც ვიქნები.
რეკავს ზარი,
სკოლის ზარი,
წკრიალებს და წკრიალებს,
- აბა, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!
ნუღარ დაიგვიანებთ!
მიბაჯბაჯებს ბაჯი-ბუჯი,
აუწვდია შავი დრუნჩი.
უცბად:
- რაა ესო?
მაყვლის სუნი მცემსო!
და მსუნაგმა ბაჯი-ბუჯმა
მოირბინა მაყვლის ქუჩა,
გლიჯა, კრიფა, სვლიპა, თქვლიფა,
არ დატოვა ერთი მუჭაც!
არ ისვენებს, რეკავს ზარი,
წკრიალებს და წკრიალებს.
- აბა სად ხართ?
ჩქარა, ჩქარა!
ნუღარ დაიგვიანებთ!
მიდანდალებს ბაჯი-ბუჯი,
ექაჩება მაყვლის ბუჩქი,
ვერ გრძნობ, რაა ესო?
მოცვის სუნი გცემსო? -
ბაჯი-ბუჯიც ჩაუქად
მოცვის ქუჩას ჩაუყვა,
დრუნჩი აუსვ-გაუსვა,
კუმპალიც არ გაუშვა!
კვლავ ასწია დრუნჩი და
ახლა: ჟოლოს ქუჩიდან
ქარს რა მოაქვს ესო?
ჟოლოს სუნი მცემსო!
ოდელია, დელია,
ჟოლოც გემრიელია,
ჰოდა, ბარემ, ბოლოს
დავაყოლებ ჟოლოს!
თავის კანტურ-კანტურით
ყვავმაც მისცა დასტური...
ბაჯი-ბუჯიც ჩაუქად
ჟოლოს ქუჩას ჩაუყვა.
ერთი ავლა-ჩავლაც და
არ დატოვა წამლადაც.
დაღლილი და კმაყოფილი,
კენკრის წვენში ამოსვრილი
მიდანდალებს ბაჯი-ბუჯი,
აუწვდია შავი დრუნჩი.
მიბაჯბაჯებს ღიღინ-ღიღინ,
უთახთახებს დიდი ღიპი.
მიდის ყინჩად, მიდის დინჯად,
აჰა, კლასშიც შეაბიჯა
და გაისმა კიდეც იმ წამს
წკრიალა ხმა სკოლის ზარის.
ბაჯი-ბუჯი გაიბღინძა,
-მეც აქა ვარ, მოგისწარით!
- ხი-ხი, ხი-ხი!
- ხა-ხა-, ხაო, -
კლასი ფეხზე დგას შეშლილი,
სად იყავი? დამთავრდაო
უკვე ბოლო გაკვეთილი!
არ დაიბნა ბაჯი-ბუჯი,
აიბზიკა შავი დრუნჩი:
-აგე, ნახეთ ნობათი, მე რომ ჩანთით მოგართვით!
- ნობათიო?
- ნობათად
ნეტავი რა მოგვართვა? -
ეცა, ჩანთას თახვი და
კბილი გაჰკრა, გაფლითა -
ვაი, ვაიი, - აყვირდა,-
დავისვარე ლაფითა!
- რისი ლაფით!
სავსეა
ჩანთა კენკრის ფაფითა, -
ეცა ჩანთას ციყვიც და
ყვირის:
მოცვი ვის გინდათ?
- აბა, ჟოლო ვის გინდათ? -
თაგვმაც ჩაიხითხითა.
თახვსაც მისდგნენ, ლოკავენ,
ის კი ყვირის, - მომკლავენ!
- კენკრის წვენი ჩვენც გვინდა -
მოდგნენ არჩვის თიკნები,
ბაჯიბუჯი შეშინდა,-
არ შეჭამოთ წიგნები!
მაყვლის წვენში ჩამტკბარი
ყდა რომ ჩაახრამუნა, -
ზღაპარია, ზღაპარი! -
გაიბადრა თახვუნა.
ბრძენი მასწავლებელი -
ჭრელი ჭოტი, ბებერი,
დგას, ვეება სათვალით
და ბელს ჭკუას ასწავლის:
- გეყო ღიპის თახთახი!
ტვინი არ გაქვს მაგ თავში?
მწიფე კენკრას რა უნდა
წიგნებიან ჩანთაში!


თათუჩა - ბაჯი-ბუჯის დაია
ჩურჩულებენ ყვავილები,
ერთ ამბავში არიან, -
რა დაარქვეს, გაიგებდით,
ბაჯი-ბუჯის დაიას...
სიოც მოქრის,
ცელქი სიოც...
ჩურჩულს ბოლო არ უჩანს,

- სსსსუუ...
სიომ მე ვიციო, -
რა და - თათუ!
თათუჩა!
ამაყობენ:
მამაც,
ძიაც,
პაპაც - ბელით, კოხტათი!
- ბაჯი-ბუჯზე ლამაზია?
- ცოტათი!
ბაჯი-ბუჯის დადის,
ბრაზობს, -
აერიათ დავთრები!
აბა, ერთი მე მომკაზმონ
მაგისთანა ბაფთებით.
ბაჯი-ბუჯის ხურჯინი
წამოხტება ბაჯი-ბუჯი,
გადაიგდებს მხარზე ხურჯინს,
სავსეს წაბლით,
სავსეს თხილით,
გაუყვება ასე ბილიკს.
რას გააქვვსო ჩხარა-ჩხური?!
- ჩუუ, ჩუუ! -
ცქვიტა ზღარბმა ყური, -
ვერ შეჭამო,
ვიცი, მაგდენს,
მცირედი მეც მიწილადე!
- რა ჩხრიალებს?
- მგონი, თხილი!
თაგვიც მორბის,
დაოთხილი.
- რა ზემოდან ვიყურებით?!
იქნებ.
გვერგოს თითო-თითო! -
ჩამოცვივდნენ ციყვუნები
ხიდან კუდის ფრიალითო.
დატრიალდა ბაჯი-ბუჯი,
მოხსნა თავი წამში ხურჯინს
და აქამდე მყოფი ყუჩად
გამოცოცხლდა ოთხი ქუჩა:
ჟოლოს ქუჩა,
მაყვლის ქუჩა,
მოცვის ქუჩა
და ხურჯინიც დაიცალა
ბღუჯა-ბღუჯა,
მუჭა-მუჭა! -
ესეც ასე...
თუ ხარ კაცი,
არ გაივლი გზაზე ფუჭად!
ბუბა, ბუბა ქაქუჩელა
გარეთ ვიღაც ფაჩუნებდა...
ჩქამი იყო ფაჩუჩების,
წაიხურეს დათუჩებმა
თავზე თბილი ტყაპუჭები.
აშრიალდა ნაქურჩელა,
დედა თათუს ნაქუჩები
ბუბა, ბუბა ქაქუჩელა,
ჩავთბებით და გავყუჩდებით.
ძილი უკვე შიგნით დადის
ფაჩი-ფუჩი ფაჩუჩებით.
ნანას ეტყვის თათუ ბელებს,
ნანა ჩემს ტკბილ დათუჩელებს
ბაჯი-ბუჯი ხვრინავს ბნელში,
ვერ იძინებს თათუჩელა,
თელა ქარში რატომ კვნესის,
დე, ჭრილობა არ ურჩება?
- ვინ გითხრა,
რომ არ ურჩება?
დაიძინე, თათუჩელა! -
გაირბინეს კიდევ ერთხელ
ქოხში ძილის ფაჩუჩებმა.
- ნანა, ჩემო ბაჯი-ბუჯი,
- ნანა, ჩემო თათუჩელა! -
ბუბა, ბუბა ქაქუჩელა,
შარიშურობს ნაქურჩელა.


თათუჩას კბილი
ჩემს დაიას, თათუჩელას,
კბილი სტკივა, არ ურჩება.
არ მოუხდა არც ჩურჩხელა,
არცა კიდევ - ლეღვის ჩირი.
- თათუ, რა გჭირს, კიჭებს შუა
ჩიჩია გაქვს ჩარჩენილი?
თათუ სიმწრით თათებს იჭამს,
- ვაი, კბილი! ჩემი კბილი!
- აჰა, თათუ, თაფლის ფიჭა!
შენი იყო ჩემი წილიც!
- არ მოგირჩა?
- არ მომირჩა,
ოხმე, კბილი, ვახმე, კბილი!
გამაწამა, გამაგიჟა,
მკლავს, მგონი, ეს დაწყევლილი!
- კარგი, ახლა... გასკდა გული!
ჰა, შენ მაყვლით სავსე ჯამი!
მაგ კბილს - ძაფი გასანთლული,
ჰოდა, მერე მისი ჯანი!
ასწი დრუნჩი! ნუღარ ხვნეში!
არაფერიც არ მოგივა!
ნახავ, აგერ, - ორ-სამ დღეში
საღი კბილი ამოგივა.
აი, თათუს რამ უშველა!
სულ აღარ გრძნობს ახლა ტკივილს! -
ჩემს დაიას, თათუჩელას,
ამოაძრო პაპამ კბილი...
არ გადარჩა არც ჩურჩხელა,
არცა კიდევ - ლეღვის ჩირი!