THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



საგზალი

ნინო სადღობელაშვილი

იყო და არა იყო რა... ჩანთაში არ ჩაეტია და დედიკომაც გულგრილად მოისროლა საწოლზე... “რაში გაახსენდება...”, - გაიფიქრა...
მერე ის იყო, რომ თვითმფრინავის ილუმინატორზე ცხვირმიჭყლეტილ კიწის დეიდა სტიუარდესამ ოდნავ მოქაჩა მხრებზე. კიწიმ ფართე თვალები ილუმინატორს მოაცილა და იმ ნისლებიან-ღრუბლებიანად შეაშტერდა ქალს, რომლებსაც მინის მიღმა შესცქეროდა.
“გოგონა, ფრთხილად...”
დეიდა სტიუარდესა კაი რამე იყო, როგორც კიწის მამა იტყოდა ხოლმე საღამოობით, ფერად-ფერად ტელეშოუებს რომ მიუსხდებოდნენ და ჩუმად ფხუკუნებდნენ, გვერდზე ოთახში ინტერნეტში შემძვრალ დედიკოს რომ არ გაეგო მაინც, ისე...
კაი რამე სტიუარდესა აფრო-ამერიკული ჯიშის ავაზასავით დაირწა გასასვლელისკენ. აბა, ქართულ ტყეებში მობინადრეებს ხომ არ შეადარებდა კიწი, არც კი გაეგონა!..
ისევ ილუმინატორს მიაწება პაწაწინა ცხვირი და დაიწყო გამომგონებლობა: ისე, როგორები არიან ნეტა ქართული ტყეების ბინადარი ცხოველები?.. მშივრები დაძრწიან და ჩხუბის თავიც აღარ აქვთ?.. ნეტა საოცრებები თუ ხდება და იქაც იბადება - სამთავიანი დათვი, ხუთფეხა მგელი... როგორც... როგორც ყველგან... მთელ დედამიწაზე! რა, არ შეიძლება?.. ნეტა ზოოპარკი თუა თბილისში?.. და, მწვანე გაზონებზე ლოკოკინები სხედან?.. და, რა ფერის თვალები აქვთ ირმებს საქართველოში?..
“გეძინება, კიწა?” - თამრომ თმა გადაუწია და ნაზად მიეფერა.
“თვალები ხომ ღია მაქვს და! - ეწყინა კიწის, შებრუნება მოუნდა ფიქრში.
“ეხლა ნახე, რამდენი ვინმე დაგხვდებაა! - ისე დაარბილა თამრომ სიტყვები, კიწის გული შეეკუმშა.
“დიდი ვარ, დიდი!” - თავჩაღუნულმა თქვა და ფეხი ღრუბელივით გაკრა მსხვილ მუხლისთავზე თამროს.
“ოო, რა აუტანელი ბავშვი ხარ. ჩავიდეთ ერთი, ჩაგაბარო შენებს და მერე რაც გინდა, ქენი!..”
“განა დიდებიც ხანდახან პატარები არ არიან?..
კიწის გულში ისევ ეღიმებოდა და ვეღარ აერჩია, რა ჯობდა - ჩუმად ფიქრი თუ თამროს წვალება!..
და ჰო, ირმებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ!.. უნდა ჰქონდეთ დაბინდული ქლიავისფერი თვალები!.. მამა ამბობს ხოლმე ამეებს ძალიან ხშირად... ეს დაბინდული ქლიავები ნეტა რაღაა!..
მერე ატყდა ერთი აურზაური აეროპორტში. მთელი დარბაზი ბუშტებით და ყვავილებით იყო მორთული. ყველგან ეწერა: “გვიყვარხარ, კიწი!”
კიწი წინ მოხვდა. ბებო შორიდანვე შენიშნა და აცადა, პირველი თვითონ მოფრენილიყო კიწიმდე. ეგეთი დიდგულა და დედოფალა გოგო იყო, მაშ!.. მერე გიოს ჩამოეკიდა კისერზე. მერე მირანდას და ასე. კისერ-კისერ მოიარა იქაურობა. ალაგ-ალაგ კითხვებსაც პასუხობდა. მაგალითად:
“დედიკო და მამიკო როგორ არიან, გენაცვალე?
“გმადლობთ, ცხოვრობენ...”
“შენ როდემდე რჩები პატარავ?”
“ორი კვირა და სამი დღე... თუ რა თქმა უნდა ჭკუაში არ დამიჯდა სამუდამოდ დარჩენა!”
“კიწ, ვინ გასწავლა ეგეთები?”
“ქეთევანი!.. აქ - ქეთევანი!..
ჩანთას გიომ დაავლო ხელი და, ბიჭოს, რა მძიმეაო - იყვირა.
“აბა რა! აბა რა! იყოდაარაიყორაა შიგ!.. - კიწიმ... უჰ, ქეთევანმა უპასუხა.
საღამოს ბებოს კალთასთან ახლოს იჯდა, მთლად მის ფეხებთან, ბლის მურაბას ქიშმიშებივით ილაგებდა თეფშზე და პაწია კოვზით დედოფლურად შეექცეოდა. ოდნავ დაღლილ შუბლზე პაწაწინა ფიქრები ესხდა. ბებო ლამის მთლად დასდებოდა მის შუბლსაც და ფიქრებსაც. ათასჯერ დაირეკა ტელეფონი. აქედან 999-ჯერ ბავშვის მშობლები იყვნენ. ღელავდნენ, ამხელა გზაზე პირველად გამოუშვეს მარტო. არა, თამრო კი იყო. მაგრამ... თამრო ხომ დიდი პატარაა!..
მერე ქეთევანს საიდანღაც თბილი, შრიალა თეთრეულის სუნი ეცა და ძილი მოუნდა. წარმოიდგინა, როგორ გაიხდიდა უცხო ოთახში, ზედ მთვარის წინ, კაბას. როგორ შეყოფდა ჯერ ერთ ფეხს შეუჩვეველ საბანქვეშ, მერე მეორეს... როგორ ჩარგავდა ცხვირ-პირს ახალ გვირისტებიან ბალიშში და როგორ გაემზადებოდა ძილისთვის...
“მამიკოს ლოგინში შეწვები, ბები?” - თითქოს მიუხვდა ბებო.
კი. მამიკოს ბავშვობის ლოგინში ქეთევანი უნდა შეწოლილიყო, რასაკვირველია!... ყველა ცუდი ფიქრი წამშივე გაქრა. გაქრა თითქოს დროც, რომელმაც მამას და ქეთევანის ბავშვობა დააშორა ერთმანეთს...
და, ყველაფერი მშვიდობით ჩაივლიდა, რომ არა ჩანთა, რომელიც ჩამოიყოლა. ჩხრიკეს, ჩხრიკეს და გადმოაპირქვავეს, მაგრამ იყოდაარაიყორა ვერსად იპოვეს. არ იყო.
ატირდა გოგო. დაუსველდა თაფლისფერი თვალები. ვერ გაჩერდა ვერც ლოგინში, ვერც ვერავის კალთაში.
იყოდაარაიყორა იცით რა იყო მისთვის? ყველაზე დიდი რამე! ყველაზე!..
წიგნია, ბები?.. იქნებ აქ აქვს ვინმეს, ახლავე გავიკითხავდი, რა ფერისაა
შვილო?..
არა, არ იყო წიგნი.
“აბა, თოჯინას ჰქვია?.. კია მანდ უცნაური თოჯინები და ვაიმე რა ვქნა, საიდან მოგიყვანოო!..
არც თოჯინა...
“იყოდაარაიყორა იმხელა რამეა! დიდი, უსაშველოდ... ან ჩანთაში როგორ უნდა ჩატეულიყო!..
სად არის მერე! არის?..
“იყო და! იქ იყო. დედასთან და მამასთან... - ტიროდა კიწი.
რა ვქნა, ბები, რა გიშველო?.. ატყდა მშობლებთან რეკვა.
ჯერ ბევრი იცინა კიწის დედიკომ, იყოდაარაიყორა მოიკითხაო შენმა შვილმა, რომ უთხრეს. მერე უცებ გაჩუმდა. ცოტა ხანს ჩუმად იყო. უბერა და უბერა ყურმილს სული ბებომ, ეგონა - გაითიშაო. მერე სლუკუნი მოესმა და თითქოს ყურიც კი დაენამა - რძლის ცრემლებით... რა გჭირს გოგოო... შენ მაინც რა გჭირსო, ჰკითხა.
მართლა ეგრე ძალიან მოიკითხაო?.. ძლივს დაიჩურჩულა დედიკომ.
მართლა, აბაო! გადამერია ბავშვიო!.. ბებო შინ იყო. ბებოს იყოდაარაიყორა რაში სჭირდებოდა!..
“მართლაო?..” - კიდევ უფრო მოეწურა გული დედიკოს.
“მართლაო, ჰო...” - უცებ ბებომაც რაღაც იგრძნო და წამოუვიდა იმასაც ცრემლები. მერე დედიკოს ხმა აშრიალდა, აი სწორედ ისე, როგორც ქეთევანის ყურისძირში შრიალებდა ხოლმე, ძილისწინ:
...იყოდაარაიყორა არის... ბიჭი!.. აცვია რაღაც ძალიან ლამაზი, ჩოხის მსგავსი რამე, ფეხები არხოტის ბალახისგან აქვს გამწვანებული, ჯიბეებში წვნიანი ვაშლები უწყვია და ვინც შეეკითხება, საით წავიდეო, ხელს გულზე იტყაპუნებს... ისე გემრიელად, ისე, რომ კოცნა მოგინდება... გოგოები სულ მასზე არიან შეყვარებულები... გადი-გამოდის ასე, თვალსაწიერში... იყოდაარაიყორა...
სულ ხუთი წუთი ილაპარაკა დედიკომ.
ბებო კაბას იწვალებდა მუხლთან და ხან რას ლუღლუღებდა, ხან რას.
“მენატრებითო...” - ბოლოს თქვა.
არა, სულ ბოლოს ის იკითხა: ”რა ვქნა, კი მაგრამ ახლაო!..”
“რაიმე მოიფიქრეო... ახალი იყოდაარაიყორა მოიგონეო... ახლა ჩვენზეო” - დედიკომ.
“ასე, მოარულიაო? ყველგან ძალა აქვსო? - ბებომ.
“იყოდაარაიყორას გააჩნიაო... როცა ძალიან გენატრება, გამოგდისო!” - დედიკომ.
“შტერებოო თქვენაო... შტერებო და მატყუარებოო!” - შინ იყო ბებო და შინაურულად იოხებდა გულს.
გვიან ღამით, წვალებით მაგრამ მანიც ჩაიძინა ქეთევანმა. ჯერ ახალი ზღაპარი გამოაცხობინა ოჯახის წევრებს და მერე.
ეგრეა. დავდივართ. დაგვაქვს... ისედაც იყოდაარაიყორა არაა ჩვენი
საგზალი?..