THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ეკატოს პირველი მოგზაურობა დიდ ტყეში

ლელა მეტრეველი

ერთ დიდხეებიან დიდ ტყეში პატარა ქოხი იდგა. პატარა ქოხში პატარა მზეთუნახავ ეკატოს ეძინა. მზეთუნახავს იმიტომ ეძახდნენ, რომ თვალისმომჭრელად ლამაზი იყო, თორემ მზე არაერთხელ ენახა და ძალიანაც უყვარდა. დიდ ტყესა და პატარა ქოხშიც მზის სიყვარულის გამო მოხვდა. ამბავი კი ასე დაიწყო:
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ეკატომ გაიღვიძა, პირი დაიბანა, ფია-ფია მიირთვა და ეზოში გავიდა ცაზე ამოსული მზის სანახავად. როგორც უკვე გითხარით, მზე ძალიან უყვარდა და სულ ახსოვდა, დილით ცაზე რომ უნდა გამოჩენილიყო. ის იყო, პატარა მზეთუნახავი გახარებული აჭყლოპინდა: მზე, მზეო, რომ ცაზე ჩიტების გუნდიც დაინახა. ეს Dჩიტები რაღაც უცნაურად იქცეოდნენ: მზეს მისდევდნენ და დაბლა დაშვებას არ აპირებდნენ.
ეკატოს ჩიტებიც ძალიან უყვარდა. თავისთვის გაიფიქრა, ესენი საცაა მზეს დაეწვიან, მერე სულ მასთან ერთად იფრენენ, მე კი აქ მარტო დავრჩებიო და თვითონაც გამოედევნა მზესა და ჩიტებს. ეკატომ ფრენა არ იცოდა, ის კი არა, სიარულიც ახლადნასწავლი ჰქონდა და აბა ჩიტებს რას დაეწეოდა. იბაჯბაჯა, იბაჯბაჯა და უცებ შეამჩნია, რომ საკუთარ ეზოსა და ქალაქსაც გასცილდა. რომ არ მოგატყუოთ, ეს მე გეუბნებით, ქალაქს გასცილდაო, თორემ ეკატომ ჯერ არ იცოდა, ქალაქი რა იყო: მხოლოდ იმას მიხვდა, რომ ირგვლივ აღარც დედ-მამა ჩანდნენ და აღარც მეზობლის ბავშვები.
დაღონებულმა ეკატომ ცას ახედა: მზე ისევ შორს იყო და ჩიტებიც სადღაც გაიფანტნენ. პატარა მზეთუნახავი საკმაოდ ჯიუტი ვინმე ბრძანდებოდა, ამიტომ ტირილი კი არ დაიწყო, არამედ მანამ სდია მზეს, სანამ ეს უკანასკნელი დიდ ტყეში არ შევიდა და ყველაზე მაღალი ხის კენწეროზე არ დასკუპდა. ეკატომ იფიქრა, ახლა კი დავიჭერ მზესო და ტყეში თამამად შეაბიჯა. აქ კიდევ ერთ დაბრკოლებას წააწყდა: მზე მაღლა იყო, ეკატომ კი ხეზე ასვლა არ იცოდა. - ჩამო! - დაუძახა ეკატომ მზეს, მაგრამ მზე რის მზე იქნებოდა, შუადღისას მიწაზე რომ დაშვებულიყო. ის არხეინად გადადიოდა კენწეროდან კენწეროზე. მზეს თავისი საქმე ჰქონდა, თანაც, ლაპარაკი არ იცოდა და ეკატოს “ჩამო”-ს რას გაიგებდა. ახლა კი ატირდა პატარა ეკატო: - სახლში ყველა სურვილს მისრულებენ და მზეს რატომ ვერაფერი გავაგებინეო.
სად იყო და სად არა, შორიახლო ტყის ფერია გამოჩნდა. ტყის ფერია გულთმისანი იყო და უმალვე მიხვდა, რა აწუხებდა პატარა მზეთუნახავს, ამიტომ მიუახლოვდა და უთხრა: - წამო ჩემთან, მზეს თუ ვერ დავიჭერთ, ჩიტებს მაინც გაჩვენებო. ტყის ფერია ისე ლამაზი და კეთილი იყო, დაღლილ ეკატოს ბევრი აღარ უფიქრია, თავი ხელში ააყვანინა და პატარა ქოხისაკენ წაჰყვა.
ქოხი პატარა კი იყო, მაგრამ სულ ყვავილებითა და ტოტებით გახლდათ მორთული. ტოტებზე ჩიტები ისხდნენ და გალობდნენ, ხანაც ერთი ტოტიდან მეორეზე გადაფრინდებოდნენ და ეკატოს ფრთების ფათქუნით ზედ თავზე გადაუვლიდნენ ხოლმე.
- ე, ჩიტი, ჩიტი!
- ფრი, ფრი!
- ჩიტო, ჩიტო, ჩიოლაო, -
გაიძახოდა გახარებული ეკატო.
ამასობაში მზესაც გული მოულბა, ხის კენწეროებიდან ნელ-ნელა დაეშვა, იგორა, იგორა და ქოხთან ახლოს, ნაკადულში ჩავარდა. ეკატოც იქით გაიქცა, წყალში ხელი ჩაყო და მზეს მისწვდა. გახარებული ეკატო ისე ხმამაღლა აკისკისდა, რომ გაოცებული ცხოველები სახლებიდან გამოცვივდნენ, ეს რა მხიარული ვინმე გვესტუმრაო. ეკატომ კიდევ უფრო გაიხარა: როგორც ფერად წიგნებში, ზღარბი ეკლებიდან ფრთხილად აპარებდა თვალს, კუ კუს ნაბიჯით მობობღავდა, ირემი ქორბუდა რქებით იყო მორთული, შველს პატარა ნუკრიც წამოეყვანა ეკატოს სანახავად, ციყვი ფუღუროდან იცქირებოდა და კაკალს აკნატუნებდა, მაჩვს სოროდან თავი გამოეყო და სულ ფრთხილობდა, ემანდ სადმე ხაფანგი არ იყოს დაგებულიო, კურდღელი ყურებს იქნევდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მელამ არ დამინახოსო, მელა კი ფუმფულა კუდით ეკატოს აწონებდა თავს და კურდღელი სულაც აღარ ახსოვდა. დათვი და მგელი მოშორებით იდგნენ, ეკატო არ შევაშინოთო. მგელი ისე მოჭკვიანებულიყო, ეკატოს წითელი ქუდიც რომ ხურებოდა, მაინც არ გადაყლაპავდა. აღარც ტურა იყო ქვეყნის ამოგდების ხასიათზე.
მოკლედ, ტყის ყველა ბინადარმა ეკატოს გასაცნობად მოიყარა თავი. ეკატოს იმდენი წიგნი ჰქონდა დათვალიერებული, იმდენი ლექსი და ზღაპარი - მოსმენილი, რომ არათუ ყველა მათგანის სახელი ზეპირად იცოდა, არამედ ისიც კი ახსოვდა, წიგნებში ვინ რას ჩადიოდა.
- ციკვი, კაკალი, თავი...
- მგელი, კობალი, ბახ...
- ილემი, ოქლო, ლქა...
- დათუნია დლუნჩა...
- ზგალბი, მშიელი და ხალბი...
- ლაო, ბატონო მელაო?
- ნუკლი, თოფი, დედა, უუუ...
- კუ, ფექი...
- ბაჭია, ოლი კული ასწია... -
დაიწყო ეკატომ ცოდნის გამომჟღავნება. ცხოველებს გაუხარდათ, ასეთ ჭკვიან გოგოს რომ გადაეყარნენ და მთელი საღამო ტყეში მომხდარ იმ ამბებს უყვებოდნენ ეკატოს, წიგნებში ჯერაც რომ არ ეწერა.
შუაღამისას ცხოველები დასაძინებლად წავიდნენ. ეკატოსაც ძილი მოერია. ტყის ფერიამ გაუღიმა და უთხრა: - მოდი, ამაღამ ჩემთან დარჩი, ჩემს ქოხში დაგაძინებო. ეკატოს ქოხიც მოსწონდა და ტყის ფერიაც, მაგრამ სახლი გაახსენდა და ფერიას უთხრა: - დედა, მამა, ალო-ალო! ტყის ფერია ხომ გულთმისანი იყო, ამიტომ მიხვდა, რომ ეკატო სთხოვდა: -კარგი, მაგრამ ალო-ალოთი ჩემს მშობლებს შეატყობინეო. ტყის ფერიას ფრინველებისაგან კი გაეგონა, ადამიანები შორ მანძილზე ერთმანეთს ტელეფონით რომ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ ტყეში ტელეფონები ჯერაც არ იყო, ამიტომ ფერია სხვაგვარად მოიქცა: იის წვენით დუმფარის ფურცლებზე წერილი დაწერა და ეკატოს მშობლებთან მტრედს გაატანა, პატარა მზეთუნახავი ჩემთან არის და არ იდარდოთო. “ბალი სულ სხვაა”. - გაიფიქრა თავისთვის ეკატომ, მაგრამ ზრდილობის გამო ხმამაღლა არაფერი უთქვამს.
ხომ გახსოვთ, ტყის ფერია რა ლამაზი და კეთილი იყო. ახლა ისიც უნდა გაგანდოთ, რომ მან ტკბილი სიმღერა იცოდა. ჰოდა, ტყის ფერიამ ეკატოს ისე უმღერა “ნანა”, რომ პატარა მზეთუნახავს სულ მალე უშფოთველად დაეძინა. ძილში სულ ჩიტებთან ერთად დაფრინავდა, დილით კი მზის ამოსვლისთანავე გაიღვიძა. ფერიამ ხელ-პირი რომ დააბანინა, ასაუზმა და ლამაზად გამოაწყო, ეკატო გულში ჩაეკრა და უთხრა: - შინ, შინ! ფერიას ისევ არ გასჭირვებია იმის გამოცნობა, რომ პატარა მზეთუნახავს დედ-მამა მოენატრა. ტყეში არც თვითმფრინავები იყო, ამიტომ ფერიამ ეკატო ყველაზე დიდ და ლამაზ ჩიტს შემოუსვა ფრთებზე და შინისაკენ ისე გაამგზავრა.
ბევრი იფრინა თუ ცოტა, ჩიტი ეკატოს ეზოში დაეშვა. ეკატომ ჩიტს მადლობა გადაუხადა, ძირს ჩამოსკუპდა და დედ-მამა სულ კოცნით აავსო, მერე ტყის ამბების მოყოლა დაიწყო და აღარ გაათავა: - ჩიტი... მზე... ხე... გოგო... კვავილი... კუ... კუდელი... ციკვი... კაკალი... დათვი... ნუკლი...
ალბათ მიხვდებოდით, ეკატოს ლაპარაკიც რომ ახლადნასწავლი ჰქონდა და ჯერ სრული წინადადებების დაწყობა არ იცოდა. მეც ეს ამბავი ისე მოგიყევით, როგორც ეკატოს მონათხრობიდან გავიგე.