THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ქეთი კვიტატიანი

ლექსები

ფისუნია კატა

ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტა.
ვაზა არა, ლარნაკი გატეხა და ჩახტა,
ცოტა წაეთამაშა, შემოატყდა მგონი,
სასდილო ოთახს გაუფუჭა ფონი.
დაამსხვრია დოქი, მიაყოლა ყანწი,
ვერ გაიგო როგორ?(რაღა დროის აწი),
ცოდოაო ბებო, ამ კატისთვის ნუ ღლით
დაიჭირეს ფისო ხულიგნობის მუხლით.
***
მამას ლურჯი პერანგი წითლად გავაფერადე
აღარაა ლურჯი, გადამიგდეს ფუნჯი.
გამიჯავრდა დედა: - ამდენს როგორ ბედავ,
გაგიჟდება მამა, რა გარეცხავს ამას?!.
დამემუქრა დეიდა: - ხმას არ გაგცემ დღეიდან!
ბუზღუნებდა მამიდა: - ბავშვი სულ თავს გავიდა.
ბებო პერანგს უცქერის: -გაგვითავდა ფურცლები?
არ უჯერებს თვალებს (რა მზერა აქვთ ქალებს)…
შემოვიდა მამიკო, იცით როგორ გამიგო?..
არ მომწონდა მაინც, ეს პერანგი ლურჯი,
მოგვაწოდეთ ქილა, დაგვიბრუნეთ ფუნჯი.
გავაგრძელეთ ღებვა, წინსაფარი მება,
და პალიტრით ხელში, ვღიღინებდით ხმებში.
გადაიცვა მამამ შეღებილი ზედა.
- ერთი ჭკუის ხართო! – იცინოდა დედა.


***
დამეკარგა ცუგა, კუდი მავთულს უგავს,
ცისფერი აქვს თვალი, პირში ედო ძვალი.
მომენატრა ისე... და არ ვიცი რა ვქნა,
მეჩვენება ზოგჯერ, რომ საერთოდ გაქრა.
გამეპარა უცებ, წკმუტუნა და ავი,
რომ უკბინოს ვინმეს მომეჭრება თავი.
თუ მომიყვანთ ცუგას და არ მეტყვით: - ვერას!
ბევრ კანფეტებს მოგცემთ, მე და მამა ყველას.


***
დათუნამ თქვა: სკაში თაფლი, მოილია აღარ არის,
ტყეში კენკრა ვერ ვიპოვე აირია მთა და ბარი.
კუჭი მტკვივა შიმშილისგან, წამლებიც კი აღარ მშველის,
ვეღარ მართობს სტვენით ჭოტი და ცეკვებით კუ და შველი.
დავბერდი და ვერ ვმუშაობ, მიკანკალებს ხელები,
ნეტავ საით გაიკრიფნენ ჩემი დიდი ბელები?
ჩაალაგა ჩემოდანი, მათ საძებრად გასწია,
დაიღალა ცოტა ხანში ჩანთაც ვეღარ ასწია.
დასცინიან ჩიტუნები, ციყვი სულ თავს გავიდა
ტყით ნაწყენი დათუნია ცირკისაკენ წავიდა.


ვარდს სიყვარული ეწვია
სანამ ეკალს შეამჩნევდი მოგეწონა კოკორი,
თქვი: - ასეთ პაწაწინას სურნელი აქვს როგორი?..
მოეფერე და ეკალმა თითი წითლად შეღება,
ოჰ, ასეთი ძნელი არის ყვავილებთან შეხება.
თუ ტკივილმა გაგიარა... მათქმევინე, მადროვე...
მომწყვიტე და წამიყვანე, შენს ლარნაკში დამტოვე.


****
მომილოცე და მაკოცე
გამო გარეთ ფიფქი ცვივა,
აჰა ქუდი, აქა ქურქი,
გაგიჟდები ისე ცივა.
მომილოცე თოვლი მოდის,
როგორც იქნა დადო თეთრად...
ვიგუდაოთ, ვისრიალოთ,
ავაშენოთ ბაბუ ერთად.
მოუხდება გირჩის ცხვირი
დავაფაროთ ვედრო ქუდად,
მზეო არ გამოანათო,
არ გაგვიხდეს ბაბუ ცუდად.
არ მოხვიდე გაზაფხულო,
მიყვარს როცა ფიფიქი ცვივა,
მერე რა, რომ სულ დავსველდი,
მერე რა, რომ ასე ცივა.


***
სოფიკუნა ცუნცულა,
რატომ სცივათ წიწილებს?
აბუზული დგანან და ვერცერთი ვერ იძინებს.
- არაფერი დედკო, ვაბანვე სუყველა,
ისეთ მტვერში იწვნენ, რომ ქაფმაც კი ვერ უშველა.
მერე ჟელე დავასხი, გავუხეხე ფეხები,
შენ ხომ იცი მიყვარან და რა ნაზად ვეხები.
ბაფთებიც კი შევაბი, ფრთებზე მუსი წავუსვი,
ასე გამოვპრანჭე და დედიკოსთან გავუშვი.
ამ სულელმა კრუხმა კი ვეღარ იცნო შვილები,
ჩემი დაწეპებული დააწიწკნა ღილები.
ჭუჭყიანი რომ დადის, სულ იმისი ბრალია,
კრუხი შენ აბანავე, მძიმე არის ძალიან.


***
კენგურუმ თავის შვილები სწრაფად ჩაისვა ჩანთაში
დასასვენებლად წაიყვანს, ზღვაზე, სოფელში ან მთაში.
ისიც ეყოფათ ზამთარში ჩანთაში რომ იჯდებიან,
სადმე კურორტზე წავიყვან ზამთრამდე გაკაჟდებიან.
კოდალამ უთხრა კენგურუს: კვალი გატყვია გარჯისო
ფეხით გაუშვი ბავშვები ცოტათი გაივარჯიშონ.
რას დაგყავს ჩანთით, შეხედე ჩემს მშრომელ, ჭკვიან ბიჭებსო,
აგერ უმცროსი ბარტყიც კი ერთად ცხრა ჭიას იჭერსო.
ეწყინა დედა კენგურუს, კოდალას უთხრა ბრაზითო:
შენი ბარტყები ჯობია ჩემს შვილებს შენი აზრითო?
არ იცი რა საშიშია, ბავშვი რომ დედას ცილდება,
მიწაზე დავსვა და მერე ფეხები გაუცივდებათ.


***
ჩვენს საბავშვო ბაღში შემოვარდა ცუგა,
ისე სწრაფად დარბის მიწა აადუღა.
დასდევს მასწავლებელი, საყვედურით ავსებს:
- საძაგელო, მოშორდი, არ უკბინო ბავშვებს.
რა სულელი ძაღლია, კითხვაც კი არ იცის
სულ იმისი ბრალია კართან რომ არ იცდის.
უცხო პირებისათვის გააკეთეს თაღი,
დააწერეს ზემოდან ”ფისოების ბაღი”.


***
ოთხის გავხდი, დილით ადრე მომილოცა ბებიამ,
- შენისთანა კარგი ბავშვი არც კი დამსიზმრებია.
დედამ მითხრა: - მომილოცავს, გაიზარდე დიდიო,
მოვხუცდები და მაჩუქე შვილიშვილი შვიდო.
მამა მაგრა ჩამეხუტა, გამიღიმა ბაბუამ,
მომეფერნენ, სულ მიძახეს: ჭკვიანი და ღაბუა...
საჩუქრები დამირიგეს: ბურთი, სახლი, მანქანა...
დათუნია რომ დავქოქე ისე დაიქაქანა...
შევხტი, გული ამიჩქარდა, ამეტირა ძალიან,
რომ არ მკითხეს: რა გაჩუქოთ, სულ იმის ბრალია.
როგორ დავხვდე ახლა სტუმრებს, ცრემლიანი თვალებით?
აღარ მინდა ტორტის გაჭრა, სახლში დავიმალები.
დამცინიან დეიდები: - პატარაა ისევო…
სათამაშოს შეძახილზე თვალებს ცრემლით ივსებსო.
- არაფერიც, სათამშოს ხმა მაშინებს კი არა,
ის მეწყინა შევეხე და როგორ დამიღრიალა?!.


***
გადაპენტა ფიფქმა ეზო, გარეთ გასვლა უნდა რეზოს.
- ავად ხარ და გტკივა ყელი, გადაისვი შუბლზე ხელი! –
ეუბნება მშვიდად ბებო, გაურია რძეში ერბო,
- დალიეო! - დააძალა, სულის მოთქმა არ აცალა.
ჩამოაცვა ფეხზე წინდა, ოფლს შუბლიდან ფრთხილად წმინდავს.
ასლუკუნდა რეზო უფრო, არ უჯერებს რჩევას უფროსს...
- მე რომ ამდენ წამალს ვიტან, ერთ გუნდას ვერ შემომიტან?
გადავყლაპავ წამლის ნაცვლად და გავხდები უფრო კარგად.


***
ჰორიზონტთან მთები ჩანს,
ცა - ჰორიზონტს იქითაც,
ტბა ისეთი ვიწროა
მგონი დალევს ჭიქითაც.
გვერდით ძველი ციხე დგას,
უჰ, რამდენი წელია...
ეს გზა მისკენ სავალი
რა შორს გაუწელიათ.
პაწაწინა ბილიკებს
ხან საყდრისკენ მიყავხარ...
რა ლამაზი მხარეა
საქართველო მიყვარხარ.


***
ფიფქმა ბევრი იარა,
ცხრა ცა გამოიარა,
მიწასთან რომ მივიდა
თეთრად ააბრდღვიალა.
თოვლში მურა გავუშვი,
არც კი გახარებია...
- უჰ, რამდენი მოსულა,-
ცუდად გახდა ბებია.
მე კი ველოდებოდი
როდის ჩამოვიდოდა,
დღეს იმხელა გამხდარა
სულ აქ იყო ვითომდა.
ციგა, თოვლის ბაბუა,
გუნდაობა მაგარი,
გართობა და თამაში,
ყველაფერი აქ არი.
ბურანებით სრიალი,
ციგის მთამდე მიყვანა...
თოვლის ბაბუს ბურთი ვთხოვე
თოვლი ჩამომიყვანა.

 
***
თუ კი სადმე შევნიშნე
საპონი და წყალი,
_ არ დამბანოთ! - ვყვირივარ,
დამეწვება თვალი.
თუ ბავშვებთან ვთამაშობ,
ვყვირი: - მომე ბუშტი,
სწრაფად დამემორჩილეთ,
რომ არ მოგხვდეთ მუშტი.
ნეტავ რატომ ვყვიროდი?
დამექნია ხელი...
ხმა ჩამიწყდა, გამიკრეს
თბილი კაშნით ყელი.


***
ხეზე ავძვერი მაღლა, მინდოდა უფრო ზევით,
- ჩამოდი ქვემოთ! -არა!- ვუთხარი ხელის ქნევით.
- ბალია მწიფე, ბევრი, მოვკრეფ და შემჭამ კიდეც,
- ხელი მოკიდე მაგრად, მოცილდი ტოტის კიდეს!
მიყვირის დედა, მტუქსავს, ბებია: - რას შვებიო?!
- რომ არ შევჭამო ბებო, შეჭამენ შაშვებიო.
თქვენ ვერ მიწვდებით, მარტო დაგვიტოვებენ ყუნწებს,
რა ვქნათ, პატარა ტოტი მარტო ბიჭუნებს უძლებს.


***
მზე პირს იბანს და წვეთებით სულ დასველდა საქანელა
აქეთ-იქით ისვრის შხეფებს, ვერ დაიბანს უფრო ნელა?
აღარ მიშვებს დედა გარეთ, ფანჯარასაც ვეღარ ვაღებ,
და გავყურებ ოთახიდან ცვრიან ქალაქს და სველ ბაღებს.
ცარიელი არის ეზო, არ ჩანს ნინი, ნიკა, ანა...
ვინ ასწავლა მზეს ამდენ ხანს წყალთან დგომა პირის ბანა?
აკი მითხრეს მზის გარეშე არ იქნება ცა და მიწა,
მზე იმიტომ შეიქმნა, რომ გაახუროს დედამიწა.
ის კი იბანს და წვიმიდგან ჰაერს ცივა მიწა დნება
რა ცუდია, რომ ნათება ზაფხულობით ახსენდება.


როგორ აგდებდნენ მეფეებს ტახტიდან


(განათლებულმა ბავშვებმა უნდა იცოდნენ საფრანგეთის რევოლუციის შესახებ…)
1789 წელს, ფრანგებმა, მეფე ლუი XVI და დედოფალი მარიამ ანტუანეტა ტახტიდან ჩამოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს.


საფრანგეთის დედოფალს მარიამ ანტუანეტას
ჰყავდა ასი ცხენი და ოცდახუთი “კარეტა”.
ჰქონდა ოცი პარიკი, შვიდასამდე სათვალე,
კაბები და ჩექმები უკვე ვეღარ დავთვალე.
ახარებდა ბაფთები, ღამით ბანქოს თამაში.
დილით შამპანიური მორთმეული ჰამაკში.
ყველაფერი ოქროსი, ყველაფერი ძვირფასი,
ბევრი თვალ-მარგალიტი, მერე იცით რის ფასად?
მუშაობდნენ გლეხები, სიმწრის ოფლი სდიოდათ,
მაგრამ მათი ნაშრომი მეფესთან მიდიოდა.
დედოფალს კი გლეხები თვალითაც არ ენახა,
არც უნდოდა ამისთვის დრო რომ გამოენახა.
არ იცოდა დედები როგორ ზრდიდნენ პატარებს,
მათ ხომ ცივი ზამთარი უცეცხლოდ გაატარეს.
არ იცოდა მოზარდებს ტანზე ეცვათ ძონძები
და რომ მის ქვეყანაში მაძღარ გლეხს ვერ მოძებნი.
ერთხელ უთხრეს მარიას: გლეხს პურიც კი არ აქვსო,
შავ ჭირს უბედურება დღეს კარდაკარ დააქვსო.
გაუკვირდა დედოფლს (რა საქმე აქვს ჭირთანო),
თქვა: თუ პური არ აქვთ, ნამცხვარი მიირთვანო!
ერთხელ მაინც ენახა, სულ არ იყო ნამყოფი,
რამდენს ლუკმაც არ ჰქონდა, იწვა ვით ავადმყოფი.
და თქვა ხალხმა: - ამ მეფემ, სულ დაკარგა ფუნქცია!
ბასტილია აიღეს მოხდა რევოლუცია.

 
****
გიორგი ბაბუს ცელქი შვილიშვილი ჰყავსო,
სულ კალთაში უზის არ ანებებს თავსო,
ცხელზე ამბობს: - ცივია!
ცივზე ამბობს: - მწვავსო,
თუ საყვედურს ეტყვი ტირილს გააბამსო.
ბანაობა: - ცუდია,
საქანელა: - მაგარი...
კოვზით შეჭამს იმას, რასაც უნდა ჩანგალი.
ბაბუ ამბობს: - იცელქოს, ვენაცვალე მაგასო,
ოღონდ ეგ მიეჩვიოს გემრიელად ჭამასო.
ყველაფერს ყრის ფანჯრიდან, ან ძირს აგდებს ხმაურით,
მერე ცეკვას დაიწყებს: დიმპი-დიმპი ტაური...
ბაბუ ამ დროს ტაშს უკრავს, უხარია ძალიან,
მისი ფართე ღიმილი სულ ნინიას ბრალია.


***
ჩვენი კატა დაიკარგა,
არ გამოჩნდა ორი კვირა,
- ფისო როგორ მოვძებნოო?-
პატრულმაც კი გაიკვირვა.

- არც ნიშანი და არც ბაფთა,
არაფერი შეგიბიათ?
წავალ სტადიონზე ვნახავ
დღეს კატების შეჯიბრია.

შეჯიბრზეც კი არ მოვიდა,
ხომ ვიცნობდი ჩემს კატუნას,
ერთი კატა მივამსგავსე
არც ამლოკა, არც მისუნა.

მერე იყო ზარი კარზე,
ვიღაც კაცი იდგა კართან,
- სახურავზე არის ფისო
თავის გოგო მეგობართან. -

მითხრა, ცოტა გაეცინა,
ეს ამბავი მოვდეთ ყველას,
კნუტებიც კი გვეყოლება,
პატარები თითის ხელა.

***
გუშინ ბარბი გამოვპრანჭე,
გვერდზე ფისო დავუსვი,
კუ ჩავფუთნე, დავაძინე ეგ და მიკი-მაუსი.
გავაჩუმე ყველა სახლში,
შუქიც კი არ ანთია,
ეს საწყლები ჩვენმა ლეკვმა
მთელი ღამე ათრია.
რა ქნას ეთამაშებოდა,
არ უნდოდა ძილიო,
ისე ლოკა კუ და მიკი,
როგორც თავის შვილიო.