THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



უსაქმური ბიჭი

ნათია თარაშვილი

ხვატია, მაგრამ რა ხვატი, გარეთ გამოსვლა კი არა სუნთქვა რომ დაეზარება კაცს, იმნაირი ქვის დამადნობელი სიცხე-პაპანაქებაა.
ავტობუსის მოლოდინით გაბეზრებული აქეთ-იქით ვიყურები, გარშემო ყველაფერი გადახუნებულია, მზისგან დაფშვნილ მიწის მტვერს ისეთი ბუღი ასდის, გეგონება ეს-ესაა ცხენების რემამ ჩაიგრიალა თავქვეზეო. მოკლედ გული მიწუხს, ლამისაა ტყავი გავიძრო.
ცოტა მოშორებით, ვიღაც დალოცვილის მადლიანი ხელით დარგული, კარგად წამოზრდილი კაკლის ხე შევნიშნე და იქითკენ წავლასლასდი, შუბლზე ოფლი მოვიწმინდე, კაკალს ზურგით მივეყრდნე, სული უკან ჩავიბრუნე და ნელა ჩავცურდი ფესვებისკენ. სიცხისგან გათანგულმა ცოტათი შვება ვიგრძენი.
ოო, ახლა უკვე რაღაც-რაღაცეებზე ფიქრის თავიც მქონდა. მოვა ეს დაკარგული ავტობუსი, აბა, სად წავა-თქო, ჩავიჩურჩულე ჩემთვის და მოთმინებით აღვივსე. არადა სხვა არც არაფერი ძალმიძდა, უბრალოდ თავს ვინუგეშებდი, ეს იყო და ეს.
ისე ჩვენში დარჩეს და რა ეჩქარება, იქნებ არც კი გამოსულა ქალაქიდან, ანდა თუ ეღირსა და გამოვიდა, წამოვა მერე ღოღიალ-ღოღიალით, გამოელაპარაკება გზა-შარაზე ყველა გამვლელსა და გამომვლელს, ნაცნობსა და უცნობს, დაუთმობს გზას გზაზე გადამავალ ყველა ბატს თავისი ჭუჭულებით და ამოაღწევს სოფლამდე დღის მეორე ნახევარში, შენ კი ძლივს ალასლასდები უკანა კარიდან, მიადებ ფანჯარას თავს და უცდი მოთმინებით, როდის გაგრიხინდება ისევ მიწიან გზაზე, რომ გაღირსოს და იქნებ, ამ შუასაუკუნეებისდროინდელი სოფლიდან გაგიყვანოს და როგორმე “ჩვენს დროშიც”ამოყო თავი. არა, მაინც როგორ გავბედე ამ უცხო მხარეში უმანქანოდ წამოსვლა?!
ამ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, რომ მოსახვევიდან უსწორმასწოროდ თმაგაკრეჭილი ბიჭი გამოვიდა. ტოტებდამოკლებული შარვალი თოკებით აქვს აჭიმული მხრებზე, ერთი-ორი ზომით დიდ სანდლებს დაუდევრად მოაფრატუნებს და ცხვირს უშნოდ ასრუტუნებს. “ამ სიცხეში ნეტავ სად იპოვა ეს სურდო?”- უნებლიედ გავიფიქრე და ისევ ინტერესით შევათვალიერე. ბიჭს ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია, ასრუტუნებული იქვე ქვაზე ჩამოჯდა, ჯიბე კენჭებით აივსო, ერთი-ორი ცალი მუჭში მოიქცია და მიზანში სროლა დაიწყო. “ერთი ამის თავში ჩამახედა, - გავიფიქრე ისევ, - იმის მაგივრად რომ ამ დროს გაკვეთილებს მეცადინეობდეს, ბირჟაზე ჩამომჯდარა და არხეინად დრო გაჰყავს”. ბიჭი ისევ კენჭების სროლით ერთობა, მე ზედაც არ მიყურებს. ცოტა არ იყოს, გავგულისდი. “ერთი უყურეთ ამ ღლაპს, დამდგარა აქ და ამ პაპანაქება სიცხეში მტვრიან ქუჩაზე ბუღს აყენებს", - გავიფიქრე, - იქნებ კენჭი შემთხვევით მეც კი მომარტყას". ვეღარ მოვითმინე: “ეი, შენ, ბიჭი, მეტი საქმე არა გაქვს? წადი რა, სახლში, საქმეს მიხედე.”ერთი კი შემომხედა ალმაცერად, მხრები აიჩეჩა, მერე ჯიბიდან კენჭები ამოიყარა, ჯიბე დაიფერთხა, ხელებიც შარვალზე ჩამოიწმინდა და სტვენა-სტვენით ბორდიურზე დაიწყო სიარული. ცდილობს ფეხი ფეხს ააცილოს და დაუბრკოლებლად გაიაროს, მაგრამ ბორდიური მაღალია და ვიწრო. რამდენჯერმე ფეხი გადაუბრუნდა და კინაღამ ჩამოვარდა. ჩემდა უნებლიედ გული გადამიქანდა: “უჰ... ეი, ბიჭი, წადი და იმეცადინე, საქმეს მიხედე, გესმის? აქ რას დაბორიალობ და ნერვებს მიშლი, შენი ტოლი ბიჭები ქუჩა-ქუჩა უსაქმურად არ დაწოწიალობენ. პატრონი არა გყავს?”ბიჭმა ისევ საყვედურით სავსე თვალებით ამომხედა, ბორდიურიდან ჩამოხტა და ისევ ქვაზე ჩამოჯდა. ზის, სრუტუნებს, აქეთ-იქით იყურება და ახალ გასართობს ეძებს. უეცრად თვალი მოკრა კაკლის ხეს, მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა, გვერდი ამიქცია, ხეს შეახტა და მაშინვე კენწეროზე მოექცა. ტრიალებს, დაძვრება ტოტებზე, ღიღინებს თავისთვის და თითქოს ვერც კი მამჩნევს. მე კი კისერი ამტკივდა ამდენ ხანს მაღლა ყურებით, თვალს ვერ ვაცილებ, რომ ჩამოვარდეს, ფეხი მოიტეხოს, რამე იტკინოს... ის იყო, ერთიც უნდა შემეფუცხუნებინა, რომ მოსახვევიდან ავტობუსი გამორახრახდა, გზაზე ბუღი დააყენა, მერე ერთი მძიმედ ამოიხვნეშა და შეჩერდა. ავტობუსის გაჩერება და ბიჭის ხიდან ჩამოხტომა ერთი იყო, მაშინვე თავქუდმოგლეჯილი წინა კარისკენ გაიქცა, დიდი ვაი-ვაგლახით ჩამოიყვანა ერთი წელში მოხრილი მოხუცი, მერე მგზავრებს მძიმე ჩანთები ჩამოართვა და ასფალტზე ჩამოაწყო. აქოშინებულმა ერთი ჩანთის თასმა სწრაფად მოიგდო მხარზე, მეორე ხელში დაიჭირა, მოხუცსაც წელზე ხელი შეაშველა და ასე, ნელი ნაბიჯით გაუყვნენ მოსახვევისკენ. ბიჭი სანდლებს ისევ ისე მიაფრატუნებდა და სრუტუნებდა. ავტობუსში ავედი, მაგრამ თვალი მაინც ამ ორი უცნაური წყვილისკენ დამრჩა. ეტყობა მძღოლმაც შენიშნა ჩემი მზერა და თითქოს თავისთვის, მაგრამ ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა: “ეჰ, როგორ წვალობს ბებო! რა ქნას, საწყალმა, მეტი გზა რომ არა აქვს?! ობოლ ბიჭს ყოველდღიურად ლუკმა ხომ უნდა აჭამოს. ეს პატარაც რა ყოჩაღი ბავშვი გამოდგა?! თავისი ტოლები რომ შუა თამაშში არიან, ამ სიცხეში ხანდახან საათობით ელოდება ჩემს ავტობუსს, რომ ბებიას დახვდეს და მძიმე ჩანთები შინ მიატანინოს~. საკუთარი თავის შემრცხვა, უხერხულად შევიშმუშნე, თავი მხრებში ჩავრგე, მეგონა, ყველა მე მიყურებდა და ჩემი ფიქრები ყველამ იცოდა. უკანა სავარძელზე მივიკუჭე, პერანგის საყელო ავიწიე, ფანჯრიდან თვალი ისევ უცნაური ბიჭისკენ გავაპარე, გულში პატიება ვთხოვე და საკუთარი შვილივით დავლოცე.