THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლანა რა

ფიფქის ფერიას ქურქი

თარგმნა ირმა მალაციძემ

პატარა ფიფქი - ციცქნა და საყვარელი ფერიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე თეთრი ქვეყნის ყველაზე ქათქათა სასახლეში ცხოვრობს. ეს ქვეყანა უზარმაზარ ყინულებს შორისაა მოქცეული. მაგრამ ფიფქი ფერიაა და სულაც არ ეშინია სიცივის. პირიქით, ეს თვითონ ფარავს მიწას თოვლით. ამ, არც თუ ისე იოლ საქმეში მას თოვლის სპილო და თოვლის კრავი ეხმარებიან. ეს ცხოველები, როგორ ფერიის დამხმარეებს შეეფერებათ, ჯადოსნური არსებებია. გაზაფხულობით, ზაფხულობით და შემოდგომობით თოვლის კრავი აისბერგიდან ჩამოტეხილ ყინულის ნატეხებს მიირთმევს, ხოლო ფიფქი ფერია კრავის ფუმფულა თეთრი მატყლისაგან ვერცხლის ძაფს ართავს. ძაფს ბროლის სავარცხლით ვარცხნის და ლოლოებით, როგორც საქსოვი ჩხირებით, თავის ქურქზე ულამაზეს მაქმანებს აქსოვს. თოვლის ფერიას ასეთი ოთხმოცდათერთმეტი ქურქი აქვს. გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ფიფქი ფერიამ ოთხმოცდაათ ქურქს უნდა შემოაქსოვოს მაქმანი, რათა ზამთრის თითოეულ დღეს ერთი ქურქის ჩაცმა შესძლოს. რა თქმა უნდა, ერთხელ ოთხ წელიწადში ერთხელ კიდევ ერთი ქურქზე მანქანის მიქსოვა უწევს. ეს მაშინ ხდება, როცა წელიწადი ნაკიანია და მასში ოთხმოცდათერთმეტი დღეა.
მაქმანების მიქსოვის შემდეგ თეთრ-მოვერცხლისფერო ქურქებს ფიფქის ფერია დიდ ყინულის სკივრში ინახავს. როცა შემოდგომა მთავრდება და ზამთარი მოდის, ფერია სკივრიდან რბილ ქურქს იღებს და ბერტყავს. ქურქის ფუმფულა მაქმანებიდან ქარბუქივით იფანტება თოვლის ვარსკვლავები და ფიფქები.
დიდი კორიანტელი დგება. და ეს კორიანტელი რომ ჩააწყნაროს, ფიფქის ფერიას თოვლის სპილო ეხმარება. ის თავისი დიდი ხორთუმით, რაც ძალა და ღონე აქვს, უბერავს თოვლის ფიფქებს და ქვეყნიერებაზე აბნევს. ასე გრძელდება ყოველდღე მთელი ზამთარი - ფერია სკივრიდან ახალ ქურქს იღებს და ბერტყავს. და ასე მეორდებოდა ყოველ წელს.
მაგრამ ერთხელ ძალიან უსიამოვნო ამბავი მოხდა. ზამთარმა ლამის სამუდამოდ დაკარგა თოვლი. ეს ამბავი ასე იყო:
შემოდგომოს ბოლო დღეს, 12 საათზე, ფიფქი ფერიას დაბადების დღე ჰქონდა. როგორც წესი, ფერიები თავის დაბადების დღეს ათ წლამდე ითვლიან, მერე კი სათვალავი ერევათ. ასე რომ, არასდროს ახსოვთ, ასი წლისა არიან, ორასის, თუ ათასის... ჰოდა, ერთ ასეთ დაბადების დღეზე ფერიასთან ბოროტი ჯადოქარი მოვიდა. ის საშინლად ბუზღუნა ვინმე იყო - ძალიან მობეზრდა თოვლიანი ზამთარი, რადგანაც მხიარული და ცელქი ფიფქები სქელ წვერში ებლანდებოდნენ, რაც მას ძალიან აღიზიანებდა. ამიტომაც გადაწყვიტა, ფერიასათვის ქურქები წაერთმია. ბოროტ ჯადოქარს ხუთი შეგირდი ჰყავდა - დიდცხვირა ჯუჯები, რომელთაც მწვანე ჩაჩები ეხურათ და წითელი ჩექმები ეცვათ. ბოროტი ჯადოქრის შეგირდისაგან კარგს, აბა, რას უნდა ელოდო. სულ ვიღაცას ძარცვავდნენ, ყველაფერს ამტვრევდნენ და აფუჭებდნენ. ბოროტმა ჯადოქარმა თავისი შეგირდები ჯიბეში ჩაისვა და ფერიას დაბადების დღეზე გამოცხადდა. როცა სადღესასწაულო ნამცხვარი გაჭრეს და სტუმრები ჩაიზე მიიპატიჟეს, ჯადოქარმა შეგირდები ჩუმად ამოუშვა ჯიბიდან. მწვანე ჯუჯებმა იპოვეს სკივრი, მოიპარეს და სასახლიდან წაათრიეს. სკივრი მძიმე იყო და ჯუჯები რომ დაიღალნენ, ბროლის დიდ გამოქვაბულში დამალეს იგი, თვითონ კი ჯადოქრის ჯიბეში დაბრუნდნენ. სტუმრები რომ დაიშალნენ, ფერია პირველი ქურქის ამოსაღებად მოემზადა. როცა სკივრი ადგილზე არ დახვდა, საშინლად შეწუხდა. მთელი სასახლე გაჩხრიკა, კუთხე და კუნჭული არ დაუტოვებია, რომ არ ენახა, მაგრამ სკივრი ვერსად იპოვა. ფიფქის ფერია ატირდა.
“რა მეშველება? ჩემი ქურქების გარეშე თოვლი აღარ მოვა. დედამიწას აღარასდროს დაფარავს ფაფუკი, თეთრი თოვლი. საბრალო მცენარეები. ზამთარში ძალიან შესცივდებათ,” - ტიროდა ფერია. ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა თვალებიდან. ცოტათი მაინც რომ ენუგეშებინა თავისი დიასახლისი, სპილო მსუბუქად უბერავდა ხორთუმიდან. ფერიამ ვერც კი შენიშნა, როგორ გადაიქცა ცრემლები ყინულის პატარა ნატეხებად და ქვეყნიერებაზე გაიბნა. ზამთრის პირველ დღეს ყველა ფერია და ჯადოქარი თოვლის მოსვლას ელოდა. და როგორ გაოცდა ყველა, როცა ფიფქების ნაცვლად პატარა წკრიალა სეტყვის მარცვლები დაცვივდა მიწაზე. ყველა მიხვდა, რომ რაღაც მოხდა ფიფქის ფერიას სასახლეში. ბევრმა ფერიამ და ჯადოქარმა მიაშურა ფერიას სამშობლოს, ქურქების მოძებნაში რომ დახმარებოდა. თუ ქურქებს ვერ იპოვიდნენ, თოვლი აღარასდროს მოვიდოდა. მაგრამ ამაოდ. ვერსად მიაგნეს.
ერთხელაც სასახლეში შეშფოთებული ქარი შეფრინდა.
“რა უცნაური ზამთარია! ფიფქის ფერიას ქურქები დაეკარგა, მე კი ჩემს ქარის სიმღერას ვეღარ ვმღერი! მხოლოდ ვუბერავ და ვუბერავ ბროლის გამოქვაბულებში. მაგრამ მელოდია მაინც არ გამოდის. თითქოს ვიღაცამ ერთ- ერთი გამოქვაბული გამიფუჭა” - დაიჩივლა ქარმა.
თოვლის სპილომ ქარს დახმარება შესთავაზა - თუ გინდა, ჩავბერავ გაფუჭებულ გამოქვაბულში და უცებ გამოკეთდებაო. სპილომ გამოქვაბულს მთელი ძალით ჩაჰბერა და ჰოი, საოცრებავ! იქიდან ფერიას სკივრი არ გამოვარდა? წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდა ყველა!
ფერიამ მაშინვე გახსნა სკივრი და გახარებულმა დაიწყო ქურქების ბერტყვა, ფიფქების კორიანტელი დააყენა, ისე რომ დილით მთელს დედამიწაზე თეთრი ხალიჩა ეფინა. როცა ვერცხლისფერმა ფიფქებმა კვლავ შეუღიტინა წვერში, ჯადოქარი მიხვდა, რომ ბოროტება დამარცხდა, თავის სახლში შეიყუჟა და მთელი ზამთარი გარეთ აღარ გამოსულა, მხოლოდ ფანჯრიდან იჭყიტებოდა ხოლმე მალულად.
ფიფქია კი ყოველ ზამთარს ბერტყავს თავის ქურქებს, გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე კი კრავის მატყლისაგან ვერცხლის ძაფს ართავს და მაქმანებს ქსოვს.