THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ზამთრისპირის ბინდი

რეზო ინანიშვილი

_ ახლა იცი, რა მომიყევი, მამა, ჭალის ვენახის კაკლისა.
_ მაგის ხომ გუშინაც მოგიყევი, კაცო!
_ კიდევ მომიყევი.
_ კარგი, შვილო, კარგი, საბანს ნუ იხდი და კიდევ მოგიყვები. ეგ ჩვენი კაკალი სამასი წლისა იქნება. მაგისი ტოლი ამ მიდამოზე სხვა არაფერი დგას. დგას ეგრე ამაყად, დრო კი მიდის. გაზაფხულზე მომწვანო კოკრებს გამოიტანს, მერე ის კოკრები ბრტყელ _ ბრტყელ ფოთლებად იქცევა.
_ ყვავილები?
_ ჰო, ყვავილები უფრო ადრე გამოაქვს, მატლებივით გრძელ _გრძელი. მერე ნაყოფი გამოიკვანძება.
_ წენგოები?
_ ჰო, წენგოები. ახალგამოკვანძულ კაკლებსაც წენგოები ჰქვია. ის წენგოები დამსხვილდებიან, ნაჭუჭს გაიკეთებენ, ქერქში აღარ დაეტევიან, გამოხეთქავენ და დაიწყებენ კრეჭას _ ჭიტა! _ იყურებიან დამსკდარი წენგოდან და იკრიჭებიან. ზოგი კაკალი ვეღარ მოითმენს, ისკუპებს და ტყაპ! _ ძირს, ბალახებში. მაშინ ავიღებ გრძელ ხალხას, ავალ ზედ და, რომ დავკრავ, _ ხრრ! _ წამოვლენ ჟივილ _ხივილით მიწისკენ.
_ ჩვენ კიდევ მოვკრეფავთ არა, მამიკო?
_ ჰო, შვილო, თქვენ მოჰკრეფავთ. შემოდგომაზე კაკალს ფოთლები გაუყვითლდება და მერე დასცვივა.
_ ციყვი? ციყვი რომ დაგავიწყდა?
_ ჰო, ერთ ტოტზე ფუღურო აქვს და იმ ფუღუროში ციყვი ცხოვრობს, პატარა, კუდაპრეხილი ციყვი. გამოვა ფუღუროდან, დასკუპდება უკანა ფეხებზე და _ ფიტ! ფიტ! _ უჯავრდება ჩიტებს.
_ რათ უჯავრდება, მამა?
_ ეს კაკლის ხე სულ ჩემია და თქვენ ნუ სხდებით ზედაო!
_ მერე ჩიტები გაფრინდებიან ხოლმე?
_ჩიტბატონები გაფრინდებიან ხოლმე, მოლაღურები კი _არა. მოლაღურები გამოუქროლებენ ჩხავილით, ციყვს შეეშინდება და ფუღუროში შევარდება დაფეთებული.
_ ფხაჭაფხუჭით, არა, მამიკო?
_ ჰო, ფხაჭაფხუჭით.
_ ეუჰ!
_ საბანი, შვილო, საბანს ნუ იხდი!
_ ის ციყვი ახლაც იქ არის მამა?
_ ჰო, ახლაც იქ იქნება, აბა, სად უნდა წასულიყო! ახლა სულ ფუღუროში ზის და კაკლებს ახრამუნებს.
_ არა სცივა, მამიკო?
_ ეგ ხო იცი, ფუღურო ხავსითა და რბილი ბალახებით აქვს სავსე, თან თვითონაც თბილი ქურქი აცვია, რა შეაციებს!
_ კაკალს?
_ კაკალს რა?
_ კაკალს არა სცივა?
_ კაკალსაც სცივა, მაგრამ ითმენს. მეტი რა გზა აქვს,სცივა, მაგრამ ითმენს. ქარი როა, მარტო მაშინ იცის ბაბანი. უბერავს ქარი და გათოშილ ტოტებს ჭახჭახი გააქვს. მთელი ხე ბაბანებს.
_ რატომ ითმენს,მამიკო, კაკალი?
_ აბა, მეტი რა გზა აქვს, შვილო, სხვა რა გზა აქვს, რა შეუძლია, ვის მიადგეს კარზე, გამათბეო. ისევ თოვლია მისი იმედი. ერთი მაშინ თბება, რომ ბარდნის, ბარდნის და თეთრი ქათიბები შემოევლება ყველა ტოტზე.
_ თოვლი მეც მიყვარს, როდის მოვა, მამიკო, თოვლი?
_ მალე, შვილო, შეიძლება ამაღამაც მოვიდეს. ცა ისეა მოღრუბლული, შეიძლება ამაღამ მოვიდეს.
_ თოვლი რომ მოვა, კაკლის სანახავად წამიყვან, მამა?
_ კაკალს რა ნახვა უნდა,შვილო?
_ აი, თოვლი რომ მოვა და ქათიბებად შემოევლება ტოტებზე. ქათიბი რა არის, მამიკო?
_ ქათიბი ქათიბია, შვილო, აი, ბოა, ქალები რომ იკეთებენ ხოლმე პალტოს საყელოზე. აი, ანიკო დეიდას რომ აქვს.
_ ჰოო...წამიყვან,მამა?
_ წაგიყვან, შვილო, თუკი გინდა, შენ კარგად გახდი და რატომ არ წაგიყვან. სადაც გინდა, იქ წაგიყვან.
_ ციყვსაც მაჩვენებ?
_ციყვსაც გაჩვენებ, მაშ! შენ ახლა დაიძინე და მერე ყველაფერს გაჩვენებ.
_მამა, ისევ მითხარი რა ციყვისა.
_ახლა არ გითხარი, კაცო?!
_ კიდევ მითხარი.
_კარგი, კარგი, საბანს ნუ იხდი და გეტყვი. კუდი აი, ასე აქვს აპრეხილი. გამოვა ფუღუროდან, დასკუპდება უკანა ფეხებზე და _ ფიტ! ფიტ! _ უჯავრდება ჩიტებს
_ ჰი, ჰი, ჰი! კაკალი?
- კაკალი დგას და შეჰყურებს ცას, ელოდება, თოვლი როდის მოვა.
_ როდის მოვა, მამიკო, თოვლი?
_ ხომ გითხარი, შვილო, შეიძლება ამაღამაც მოვიდეს, ისეა მოღრუბლული.
_ დედა, მამიკო?
_ დედა სულ მალე მოვა და კანფეტებსაც მოგიტანს.
_ შოკოლადსა?
_ შოკოლადსაც მოგიტანს, მაშ!
_ ფისუნიები რომ ახატია?
_ ჰო, ფისუნიები რომ ახატია, რომ გაიღვიძებ, დედა უკვე მოსული იქნება.
- თოვლი რომ მოვა, ციგას გამიკეთებ.
_ ციგასაც გაგიკეთებ და მარხილსაც.
_ კაკლის სანახავადაც წამიყვან?
_ ჰო, შვილო, წაგიყვან, შენ ახლა დაიძინე.
_ რომ დავიძინებ და გავიღვიძებ, თოვლიც იქნება მოსული, მამიკო?
_ ჰო, შვილო, ამაღამ მოვა.
_ დედა?
_ დედაც მალე მოვა. შეიძლება, მოდის კიდეც, აბა, გავიხედო.
მამა წამოდგა, ფეხი დაჰბუჟებია და ფანჯრისკენ კოჭლობა _კოჭლობით მიდის.
_ არ მოდის, მამიკო?
_ ჯერ არა, ცოტა ხანიც და მოვა.
_ მეც გამახედე, რა გარეთ.
_ არ შეიძლება, შვილო, შენ სიცხე გაქვს.
_ მაშინ არ დავიძინებ. აი, აი..
_ საბანი! საბანი! აბა, რასა შვრები! მოიცა, გაგახედებ, ეჰ, რა ბავშვი ხარ, რა!
მამა საბნიანად აიყვანს და ფანჯარასთან მიჰყავს.
_ აჰა, გაიხედე, ეხლა ხო დაიძინებ?
_ ის ვისი ღორია, მამა?
_ ელიზბარაანთი.
_ ის შეშა ვინ მოიტანა?
_ ელიზბარას მამამ. ახლა ხო დაიძინებ?
_ თოვლი რომ მოვა, გამაღვიძებ, ხო?
_ გაგაღვიძებ, მაშ არ გაგაღვიძებ, კაცო?
მამა ისევ ფრთხილად აწვენს ტახტზე.
_ არ მომატყუო, აი.
_ არა, გენაცვალე, შენ ტკბილად დაიძინე. _ ამომიკეცე საბანი!
_ აჰა, გენაცვალე! დაიძინე ტკბილად. ნანა _ნანა _ნანასა, გაუმრავლდი მამასა...
ბავშვი თვალებს ხუჭავს და თითქმის იმავე წუთს იძინებს. მამა კიდევ უსწორებს საბანს და თან რაღაც საალერსო სიტყვებს ჩურჩულებს. აივნიდან ფეხის ხმა ისმის, აღელვებული დედა შემოდის. აჩქარებით აწყობს წიგნებს და რვეულებს მაგიდაზე.
_ როგორ არის?
_ახლა დაიძინა. მე ესეთი ბავშვის მნახველი არა ვარ. რეებსმელაპარაკებოდა, ყური რომ გეგდო!
_ ენაცვალოს დედა. სიცხე ხომ არ გაგიზომია?
_ არა, მაგრამ ეტყობა, დაუწია.
_ ენაცვალოს დედა.
დედა საწოლთან მიდის და ის თავისებურად, დედის ალერსიანი ხელებით უსწორებს საბანს.
ბავშვს მშვიდად სძინავს და უთუოდ კუდაპრეხილ ციყვსა და ლამაზად მოფარფატე თოვლის ფანტელებს ხედავს, რომ ეღიმება, ვარდი გადასდის პირზე.
დედ-მამას სიხარულის ცრემლით უბრწყინავს თვალები. ოთახში ნელ-ნელა შემოდის ზამთრისპირის ლბილი, ლბილი ბინდი...
ღმერთო, ულხინე ყველა ბავშვს ქვეყანაზე!