THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კიტრი, ნესვი და საზამთრო

ოტია იოსელიანი

 
ერთ ბაღჩაში კიტრი, ნესვი და საზამთრო ეთესა. კიტრი, მიწიდან ამოსვლისთანავე, ღობე-ყორეს მოედო, ხეებზეც კი დააპირა გასვლა და მოჰყვა თავის ქებას:
- შემხედეთ, სად ავედი, ჩემისთანა ამ არემარეზე არაფერია. რამსიმაღლე ვარ, აქედან რომ ვუყურებ, ქვევით ყველანი ბალახად მეჩვენება. მე ვარ, რაცა ვარ!
ნესვსა და საზამთროს ერთმანეთის შერცხვათ: ბალახი რომ ბალახია, ზევიდან არც იმას უნდა დახედოო.
- ახლა, ჩემი ნაყოფი გასინჯეთ! - ენას არ აჩერებს კიტრი. - ახლავე იჭმება. სხვისი ნახეთ, თუ პირში ჩაიშვებაო.
ნესვსა და საზამთროს რაღა ეთქმოდათ, ლორთქო კიტრი ურიგო მართლაც არაა.
- ვერ გამიგია, ამ ბალახ-ბულახს რატომ თესავენ, რა საჭიროა?.. - კიტრმა გადაჭამა ყველას თავი, არავის კიტრად არ აგდებს.
დრო კი გადის, მზე აჭერს და აჭერს. პირში წყალჩაგუბებული ნესვისა და საზამთროს ნაყოფი იზრდება, ბურთის ტოლები გახდნენ. გადმოხედა ზევიდან კიტრმა, არ ეჭაშნიკა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა:
- გაიზარდნენ, მაგრამ რად გინდა... რომც დამწიფდნენ, თუ მაგათი ნაყოფი რაიმედ ივარგებს, ჩემი რაღა იქნება, როცა თავიდანვე ასეთი გემრიელიაო...
მიწას ჩაჭიდებული ნესვი და საზამთრო კი მუყაითად შლიდნენ მკლავებს, ახალ და ახალ ფესვებს იდგამდნენ, რომ მიწისა და მზისაგან მეტი სიტკბო დაეგროვებინათ.
ბოლოს და ბოლოს, დამწიფდა ნესვი, გაჭრეს _ გაიცინა. დამწიფდა საზამთრო, გაჭრეს და გაიცინა, მაგრამ რა გაიცინა! ორივემ სულ თაფლი და ბადაგი გადმოღვარა.
დამწიფდა კიტრი და, თქვენი მტერია, პირი არავინ დააკარა.
მაშინ იყო, რომ ნესვმა ხმადაბლა უთხრა საზამთროს: იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო.
საზამთრომ კი ნესვს გადაუჩურჩულა: თავის ქება კიტრად ღირსო.